"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით საქმე დღეს ოფიციალურად აღიძვრება: ბრიტანული პოლიცია პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო დღეების ყველა მარშრუტსა და შეხვედრებს იკვლევს

სოფო ქვლივიძე

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიტანული პოლიცია დღეს ოფიციალურად აღძრავს სს საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, სკოტლანდ იარდი რამდენიმე ტოქსიკოლოგიური ტესტის ჩატარებას გეგმავს. მათი შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

"სარრეის პოლიციას შეუძლია დაადასტუროს, რომ ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი სიკვდილი გამოწვეული იყო რაიმე სხვა მიზეზით, ბუნებრივი მიზეზების გარდა. ამის მიუხედავად ჩატარდება ვრცელი ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება", - ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

გუშინ სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა წინასწარი ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის სხეულსა და სახლში რადიაქტიური ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა. ექსპერტების წინასწარი დასკვნით, პატარკაციშვილს გარდაცვალება რადიაქტიური ნივთიერებით მოწამვლასთან დაკავშირებული არ არის. თუმცა, ახალი დეტალების მოძიებამდე ბიზნესმენის გარდაცვალების გარემოებები კვლავ საეჭვოდ რჩება.

რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, პოლიცია პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო დღეების ყველა მარშრუტისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაციას სწავლობს.

"დიდი ბრიტანეთის პოლიცია 52 წლის ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზს იძიებს, პატარკაციშვილის სახლში ჩატარდა ანალიზი, სადაც რადიაქტიური ნივთიერების კვალი არ დადგინდა. მიმდინარეობს პატარკაციშვილის სიცოცხლის ბოლო დღეების ყველა მარშრუტისა და შეხვედრის შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლა," - იუწყება რადიო "თავისუფლება".

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე პატარკაციშვილი საქმიან პარტნიორებს ლონდონის ცენტრში შეხვდა. ამ შეხვედრას პატარკაციშვილის გარდა ბორის ბერეზოვსკი, ნიკოლაი გლუშკოვი და იური დუბოვიც ესწრებოდნენ. სამივე მათგანი რუსეთის პროკურატურის მიერ იძებნება. ამ 4-საათიანი შეხვედრის დროს პატარკაციშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მან აუტანელი სიცხის გამო ოთახი ცოტა ხნით დატოვა. უკან დაბრუნებული პატარკაციშვილი თავს უკვე კარგად გრძნობდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ბიზნესმენს საქართველოში, სავარაუდოდ, დღეს გადმოასვენებენ. პატარკაციშვილის პარტიის წევრის გოჩა ჯოჯუას თქმით, გადმოსვენება სამედიცინო ექსპერტიზის პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ სად დაკრძალავენ გარდაცვლილს. ჯოჯუას ინფორმაციით, ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს საპატრიარქოს.

ოპოზიციას ბიზნესმენის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის" თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ საქმის გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

"სკოტლანდ იარდს, რომლის გამოძიებასაც თვით ბრიტანეთშიც კი არ ენდობიან ბოლომდე, ჩვენ ვერ ვენდობით. კარგი იქნება, თუ მსგავსი ტიპის საქმეებში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან", - აღნიშნა კუკავამ.

სკოტლანდ იარდის დასკვნის არ სჯერა ევროვნული საბჭოს ერთ-ერთ წარმომადგენელს სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, შესაძლებელია პატარკაციშვილს გულის შეტევა მართლაც დაემართა, თუმცა, "საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ინფარქტი ხელოვნური გზით იყო გამოწვეული".

ზურაბიშვილს ამის თქმის საფუძველს ისიც აძლევს, რომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის შესაძლო ლიკვიდაციაზე, როგორც თავად ბიზნესმენი, ისე ხელისუფლების სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც საუბრობდნენ.

"ასეთია მოსახლეობის განწყობა და ჩემი აზრითაც, პატრაკაციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი დაღუპვა სხვა მიზეზებს უკავშირდება. კერძოდ იმას, რომ ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანი იყო," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თუმცა, განსხვავებულად ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე დარწმუნებულია, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზი მართლაც გულის შეტევა გახდა.

"ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პატარკაციშვილი მართლაც გულის შეტევით გარდაიცვალა. კარგია, რომ ეს ვერსია დადასტურდა, რადგან გუშინ მთელი დღის განმავლობაში ყველა ქართულ და უცხოურ ტელეარხებზე გარკვეულ ეჭვებზე საუბრობდნენ," - ამბობს თევდორაძე.

ლონდონში ლიკვიდირებული კგბ-ს ყოფილი აგენტის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისათვის ძებნილი ანდეი ლუგავოის თქმით კი, ის მუდმივად ურჩევდა ქართველ ბიზნესმენს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას. მისი თქმით, პატარკაციშვილისთვის უსაფრთხოების საკითხი აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც ბიზნესმენსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონფლიქტი დაიწყო.

ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, რომელმაც პატარკაციშვილის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, ცნობილი ერთ თვეში გახდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com