|
|
"რეზონანსი "
25 წლის გია ქიტიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მაკა ქობალია
340 ცხვრის გატაცებისთვისა და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 წლის გია ქიტიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქიტიაშვილს პოლიცია გურჯაანის რაიონისკენ მიმავალ გზაზე დაეწია. თუმცა იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და 25 დღის შემდეგ დააკავეს. 19 წლის შოთა ძამუკაშვილს კი (რომელიც ქიტიაშვილთან ერთად მონაწილეობდა ერთ-ერთ თავდასხმაში) გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი (9 წელი) გაუუქმა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის 5 წლით თავისუფლების აღვეთა განუსაზღვრა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2006 წლის 6 ოქტომბერს გია ქიტიაშვილი დაუკავშირდა შოთა ძამუკაშვილს და გამოძიებით დაუდგენელ პიროვნებას, რა დროსაც განიზრახეს ყვარლის რაიონის სოფელ სავანეთში მცხოვრებ სიმონ ყრუაშვილზე ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმა ამ უკანასკნელის ქონების დაუფლების მიზნით. დილის საათებში გია ქიტიაშვილი და შოთა ძამუკაშვილი დაუდგენელ პირთან ერთად სიმონ ყრუაშვილის ბინაში მივიდნენ. ქიტიაშვილი შევიდა საცხოვრებელი ბინის პირველ სართულზე, რადგან იქ ყრუაშვილის მეუღლე იმყოფებოდა, ხოლო შოთა ძამუკაშვილი და მასთან მყოფი პიროვნება ეზოში უცდიდნენ ყრუაშვილს, ვინაიდან იცოდნენ, რომ მეზობლად იყო გასული. ყრუაშვილი ეზოში მალე დაბრუნდა, რა დროსაც ჩასაფრებულებმა ყრუაშვილი ცემეს. შემდეგ ქიტიაშვილმა და გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირმა ყრუაშვილი პირველ სართულზე შეათრიეს, მისთვის ხელ-ფეხის შეკვრისა და ქონების მოთხოვნის მიზნით, მაგრამ შეამჩნიეს, რომ ამ დროისათვის სიმონ ყრუაშვილის ქალიშვილმა, ელისაბედ ყრუაშვილმა ქიტიაშვილი ჯერ იცნო, შემდეგ კი ბინიდან გაპარვა შეძლო. მათ შეეშინდათ გოგონას პოლიცია არ გამოეძახებინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ 2006 წლის 29 ნოემბერს ქიტიაშვილი გამოძიებით დაუდგენელ პირს ისევ დაუკავშირდა და განიზრახეს მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ზაურ ცირიკაშვილის და მურთაზ სეფაშვილის კუთვნილ ცხვრის ფერმაზე ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმა. დაახლოებით საღამოს ათის ნახევარზე ქიტიაშვილი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ფერმასთან ფეხით მივიდა. სამწყემსო ოთახში ჩაძინებული ზაურ ცირიკაშვილი რამოდენიმე შეძახილით გააღვიძა და საუბარი გაუბა. დარწმუნდა, რომ ცირიკაშვილი მარტო იყო და იარაღი კისერში მიაბჯინა, სამწყემსო ოთახში შეიყვანა, სკოჩის ლენტით ხელები და ფეხები შეუკრა, აგრეთვე შემოახვია პირზე და თვალებზე და შენობის კარები გარედან ჩარაზა. შემდეგ ფარეხიდან გამორეკეს 340 სული ცხვარი, თითო ღირებული 100 ლარად და 26 000 ლარად შეფასებული ცხვრის ფარა ფეხით გაიტაცა გურჯაანის რაიონის მიმართულებით. ზაურ ცირიკაშვილის ჩვენებით, რამოდენიმე საათის წვალების შემდეგ მან გაიხსნა ხელები, გარეთ გამოვიდა და ნახა, რომ ცხვარი გარეკილი იყო. მივიდა მოშორებით მდებარე ფერმაში და მომხდარის შესახებ ტელეფონით შეატყობინეს პოლიციას. 2006 წლის 30 ნოემბერს კვალზე გაყოლილი ყვარლის პოლიციის თანამშრომლები გამტაცებლებს გურჯაანის რაიონ სოფელ ვეჯინის ბოლოს წამოეწივნენ. თუმცა, ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ქიტიაშვილის ადვოკატის განმარტებით, მსჯავრდებული წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში უდანაშაულოა. მისი განცხადებით, ყრუაშვილის სახლში მხოლოდ მის საცემად მივიდა და არა საყაჩაღოდ. საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ელენე ყრუაშვილმა და თამარ ბურნაძემაც აჩვენეს, რომ ქიტიაშვილს მათთვის არაფერი მოუთხოვია. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ ქიტიაშვილს ცხვრის ფარაზე ყაჩაღური თავდასხმაც არ ჩაუდენია. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2007 წლის 14 აგვისტოს სს კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 "ა" და "ბ" და მე-3 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" პუნქტებით დასდო ბრალი გია ქიტიაშვილს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ძამუკაშვილი კი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი ქიტიაშვილისა და ძამუკაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ძამუკაშვილის ადვოკატის მევლუდ ჯანჯღავას თქმით, "ძამუკაშვილს გამოძიებამ არასწორად წარუდგინა ბრალი, რომელიც გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია". სააპელაციო სასამართლომ განიხილა საქმე და ჩათვალა, რომ გია ქიტიაშვილისა და დაუდგენელი პირის მიერ მიმართ ჩადენილი დანაშაული ყაჩაღობის ეპიზოდში დასაბუთებული და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობას (მაია ივანიძე, ლია ორკოდაშვილი, მანანა ჩოხელი) მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ქიტიაშვილისა და ძამუკაშვილის მიერ ყრუაშვილზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. ვინაიდან ყრუაშვილის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებით თავდასხმელები ოჯახის უფროსს მხოლოდ სცემდნენ და არცერთი მათგანისათვის არაფერი მოუთხოვიათ. ყრუაშვილზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლომ ბრალდების პოზიცია არ გაიზიარა. საბოლოოდ აპელაციის შედეგად ქიტიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს. ხოლო, ძამუკაშვილი ყაჩაღობის ნაწილში გამართლდა და სს კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ძამუკაშვილის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა განაჩენით კმაყოფილია. თუმცა, აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას კიდევ აპირებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |