|
|
"რეზონანსი "
ირანის ისლამური რესპუბლიკა რევოლუციიდან გამარჯვების 29-ე წლისთავს ზეიმობს თეა ნადირაძე
13 თებერვალს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. "რევოლუციამდე ირანელი ხალხი 30 მილიონს შეადგენდა. ისინი სოციალურად დაუცველი იყვნენ და სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. ირანის შაჰი სხვა ქვეყნების მეთაურებთან მეგობრობდა და მათი მითითებების შესაბამისად მართავდა ქვეყანას. არ არსებობდა შიდა წარმოება, ქვეყანა დამოკიდებული იყო უცხოური ქვეყნის პროდუქტზე. "1979 წლის რევოლუციამ ძირეულად შეცვალა ხალხის ცხოვრების წესი. მოსახლეობის 99 პროცენტმა რეფერენდუმის შედეგად გამოავლინა თავის ნება გათავისუფლებულიყო შაჰის პოლიტიკის, სხვა ქვეყნების მხრიდან კონტროლის და მათი მითითებებით ცხოვრებისაგან. "თუ მანამდე იმპორტზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა უკვე ირანი თავად აწარმოებს ყველანაირ პროდუქტს. მეტიც, იმპორტზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 70 მილიონამდე და ჩვენს ქვეყანაში არ არის სოციალურად დაუცველი ფენა. "ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური კურსი ითვალისწინებს რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე მეზობლებსა და სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური, ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას. ამ კუთხით საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ბირთვული ენერგიის საკითხი დღეისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. იმ დროს, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას მიიჩნევს ყველა ერის უპირობო უფლებად, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს ბირთვული ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარ პრიორიტეტად გამოაცხადოს. "სწორედ ამის გამო, თეირანი გეგმავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებას. ირანის დადანაშაულება, ვითომ მალულად ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ხდება იმ დროს, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკის რელიგიური საფუძვლები ძირეულად ეწინააღმდეგება ისეთ ცნებებს, როგორიცაა მასობრივი მკვლელობა და გენოციდი", - აღნიშნავს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი მოჯთაბა დამირჩილუ. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ საქართველოში საელჩო ერთ-ერთმა პირველთაგანმა გახსნა, თუმცა ირან-საქართველოს ურთიერთობა ამ ბოლო წლებში უფრო გააქტიურდა. ჩატარდა არაერთი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ირანის პროდუქცია. გაიმართა ბიზნესფორუმები, სხვადასხვა შეხვედრები. "ჩვენ ხელს ვუწყობთ ირანელ და ქართველ ბიზნესმენებს საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში", - აღნიშნავს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ირანის რესპუბლიკის მთავარი მიზანია გაზარდოს სამრეწველი პოტენციალი და განავითაროს აგრარული სექტორი. ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს სპორტის განვითარებას, მათ ამ სფეროში საქართველოს მრავალი მოქალაქეც ჰყავთ მიწვეული და დასაქმებული, ყოველწლიურად იზრდება გამომცემლობების რაოდენობა, მოსახლეობისთვის გამოყოფილია სუბსიდიები. აღსანიშნავია ირანული ავტომობილის მწარმოებელი საწარმო, რომლის მიერ გამოშვებული მანქანების რაოდენობამ 2007 წელს მილიონ ხუთასი ათას ერთეულს მიაღწია. გასული წლის ბოლოს თბილისშიც გამოჩნდა ირანული წარმოების მანქანები, რომელიც ტაქსის მომსახურებას გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს გილანის უნივერსიტეტმა მაგალი თოდუას რედაქტორობით გამოსცა მოჰამად-ქაზემ იუსეფფურის მიერ სპარსულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი". ასევე 2000 წელს საიდ მულიანის ავტორობით გამოიცა "ქართველების ადგილი ირანის ისტორიაში, კულტურასა და ცივილიზაციაში". ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა ორგანომ გამოსცა "ირან-საქართველოს ისტორიულ-კულტურული ურთიერთგავლენა", "ათას ერთი ქართული ანდაზა" ქართულ-სპარსული ტექსტით 2002 წელს გამოიცა ირანში ჯემშიდ გიუნაშვილის რედაქტორობით, მთარგმნელები თეა შურღაია და ფარშიდ დელშადი. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ გამოცემების, რომელიც ირან-საქართველოს ურთიერთობის შედეგად იქმნება. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა ირანის რესპუბლიკის ეროვნული ფოლკლორის საღამო, ხოლო მიღებაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, ხელისუფლების წარმომადგენლები. პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მრავალშვილიან, მჭედლის ოჯახშია დაბადებული სემნანის პროვინციაში. იგი მოხვდა იმ 130 აბიტურიენტთა შორის, რომელთაც ირანის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რათა მოეპოვებინათ უფლება უკონკურსოდ ჩარიცხულიყვნენ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში. 1997 წელს მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი. იგი ირან-ერაყის ომის აქტიური მონაწილეა. დღეს იგი გამოირჩევა მოსახლეობასთან ძალიან ხშირი კომუნიკაციით, მისი გადაადგილების საშუალება ირანში წარმოებული "პეჟოს" მარკის მანქანაა და ცხოვრობს ჩვეულებრივ სახლში და არა პრეზიდენტის შესაფერის ან განკუთვნილ რეზიდენციაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი ირანის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს, სადაც მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |