|
|
"რეზონანსი "
"იმედის" მფლობელის ვინაობა 18-20 თებერვალს სტამბულში გაირკვევა: შალვა შავგულიძის ინფორმაციით, პატარკაციშვილის ანდერძი მის ბრიტანელ ადვოკატებს აქვთ გიორგი ფუტკარაძე
ტელეკომპანია "იმედი" კვლავაც ტრანსნაციონალურ კორპორაცია "ნიუსკორპს" გადაეცემა. მოლაპარაკებები, რომელიც ბადრი პატარკაციშვილსა და "ნიუსკორპორაციას" შორის მიმდინარეობდა დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა პატარკაციშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ დროებით, ჩიხში მოაქცია. მაგრამ, 18-20 თებერვალს აღნიშნული მოპალარაკებების ბოლო რაუნდი თურქეთში გაიმართება. "ნიუსკორპორაცია-ევროპის" ხელმძღვანელობა და მათ შორის რუპერტ მერდოკის ვაჟი სტამბულში ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა ამ მდგომარეობაში ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვის თარიღი გახდეს. რაც შეეხება მისი ანდერძის დეტალებს, ეს ფაქტი ჯერაც საიდუმლოდ რჩება, თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ვერც აღნიშნული დოკუმენტი იქონიებს რაიმე გავლენას "იმედის" გაყიდვაზე. როგორც "ტელეიმედისა" და ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთი ადვოკატი საქართევლოში სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს, მოლაპარაკების ყველა დეტალი უკვე დაზუსტებული იყო და მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებაღა რჩებოდა. "საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება, "ნიუსკორპსა" და "იმედის" ხელმძღვანელობას შორის. თითქმის ბოლომდე იყო შეთანხმებული ხელშეკრულების დეტალები, თუმცა კონტრაქტი გაფორმებული არ არის", - აღნიშნავს სოსო ბარათაშვილი. მისი თქმით, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი კომპანია "ი-მედიაა" და არხის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას, სწორედ აღნიშნული კომპანია მიიღებს. "ტელეარხი სააქციო საზოგადოება "ი-მედიას" ეკუთვნის. როგორ მოხდება წილის გადაფორმება ჯერ ცნობილი არ არის", - აღნიშნავს სოსო ბარათაშვილი, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება პატარკაციშვილის ანდერძის შინაარსი, ეს არხის შესაძლო გასხვისებას ხელს არ შეუშლის, რადგან პატარკაციშვილი აღნიშნული კომპანიის აქციათა პაკეტს არ ფლობდა და კომპანიის დამფუძნებლები კომპანია "უნივერსალი" და "ოქზ ჯგუფი" არიან. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, "იმედის" ყადაღა ამ ეტაპზე ძალაში რჩება, თუმცა იმის გამო, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა, პროკურატურას ტელეკომპანიის დაყადაღების სამართლებრივი საფუძველი უკვე აღარ აქვს. "ანდერძის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ეს ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ აღმოჩნდება, რადგან "იმედი" კომპანია "ი-მედიას" ეკუთვნის და აღნიშნულ კომპანიაში პატარკაციშვილს წილი არ ჰქონდა", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა. მისი თქმით, რაც შეეხება ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ამას აღარ განიხილავს. "იმედის" და პატარკაციშვილის ინტერესების კიდევ ერთი დამცველი შალვა შავგულიძე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას ნამდვილად ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო თუ არა სამართლებრივი დოკუმენტი გაფორმებული, ამაზე ინფორმაცია არ აქვს. "სამართლებრივი თვალსაზრისით ცვლილებები არ განხორციელებულა და "ი-მედია" კვლავ ფლობს 100%-ს. შესაძლოა არსებობდეს რაიმე წინარე ხელშეკრულება, თუმცა მე ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნავს შავგულიძე და აცხადებს, რომ პატარკაციშვილი ტელეკომპანია "იმედის" არაპირდაპირი მფლობელია იყო, რადგან "ი-მედიას" დამფუძნებელი ორი კომპანიიდან ერთ-ერთში იგი მხოლოდ 15%-ს ფლობდა. "იმედის" ყადაღის ფაქტორი არის სწორედ აქედან გამოწვეული. ვინ გააგრძელებს მოლაპარაკებას და ვინ არიან "იმედის" მმართველ საბჭოში, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ", - აღნიშნავს შავგულიძე და აცხადებს, რომ მას დაუზუსტებელი ინფორმაცია აქვს პატარკაციშვილის ანდერძზეც და ის სავარაუდოდ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბრიტანელ ადვოკატს აქვს. "რაც შეეხება ანდერძს, ანდერძი არსებობს, მაგრამ ამაზე ზუსტად არაფერი ვიცი. სავარაუდოდ მის ბრიტანელ იურისტს უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამ ანდერძის შინაარსი პირდაპირი გავლენას ვერ მოახდენს "იმედზე", - აღნიშნავს შავგულიძე. მისი თქმით, თუ პატარკაციშვილის ანდერძი არ აღმოჩნდა, 6 მილიარდ ფუნტად შეფასებული ქონების მემკვიდრე მისი მეუღლე აღმოჩნდება. ამასთან, შავგულიძის თქმით, "იმედისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება. "იმედის" გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა და 18 თებერვალს "ნიუსკორპ ევროპის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იგეგმება. "18-20 თებერვალს, თუ რაიმე არ შეიცვალა, ძირითადად დაკრძალვის თარიღს ვგულისხმობ, "ნიუსკორპ ევროპას" ხელმძღვანელობასთან იქნება შეხვედრა სტამბულში, სადაც სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი. მოლაპარაკების საწარმოებლად მერდოკის ვაჟი უნდა ჩამოვიდეს", - აღნიშნა ბიძინა ბარათაშვილმა. მისივე თქმით, თუ ვისი სახელით გაგრძელდება მოლაპარაკებები, უცნობია. თუმცა, აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან, როგორც ქართველი, ისე ამერიკელი იურისტები. როგორც ბარათაშვილი აცხადებს, მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ანდერძზე და მისი არსებობის შესახებაც არაფერი იცის. რაც შეეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პოზიციას, როგორც მისი წარმომადგენელი კახი ყურაშვილი აცხადებს, "იმედის" საკითხზე ზეპირი მოსმენა კვლავ გაიმართება, თუმცა ლიცენზიის ჩამორთმევა-არჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ იქნება, მაგრამ "იმედის" ადვოკატებს პატარკაციშვილის გარადაცვალების საბუთის წარმოდგენა მოუწევთ. "თუ ლიცენზიის მფლობელი "იმედი" წარმოადგენს რაიმე საბუთს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება, მაშინ წარმოება შეწყდება. თუმცა, ეს საკითხი პარასკევს განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. რაც შეეხება 90-დღიან ვადას, "იმედი" მაუწყებლობს, რადგან "რადიო იმედი" ჩართულია ამ სიხშირეზე და ეს ცალკე უნდა განვიხილოთ, რა ითვლება მაუწყებლობის შეწყვეტად, როცა გამოსახულება და ხმა არ არის, თუ როცა მხოლოდ გამოსახულება არაა. ეს მარტივი საკითხი არ არის", - აღნიშნავს ყურაშვილი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |