|
|
"რეზონანსი "
პუტინს პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა სააკაშვილთან ექნება: სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ "პუტინი სასტარტო მოედანს გაუწმენდს მედვედევს" ია აბულაშვილი
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვში დსთ-ს არაფორმალური სამიტი გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტის ფარგლებში მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ მან მოსკოვში პრეზიდენტის რანგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "თუ სააკაშვილი მიიღებს ჩვენს მიწვევას და 22 თებერვალს მოსკოვში ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა ერთმანეთს შევხვდებით", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ დსთ-ს ფარგლებში გამართულ ყველა ფორუმზე ხელსაყრელ მომენტში ისინი ერთმანეთ ხვდებოდნენ და არასდროს გვერდს არ უვლიდნენ საკმაოდ მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების განხილვას. "ასე იქნება ამჯერადაც", - ირწმუნება პუტინი. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ ფაქტს სააკაშვილისათვის ძალზედ ხელსაყრელ მომენტად მიიჩნევს, ვინაიდან, მისი თქმით, შეხვედრის თაობაზე მიღწეული პრინციპული თანხმობები იმაზე მეტყველებს, რომ პუტინის დღის წესრიგში უკვე გამოყოფილია დრო სააკაშვილთან შეხვედრისათვის. "სააკაშვილი სამიტებს ადრეც ესწრებოდა, მაგრამ კონფიდენციალური შეხვედრა მათ შორის არ იგეგმებოდა. ახლა, როგორც ჩანს, სპეციალური დროა გამოყოფილი", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცინცაძე. "რეზონანსი": რით ახსნით იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ინიციატივა მოსკოვიდან წამოვიდა. სოსო ცინცაძე: რამდენიმე ფაქტორია. მთავარი ის გახლავთ, რომ რუსეთი მიხვდა, რომ საქართველოსთან ასეთი ურთიერთობა, ასეთ მდგომარეობაში, როგორც დღეს არის, არანორმალურია. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სააკაშვილი 5 წლით რჩება პრეზიდენტად, შეხვედრის გაჭიმვა მიზანშეწონილი არ იყო, თანაც, 2 მარტს რუსეთში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. ჩვეულებრივ ვითარებაში, იგივე ამერიკაში ანდა ევროპაში, როდესაც ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე ხელზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება, წარმავალ პრეზიდენტთან შეხვედრას და რაიმე შეთანხმებას აზრი არ აქვს. რუსეთში კი უნიკალური მდგომარეობაა. მედვედევი უახლოეს ორ-სამ თვეს კორექტივების გარეშე გააგრძელებს პუტინის კურსს, თანაც პუტინი არ მიდის დიდი პოლიტიკიდან, ამიტომ ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. პუტინს არ უნდა, რომ მის მიერ შერჩეულ მემკვიდრეს ასე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში დაუტოვოს საქართველოსთან ურთიერთობა. რასაკვირველია, ერთ-ორ თვეში სერიოზული ძვრები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ის "სუფთა ფურცელი", რომელზეც საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტი, შეიძლება სწორედ ამ სუფთა ფურცელზე მოინიშნოს პირველი კომპრომისების ვექტორები. პუტინი სასტარტო მოედანს გაუწმენდს მედვედევს. პრაქტიკულად ეს იქნება პუტინის კურსი, ოღონდ უფრო ლიბერალურად შეფუთული. "რ": სავარაუდოდ რა სფეროებს შეეხებიან პრეზიდენტები. ს.ც: დღეს შეიძლება მხოლოდ ვიმკითხაოთ, ის "მწვავე საკითხები" რაზეც მიანიშნებს პუტინი, რა სფეროებს შეეხება. პირველ რიგში ალბათ ეს იქნება ნატოსთან ურთიერთობა, ვიზების რეჟიმის ლიბერალიზაცია და ქართული პროდუქციის შესვლა რუსეთის ბაზრებზე. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არ არსებობს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ბუქარესტში აპრილის სამიტზე საქართველო მაპ-ს მიიღებს და ეს საკითხი გვიანი პერიოდისათვის გადაიდოს, სავარაუდოდ პუტინი მოლაპარაკებისას საქართველოს ნატოსთან ურთიერობის პრობლემას ასე მწვავედ აღარ დააყენებს, ანუ ეს პრობლემა დროებით აქტუალობას კარგავს. "რ": დღის წესრიგში აბა რა საკითხები რჩება, განსაკუთრებულად რას მოითხოვს რუსეთი. ს.ც: რასაკვირველია, რუსეთი საქართველოს პირველ რიგში მოსთხოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თბილისის ოფიციალურ თანხმობას, ანტირუსული რიტორიკის შემცირებას საქართველოში. ასევე სააკაშვილს აქვს სრული შესაძლებლობა ანალოგიური მოთხოვნა წაუყენოს პუტინს. რიგ ტექნიკურ საკითხებზე ალბათ დარგის სპეციალისტები უკეთ ისაუბრებენ. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, ოფიციალურად, რუსეთის მოთხოვნები მეზობელი სახელმწიფოებისადმი ასე ჟღერს - ჩვენ გვსურს ინვესტიციები დავაბანდოთ მეზობელ ქვეყნებში. საქართველოს კარები ინვესტიციებისათვის ღიაა. სანაცვლოდ შეიძლება საქართველოს იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთი უფრო გონივრულ და ზომიერ ფასებში მიაწვდის ბუნებრივ გაზს. დღევანდელი თანხა, რომელსაც საქართველო იხდის რუსეთის გაზში, ასე ვთქვათ "დამსჯელი" ტარიფია. "რ": ამით ამოიწურება საუბრის თემები. ს.ც: ცხადია, ერთი შეხვედრის მსვლელობაში საკითხთა მთელი კომპლექსი ამოწურული ვერ იქნება. მითუმეტეს, რომ უკანასკნელ წლებში ხდებოდა მხოლოდ გადასაწყვეტ საკითხთა დაგროვება. პრეზიდენტების შეხვედრები მხოლოდ მწვანე შუქს აუნთებს ორივე ქვეყნის დიპლომატებს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის. ამის შემდეგ დაიწყება ყოველდღიური, ჩუმი, უხმაურო, ოღონდ ეფექტური მუშაობა დაგროვილ პრობლემათა თანდათანობით გადაჭრის მიმართულებით. ამისათვის კი საჭირო იქნება ქართული დიპლომატიის რუსული ვექტორის მკვეთრი გააქტიურება. პირველი სიმპტომები უკვე არსებობს, საგარეო საქმეთა სამინიტროში შეიქმნა რუსეთის დეპარტამენტი. მთავარი არის უკვე მისი დაკომპლექტება რუსეთის სპეციალისტი დიპლომატებით.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |