|
|
"რეზონანსი "
ქომაგთა ლიგა რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს: "აუცილებელია რიგგარეშე ყრილობა, საპრეზიდენტო არჩევნები, კონტრაქტები უნდა შეუჩერდეთ უცხოელ მწვრთნელებს" მარი მგალობლიშვილი
დღეს 18 წელი შესრულდა ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. 1990 წლის 15 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი შეკრიბა და გამართულ ყრილობაზე საქართველოს დამოუკიდებელი ფედერაციის ჩამოყალიბება და ეროვნული ჩემპიონატის გამართვა გადაწყვიტეს. ყრილობაზე მყოფი 480 დელეგატიდან 469-ამ ხმა მისცა საქართველოში ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარებას. გუშინ ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ ის გულშემატკივრები, რომლებმაც 18 წლის წინ, სწორედ ამ დარბაზში მიაღწიეს ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობას. გუშინვე ქომაგთა ლიგის პრეზიდენტმა ზურაბ პეტრიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო რეზულუცია, რომელიც ეხება დღევანდელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და ყველა ასაკის ნაკრებების მწვრთნელებს. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ქალთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც თავიანთი გულისტკივილი გამოთქვეს. როგორც ფეხბურთელები ამბობენ, მათ არანაირი დაფინანსება არ აქვთ ფედერიციიდან და იძულებულნი არიან იპოდრომზე ივარჯიშონ. ეს კონფერენცია წესით დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ქომაგთა ლიგის პრეზიდენტმა ზურაბ პეტრიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, დღეს ოპოზიცია მიტინგების ჩატარებას გეგმავს და არ სურს მიტინგების ფონზე ასეთი საზეიმო ღონისძიების გამართვა. ზურაბ პეტრიაშვილი (საქართველოს ქომაგთა ლიგის პრეზიდენტი): ყველას მოგეხსენებათ, რომ 15 თებერვალი არის ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის დღე. რადგანაც ამ დღეს ოპოზიცია მიტინგებს აპირებს - არ გვინდოდა კონფერენცია ჩატარებულიყო მიტინგის ფონზე. ამიტომ მოგვიწია 14 თებერვლისთვის გადმოტანა. რაც შეეხება კონფერენციას, ეს არის ერთდროულად დამოუკიდებლობის მე-18 წლისთავისთვის მიძღვნილი საღამო. პარალელურად ყველამ იცის, რომ ქართულ ფეხბურთში ნორმალური მდგომარეობა არ არის და გვსურს ეს პრობლემები გაითავისოს ყველამ. სრული წარუმატებლობა გვაქვს სახეზე - ქართულ ფეხბურთს არც ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, ამავე დროს აბსოლუტურად გაუმართლებელია უცხოელი მწვრთნელების მოღვაწეობა. მათ ჩვენ ვერ დაგვანახეს თავიანთი შესაძლებლობები. წარმატება ვერ მოუტანეს ქართულ ფეხბურთს. ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზე გასვლა არის სავალალო შედეგი, ამას ჩვენი სპიციალისტებიც მიაღწევდნენ. ტოპმიოლერის მოღვაწეობას შენება დაერქვა, თუმცა რას აშენებს ის ქართველმა გულშემატკივარმა ვერ გაიგო. შენება არ ჩანს, ფარერის კუნძულებს მოვუგებდით უმწვრთნელოდაც. დიდი მიხვედრა არ უნდა ამას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. პირველ რიგში ჩვენს რეზულუციაში იქნება ნათქვამი, სწორედ ის, რომ აუცილებელია რიგგარეშე ყრილობა, საპრეზიდენტო არჩევნები, ასევე კონტრაქტები უნდა შეუჩერდეთ უცხოელ მწვრთნელებს. ანა ნიკოლაშვილი(ქალთა ნაკრების კაპიტანი): ქალთა ფეხბურთში კრიტიკული სიტუაციაა. გვინდა, რომ რაღაცით დაგვეხმარონ. ელემენტარულად პირობები არ გვაქვს - მოედანი არ გაგვაჩნია, საერთოდ ჰაერში ვართ. ჩვენი დიდი პრობლემა არის დაუფინანსებლობა. ფედერაციიიდან დაპირებები კი არის, მაგრამ შედეგი არ ჩანს. 27 აპრილს მივემგზავრებით ბაქოში, სადაც უეფას ეგიდით ტარდება ტურნირი და იქ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა ჩვენი იქ გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |