"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

ოქრუაშვილის პარტიის ოფისთან პერმანენტული აქციები იწყება: "ის, რომ ხელისუფლება თითქოსდა ცდილობს პროცესები ქუჩიდან ოფისებში გადაიტანოს, ბლეფია... ჩვენი მოძრაობა ქუჩაში დატოვეს"

ნუცა ტრაპაიძე

გუშინ მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" წევრებსა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, გია ცაგარეიშვილს, კობა დავითაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატ ეკა ბესელიას პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაყადაღებულ პარტიის ოფისში შესვლის უფლება არ მისცა.

ათონელის ქუჩაზე მდებარე პარტიის ოფისთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფორმიანებმა განაცხადეს, რომ შენობას ყადაღა აქვს დადებული და სანამ ბრძანება ზემოდან არ მოუვათ, მანამდე ოფისში ვერავის შეუშვებენ. მოძრაობის წევრები კი აცხადებდნენ, რომ ყადაღა, რომელიც სასამართლომ მოძრაობის ოფისს დაადო, არ ითვალისწინებს ოფისში შესვლის და მუშაობის აკრძალვას.

ოფისის დაკავების უშედეგო მცდელობის შემდეგ მოძრაობის წევრებმა ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას დაახლოებით ასორმოცდაათი კაცი ესწრებოდა. ისინი თეთრი ყელსახვევებითა და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" დროშებით ხელში აპროტესტებდნენ პოლიციის ამგვარ საქციელს.

აქციის მსვლელობისას მოძრაობის ოფისის შენობასთან ორი "ჯიპის" მარკის ავტომობილითა და ორი მიკროავტობუსით სამხედრო ფორმებში ჩაცმული, კარგად შეიარაღებული სპეცრაზმი მოვიდა, დაახლოებით სამოცი კაცი. მათ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ და მოძრაობის ოფისში შევიდნენ, სადაც რამოდენიმე ყუთი შეიტანეს. მოძრაობის წევრების ვარაუდით, ყუთებში ტყვიები იყო მოთავსებული.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ხალხი სპეცრაზმს ტაშითა და შეძახილებით ხვდებოდა: "გვესროლეთ, დაგვარბიეთ, ჩვენ ხელცარიელები ვართ."

შემდეგ კი მოძრაობის წევრებმა სპეციალური განცხადებით სახალხო დამცველის აპარატში გადაინაცვლეს.

სახალხო დამცველის ოფისიდან დაბრუნებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ წერილობითი განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს. მათი თქმით, სოზარ სუბარმა დაადასტურა ის, რომ ხელისუფლებას ოფისის დალუქვის არავითარი საფუძველი არ გააჩნდა და არც იმისი უფლება ჰქონდა, ოფისში მეპატრონეები არ შეეშვა.

სახალხო დამცველი ოპოზიციის წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადების გაკეთებას დაჰპირდა.

სახალხო დამცველის ოფისიდან დაბრუნებულმა გია თორთლაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული კიდევ ერთი შენობაა.

"ის, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში მუდმივად გვეპატიჟება დიალოგზე და თითქოსდა ცდილობს პროცესები ქუჩიდან ოფისებში გადაიტანოს, არის ბლეფი. ეს არის ძალადობა, ხელისუფლება უკრძალავს შენობის მეპატრონეებს კერძო საკუთრებაში შესვლას მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ შენობაში მეპატრონეების შესვლა და მუშაობა აკრძალული არ არის.

"ცოტა ხნის წინ აქ ზუსტად ის სპეცრაზმი მოიყვანეს, რომელმაც დაარბია ჩვენი მოქალაქეები 7 ნოემბერს. ისინი კარგად არიან მომზადებული იმისთვის, რომ იქ შესვლის შემთხვევაში დაგვარბიონ. ჩვენი მოძრაობა ქუჩაში დატოვეს", - განაცხადა გია თორთლაძემ.

მისივე თქმით, მოძრაობა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს დაელოდება. სოზარ სუბარის რეკომენდაციები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. თორთლაძის თქმით, თუკი ხელისუფლება ამ რეკომენდაციებსაც არ გაითვალისწინებს, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

თორთლაძემ ხალხს, 15 თებერვალს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება.

ეკა ბესელიას განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში პროკურატურაში საჩივრის შეტანას აპირებენ.

"ეს არის კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აქტიურად უპირისპირდება ჩვენს პოლიტიკურ ძალას. ის მოქმედება, რომელსაც ახლა ეგრეთ წოდებული პოლიციელები სჩადიან, არის დანაშაულებრივი ქმედება, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს ვერანაირი იურიდიული დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე არიან ამ შენობაში. ჩვენ პროკურატურაში გავასაჩივრებთ მათ ქმედებას. შემდეგ მივმართავთ სასამართლოს, რათა ანაზღაურებული იქნას მატერიალური და მორალური ზარალი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აქციაზე კობა დავითაშვილმა სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს სახელით მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა თქმით, ასეთი სახის აქციები პერმანენტულად გაგრძელდება მანამდე, ვიდრე მოძრაობის წევრებს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com