|
|
"რეზონანსი "
ქართული ფეხბურთის ქომაგთა კონფერენციის რეზოლუცია
ქართული ფეხბურთის ქომაგები ქართულ ფეხბურთში შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ როგორც კრიზისულს. თვალსა და ხელს შუა ქრება ის დიდი ავტორიტეტი, რომელიც ათეულობით წლების მანძილზე მოიპოვეს ჩვენი ფეხბურთის სხვადასხვა თაობებმა. ჩვენი ფეხბურთისთვის ამ მძიმე პერიოდში დუმილი და გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია. ჩვენს ფეხბურთს კრიზისიდან ვერ გამოიყვანს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, მათ ამისთვის არც პროფესიონალიზმი გააჩნიათ და არც ნება. საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებამ და მთელმა ერმა კარგად იცის, რომ 2007 წლის 13 მაისის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბატონ ნოდარ ახალკაცს და მის სამოქმედო პროგრამას მხარი არ დაუჭირა ქართულმა საფეხბურთო ოჯახმა. სრულ უნდობლობას უცხადებს ჩვენი საფეხბურთო სამყარო იმ უცხოელ მწვრთნელებსაც, რომელთაც ჩააბარა საქართველოს ნაკრებები ფეხბურთის ფედერაციამ. ჩვენი ღრმა რწმენით ქართული ფეხბურთის წინაშე მდგომი რთული ამოცანების გადაჭრა შეუძლიათ მხოლოდ საფეხბურთო პრობლემების კარგად მცოდნე, ქვეყნის პატრიოტ, თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციებში გარკვეულ, მტკიცე, ურყევი ნების მქონე პროფესიონალებს, ქართული საფეხბურთო სამყაროს ჭეშმარიტ რჩეულთ. ქართული ფეხბურთის ქომაგთა კონფერენცია ახმოვანებს სრულიად საქართველოს ფეხბურთის მოყვარულთა ნებას, დაუყოვნებლივ შეუწყდეთ კონტრაქტები საქართველოს ნაკრებებში წარუმატებლად მომუშავე უცხოელ მწვრთნელებს, ასევე დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელზეც იქნება არჩეული სრული ლეგიტიმურობის მქონე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ძალების სრული კონსოლიდაციით მოახერხებს ჩვენი ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანას.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |