"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

ეს არ არის ოცნება, ეს რეალობაა..."საფრანგეთის ბიზნესსაბჭო - საქართველო" ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობით შეიქმნა

ნინო ალექსიძე

ეს არ არის ოცნება, არც პროექტი - ეს რეალობაა, რომელიც გუშინ შეიქმნა, - რეალობა "საფრანგეთის ბიზნესსაბჭო - საქართველოა". ბანკ "რესპუბლიკას" მიერ დაფუძნებული, ამ ეტაპზე 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, ჩვენი ქვეყნისათვის ღია საბაზრო სისტემის უზრუნველსაყოფად, საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ბიზნეს-ურთიერთობების ხელშეწყობად შეიქმნა. მისი მიზნებია საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, გაძლიერება და განვითარება.

კომერციული და საინვესტიციო ურთიერთობის განვითარების მიზნით, "საფრანგეთის ბიზნესსაბჭო - საქართველოს" ფარგლებში ჩამოყალიბდება და განვითარდება ურთიერთკავშირი ბიზნესსაწარმოებსა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატებთან. საბჭოს დაფუძნებას ხელი შეუწყვეს, როგორც სამთავრობო უწყებებმა, ასევე კერძო სექტორმა და საფრანგეთის საელჩომ საქართველოში.

საბჭო დაეხმარება ბიზნესის წარმოებაში დაინტერესებულ ყველა კომპანიას. ამასთანვე, შეამდგომლობას გაუწევს პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიებაში. ყურადღება გამახვილდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც დღეისათვის საქართველოში არცთუ კარგადაა განვითარებული.

საქართველოში საფრანგეთის ბიზნესსაბჭოს გახსნის ცერემონია გუშინ, ბანკ "რესპუბლიკას" სათავო ოფისში გაიმართა. ბანკ "რესპულიკასთან" ერთად საბჭოს დამფუძნებლები არიან შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია, შპს "კასტელი - საქართველო", "ქართული მინისა და მინერალური წყლების კომპანია", შპს "ჯორჯიან ფროფერთიზ", კომპანია "სენ-მიშელი", "აგრიტექნიქს ჰოლდინგი", საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მერტ და მოზელის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

გუშინვე, საბჭოს საერთო კრებამ დაასახელა საბჭოს პრეზიდენტი. დელეგატთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანამდებობა ბანკ "რესპუბლიკას" გენერალურმა დირექტორმა, ჟილბერ იმ დაიკავა. საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად, კომპანია "სენ-მიშელის" წარმომადგენელი, ანტუან ბარდონი დაასახელა. მეორე ვიცე-პრეზიდენტი კი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის წარმომადგენელი, სედრიკ რეტაიო გახდა. ამასთანვე, საბჭოს წევრებმა გენერალურ დირექტორად, ბანკი "რესპუბლიკას" წარმომადგენელი თეიკო კანდელაკი დაასახელეს. "საფრანგეთის ბიზნესსაბჭო" საქართველოში, ჯერჯერობით ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისში განთავსდება.

საბჭოს წევრებმა ჩამოაყალიბეს ის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას, ამასთანავე საფრანგეთსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო ბიზნესთანამშრომლობას. ბიზნესსაბჭო იქნება მრჩეველი, როგორც ფრანგი ბიზნესმენებისათვის, ასევე ქართველებისათვის. საბჭოს საშუალებით ყველა სახის ინფორმაცია მიეწოდება მათ, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის წარმოებით.

საფრანგეთის ბიზნესსაბჭო ითანამშრომლებს, როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის ბიზნეს-ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით საქართველოში. ასევე საქართველოს სავაჭრო პალატასთან, რომელიც ბიზნესსაბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. საგულისხმოა, რომ საქართველოს წარმომადგენლებისათვის პარტნიორების მოძიების საკითხში, საბჭოს თანამშრომლობას გაუწევს და ხელს შეუწყობს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტის, ჟილბერ ის განცხადებით, საბჭოში იქნებიან მუდმივი თანამშრომლები, რომლებიც დაინიშნებიან საფრანგეთის სავაჭრო პალატის მიერ. ისინი სრულფასოვან კონსულტაციებს გაუწევენ საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებულ პირებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოში არიან კვალიფიციური თანამშრომლები. ისინი აუცილებლად წავლენ და ადგილზე გაეცნობიან საფრანგეთის სავაჭრო პალატის მუშაობას. საფრანგეთის პრაქტიკის გაზიარება საქართველოში ბიზნესის წარმოებას კიდევ უფრო დაეხმარება. ეს არის ინიციატივა, რომელიც არსებობს სამთავრობო და კერძო სექტორს შორის. მხარს გვიჭერს საფრანგეთის საელჩო. დიდ მადლობას ვუხდი საფრანგეთის ელჩს საქართველოში.

ასე რომ საფრანგეთის ბიზნესსაბჭო საქართველოში აღარ არის ოცნება, არც პროექტი - ეს რეალობაა, რომელიც ახლახანს შევქმენით. გვაქვს იმედი, რომ საბჭო წაახალისებს ურთიერთობას საფრანგეთსა და საქართველოს შორის, განავითარებს მყარ ეკონომიკას", - განაცხადა ჟილბერ იმ.

საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო საქართველოში უპრეცედენტოა. საგულისხმოა, რომ საბჭოში გაერთიანებული დელეგატები, ბიზნესმენები თუ სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, საბჭოს დამფუძნებელი ბანკი "რესპუბლიკა", ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვა მოხდება. რეალურად იქნება შესაძლებელი ფრანგული ინვესტიციების ჩვენს ქვეყანაში მოზიდვისა.

დღეისათვის, საფრანგეთი, თავისი ბიზნესით არც ისე ფართოდაა წარმოდგენილი საქართველოში. ამ დროისათვის სულ 15-20 კომპანია მუშაობს ჩვენს ქვეყანაში. საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ საბჭოს საშუალებით, დაინტერესებული პირები უკეთ გაეცნობიან საქართველოში არსებულ ვითარებას და ბიზნესის წარმოებას უფრო მეტი დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭო რამდენიმე საათია რაც არსებობს და მუშაობა ფართო მასშტაბებით არ დაუწყია, მისი წარმატების პირველი მაგალითები უკვე გამოჩნდა: გაიხსნა ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთში. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებითაა დაინტერესებული ფრანგული სპორტული კომპანია. უახლოეს ხანებში რუსთაველის გამზირზე გაიხსნება "კარტიეს" ფირმის, სამკაულების მაღაზია.

საფრანგეთის ბიზნესსაბჭოს მეორე ვიცე-პრეზიდენტი, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის წარმომადგენელი სედრიკ რეტაიო ამბობს, რომ იგი მზადაა მისი 15-წლიანი გამოცდილება საქართველოს ბაზარზე, დაინტერესებულ ქართველ თუ ფრანგ ბიზნესმენებს გაუზიაროს.

"ჩვენი კომპანიის მიზანი ამ საბჭოში არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და საფრანგეთს შორის. 15 წელია, რაც საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში არაერთი ფრანგი დამკავშირებია, რომელსაც აინტერესებდა თუ როგორ ვითარდება ბიზნესი თქვენს ქვეყანაში. რეალურად, დღემდე არ არსებობდა კონსულტანტი, რომელიც ბიზნესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაინტერესებულ პირებს რეგულარულად გასცემდა პასუხს. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ნებისმიერ ახალ ფირმას გამოცდილება და გავაფართოვოთ ბიზნესურთიერთობები", - აცხადებს რეტაიო.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com