|
|
"რეზონანსი "
არააკრედიტებული სასწავლებლის სტუდენტები ერთ წელს კარგავენ: "სამწუხაროა, რომ სწავლის თანხა დაეკარგათ და თავიდან მოუწევთ გადახდა, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოდის", - ამბობენ სტუ-ში მარი ოთარაშვილი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის პროგრამით გადასული სტუდენტების უმეტესობა ერთით დაბალ კურსზე ჩაირიცხა. აქედან გამომდინარე, მათ, გარდა იმისა, რომ ერთი წელი გაუცდებათ, სწავლის საფასურის გადახდა, რომელიც წინა საფეხურზე სწავლისას გადაიხადეს, თავიდან მოუწევთ. სტუ-ში აცხადებენ, რომ სხვადასხვა არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გავლილი არ ჰქონდათ საჭირო საფაკულტეტო საგნები. სწორედ ამიტომ სტუ-ში სხვა უმაღლესი სასწვლებლებიდან გადასულ სტუდენტებს არგავლილი საგნების გავლა მოუწევთ. შპს "თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ აჭარას" სტუდენტი: "მას შემდეგ, რაც ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი აკრედიტაციის გარეშე დარჩა, მისი დამთავრების შემდეგ რა ტიპის დიპლომების მფლობელები გავხდებოდით, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა. ეჭვი გაამყარა იმანაც, რომ წელს, სასწავლო წლის დაწყებისას, სასწავლებლის დირექტორმა სტუდენტები გაგვაფრთხილა, რომ რაც შეიძლება მალე გადავსულიყავით აკრედიტებულ სასწავლებელში, რათა არააკრედიტებული სასწავლებლის დამთავრების შემთხევაში გამოუსადეგარი დიპლომი არ შეგვრჩენოდა ხელში. "ასეც მოვიქეცით. სრუდენტთა მობილობის პროგრამით განაცხადი შევიტანეთ ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე ვიყავი და შესაბამისად, სტუ-შიც სწავლის გაგრძელება ამ მიმართულებით მინდოდა. ჩემი ფაკულტეტის შესაბამისი კი სტუ-ში ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი აღმოჩნდა. "დამსვეს მეორე კურსზე. ანუ, გარდა იმისა, რომ ერთი წელი დამეკარგა, ვკარგავ იმ თანხასაც, რაც უკვე გადახდილი მაქვს. როგორც სტუ-ში მითხრეს, საგნების კრედიტები არ მაქვს საკმარისად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული რიგი საგნებისა, რაც თურმე სტუ-ში ისწავლება, მე არ გამივლია. კი, მაგრამ, თუ მართლაც ეს ასეა, რა ჩემი ბრალია, მე რატომ უნდა დავიჩაგრო იმისთვის, რომ ჩემს სასწავლებელში, სადაც ვსწავლობდი, ის საგნები ვერ გავიარე.!" შპს "გაენათის" სტუდენტი: "ასეთები ჩვენი უმაღლესი სასწავლებლიდან დაახლოებით 100-მდე მაინც ვიქნებით. სტუ-ის დეკანატში ამაზე ვისაუბრეთ კიდეც. თანხაზეც ველაპარაკეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვალა: გავლილი კურსისას ისევ თავიდან გადავიხდით. ალბათ, როცა ჩავირიცხებით იმ საგნების სწავლა (შემდეგ კი გამოცდის ჩაბარება) მოგვიწევს, რომლებიც ჩვენს სასწავლებელში არ გავიარეთ". "რეზონანსი" აღნიშნულის გასარკვევად სტუ-ის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურს დაუკავშირდა. "საქმე ისაა, რომ ძალიან ბევრ სასწავლებელში არ ისწავლებოდა ის საჭირო საგნები, რომლებიც ამა თუ იმ ფაკულტეტისთვის აუცილებელი იყო. აქედან გამომდინარე, ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადმოსვლისას უნდა ჩააბაროს ის განსხვავებული საგნები, რომლებიც მას არ უსწავლია. "ვთქვათ, ჩვენთან გადმოსულს ამა თუ იმ ფაკულტეტზე დახვდა 12 საგანი, თვითონ კი გავლილი აქვს 4 საგანი, ამდენ საგანს, თუ არ აქვს სტუდენტს ნასწავლი, მოკლე დროში ვერ მოამზადებს. შეუძლებელია სტუდენტმა 8-10 საგანი 1-2 კვირაში ისე მოამზადოს, რომ მიიღოს 51 ქულა. "ადრე ხდებოდა ერთ დღეში 3 გამოცდის ჩაბარება, რაც ძალიან სასაცილო იყო. სწორედ დამაკმაყოფილებელი ქულების მისაღებად ხდებოდა გარკვეული კორუფციული გარიგებები: ზოგი ნიშნისთვის ფულს იხდიდა, ზოგი კი ნათესავს აწუხებდა. ამგვარი კორუფციული გარიგებები რომ არ მომხდარიყო, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან გადმოსულ სტუდენტებს საშუალება მისცა, არგავლილი საგნები ახლა გაიარონ. "მათ აქ გადმოსვლამდე იცოდნენ, რომ ერთი საფეხურით დაბლა მოუწევდათ სწავლა. სამწუხაროა, რომ სწავლის თანხა დაეკარგათ და თავიდან მოუწევთ გადახდა, მაგრამ სხვანაირად ვერ გამოდის. ვისაც არ უნდა სარდაფის მსგავსი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, კეთილი ინებოს და რაც არ უსწავლია, ის საგნები გაიაროს. ამაში ცუდი არაფერია", - აცხადებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |