"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

"ლეინმა ნაკრებს ხელი უკვე დაატყო": ლაშა მალაღურაძის აზრით პორტუგალიელებს ბურთი ნაკლებად უნდა დავუთმოთ და შეტევები არ გავანელოთ

მამუკა ნაცვალაძე

საქართველოს რაგბისტთა ეროვნულ ნაკრებში მართლაც რომ ნიჭიერი თაობა მოდის. რუმინეთთან მატჩმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა მათი შესაძლელობები. არადა, ეს ის გუნდია, ვისთანაც ჩვენს ნაკრებს გასაკუთრებულად რთული თამაშები დასჩემდა. ახალმა თაობამ პირველი სერიოზული განაცხადი თუნდაც იმით გააკეთა, რომ რუმინეთის ნაკრებს მანამდე არნახული სხვაობით - 15 ქულით მოუგო.

ერთ-ერთი მორაგბე, რომელიც "ბორჯღალოსნების" დამრიგებელმა თიმ ლეინმა გამოარჩია, 21 წლის ლაშა მალაღურაძეა. ოდესის "კრედო 63"-ის 10 ნომერი შესანიშნავად უძღვებოდა ჩვენი გუნდის შეტევებს.

ლაშა მალაღურაძე: უკრაინაში სამი წლის წინ წავედი. მაშინ ოდესის "კრედო 63"-ს წვრთნიდა გია ჭუმბურიძე. მან დამირეკა და მითხრა, რომ გუნდს 10 ნომერი სჭირდებოდა. მაინტერესებდა გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და ამიტომაც მივიღე ეს წინადადება. წინა წელს უკრაინის ჩემპიონები გავხდით.

ეროვნულ ნაკრებში სულ ორი თამაში ვითამაშე. ისე, 18 და 21 წლამდელ ნაკრებებში მაქვს ნათამაშევი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაში მაინც სულ სხვა განცდაა. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რომ გამოდიხარ, მართლაც ენით აუწერელი განცდაა.

"რ": ყველა აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ადაპტაციის თვალსაზრისით საუკეთესოდ მიდის საქმეები ეროვნულ ნაკრებში. შენ რას იტყვი.

ლ.მ.: რამდენიმე მორაგბეს გვქონდა დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. ისეთი ატმოსფერო შეგვიქმნეს გამოცდილმა მორაგბეებმა, ვერ ვგრძნობთ, რომ პირველად გამოვდივართ ასეთი მაღალ დონეზე. ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის, თავს არ ზოგავენ და გვეხმარებიან. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენი შესაძლელობები ვაჩვენეთ. თამაში წაგვივიდა და ამაში გამოცდილი მორაგბეები დაგვეხმარნენ.

ჩვენი ნაკრები საკმაოდ შეკრული გუნდია. რაგბი გუნდური თამაშია და აშკარაა, რომ ყველაფერი გუნდურ ინტერესებს არის დაქვემდებარებული. ვერ ვგრძნობთ ბიჭებისაგან იმას, რომ ჩვენ დებიუტანტები ვართ. ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგ მაგალითს გვაძლევენ. მეც მეცოდინება, თუ როგორ უნდა მოვიქცე ახალწვეულებთან, როცა ვეტერანის რანგში ვიქნები ეროვნულ ნაკრებში.

"რ": მოდი ნაკრების ბოლო ორ თამაშზე ვისაუბროთ. რის ხარჯზე მოვუგეთ პორტუგალიას და რუმინეთს.

ლ.მ.: პორტუგალიას შერკინებაში ვაჯობეთ და ამასთან, ბევრად გამოცდილი მოთამაშეები გვყავდა მოედანზე. ჩვენთანაც შეიცვალა თაობა, მაგრამ დარჩა ბირთვი, რომელსაც დიდი როლი აკისრია. სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი.

რუმინეთთან განსაკუთრებული მონდომება იგრძნობოდა. ორი კვირა გვქონდა მოსამზადებლად ამ თამაშისთვის, თანაც ისიც ცხადია, რომ თიმ ლეინმა თავისი ხელი დაატყო ნაკრებს. ამიტომაც იყო, რომ მანამდე ჯერარანახულ შედეგს მივაღწიეთ რუმინეთის ნაკრებთან და 15 ქულით დავამარცხეთ.

"რ": თიმ ლეინის უახლოესი ამოცანაა შერკინებისა და უკანა ხაზის თამაშის ბალანსირება. რამდენად ჩანს ამ მხრივ პროგრესი.

ლ.მ.: თიმ ლეინი სამმეოთხედელია. ის უფრო ამ რგოლის მოთამაშეებთან მუშაობს. ჩვენს ნაკრებს ყოველთვის კარგი შერკინება ჰყავდა და ასეა დღესაც. ბუნებრივია, თუკი ასეთივე სიძლიერით იქნება წარმოდგენილი გუნდში სხვა სათამაშო რგოლები, ამაზე უკეთესი არაფერი უნდა იყოს. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი მორაგბე, ვინც თიმთან მუშაობს, დიდ გამოცდილებას იღებს.

"რ": თიმ ლეინი საკმაოდ მოზომილი კაცი ჩანს და მიუხედავად ამისა, გამოგარჩია და განაცხადა, რომ ჩვენს ნაკრებს 10 ნომრის პრობლემა არ აქვს...

ლ.მ.: თიმის შეფასება ჩემთვის ძალიან სასიმოვნო იყო. მაგრამ ერთი წუთით არ მტოვებს იმის განცდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს ნაკრებში დასამტკიცებელი. ეს მისი მხრიდან გაკეთებული ავანსია, საჭიროა მეტი თავდადებით ვუპასუხო... როცა ადამიანი ნდობას გიცხადებს, ყველაფერი უნდა გაიღო იმისთვის, რომ ეს ნდობა გაამართლო.

"რ": პიროვნულად საკმაოდ წყნარი ჩანხარ...

ლ.მ.: საჭიროა აგრესია თავად თამაშისას გამოავლინო. ეს აგრესია კონკურენტული მიზნისკენ უნდა მიმართო. ამის შემდეგ იოლია გაავლო ზღვარი ჩხუბსა და აგრესიულ თამაშს შორის. ჩვენ ორივე თამაშისას ყველაფერი გამოგვდიოდა, ეს ჩვენი აგრესიული მოქმედებით იყო განპირობებული.

"რ": უკრაინის შიდა ჩემპიონატზე რას იტყვი.

ლ.მ.: ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს ჩემპიონატს უკრაინის ჩემპიონატი ბევრად აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებების შედარებაც კი არ შეიძლება. უკრაინის ყველა კლუბს აქვს სავარჯიშო და სათამაშო პირობები. მართალია, რაგბი უკრაინაში არ არის მაინცდამაინც პოპულარული, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც სპორტის ეს სახეობა აინტერესებთ და თავგადაკლულად გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდებს.

"რ": რამდენი ხანი გაქვს კიდევ "კრედოსთან" კონტრაქტი.

ლ.მ.: კიდევ ნახევარი წელი მაქვს კონტრაქტი. შემდეგ კი ვნახოთ. ალბათ საფრანგეთში, ანდა რუმინეთში წავალ - გააჩნია წინადადებას. მანამდე ნაკრების ოთხი მატჩია და ჩემი თავის წარმოჩინებისათვის შესანიშნავი შანსი მაქვს. ამ შანსის გამოყენებას ყველანაირად ვეცდები.

"რ": 23 თებერვალს ჩვენ განმეორებითი თამაში გველის პორტუგალიაში. როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს აქ ჩვენი ნაკრების კოზირი.

ლ.მ.: ჩვენი ძირითადი კოზირი პორტუგალიასთან ძველებურად შერკინება იქნება, მაგრამ შევეცდებით ამჯერად უფრო გავშალოთ თამაში, სანახაობრივად უფრო ლამაზი გამოვა გაშლილი თამაში. მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი. გაშლილი თამაში კარგი ამინდისას უფრო მეტადაა შესაძლებელი. საკმაოდ რთულია ერთი და იგივე გუნდის ორჯერ დამარცხება, რადგანაც მეტოქე უფრო მობილიზებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენს კოზირებს აუცილებლად გამოვიყენებთ. მთავარია, ბურთი ნაკლებად დავუთმოთ და შეტევები არ გავანელოთ. პორტუგალია უფრო გუნდურ თამაშს თამაშობს და ჩვენი მიზანი სწორედ მათი გუნდური ერთსულოვნების მოშლა იქნება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com