|
|
"რეზონანსი "
"არანაირი სურვილი არ გვაქვს, საბჭოში მეათე პარტიად შევიდეთ": "ახლები" ოპოზიციის გაერთიანებულ საბჭოსა და ხელისუფლებას ფარულ გარიგებებში ადანაშაულებენ ეკა გულუა
მიუხედავად იმისა, რომ "ახლები" და "მრეწველები" ნინო ბურჯანაძესთან დიალოგს დათანხმდნენ, დიალოგი არ შედგა. შესაბამისად, მათ რამდენიმე ვერსია აქვთ, რატომ მოიქცა როგორც უმრავლესობა, ისე გაერთიანებული საბჭო ასე და რატომ მისცეს მოლაპარაკებებს მახინჯი ფორმა. "ამას კულუარული შეხვედრები დავარქვა თუ ვაჭრობა არ ვიცი, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ამ ფორმატში გაგრძელდა", - ამბობს "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე "რეზონანსთან" ინტერვიუში და ამატებს, რომ "ახლები" გაერთიანებულ ოპოზიციაში "მეათე პარტიად ჩაწერას" არ აპირებენ. მამუკა კაციტაძე: იმ ფორმატში, რომელშიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს შორის დიალოგი მიმდინარეობდა, შეხვედრები კარგა ხანია, არ გრძელდება. ამაში ბრალი ერთის მხრივ ხელისუფლებას მიუძღვის, რომელმაც რატომღაც ფეხი ითრია. ის საკითხები, რომელიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მოლაპარაკების პროცესში დაედო და ამით მოლაპარალკებების უკეთ განვითარებისთვის ხელი შეეწყო. მეორე მხრივ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამჯობინა, ხელისუფლებასთან სხვა ფორმატში თანამშრომლობა. კერძოდ, თანამშრომლობა სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების გარეშე, იგივე ჩვენს გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, ეს ხდებოდა საზოგადოებისა და ჟურნალისტებისგან დაფარულად, რაც ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს. ამან უკვე თავისი შედეგები გამოიღო. სწორედ ამიტომაა დღეს საუბარი, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევიდა, რომ განვითარება არა აქვს და ასე შემდეგ. თუნდაც ის, რომ ერთი ნაწილი რადიკალურად უარმყოფელ პოზიციებს აფიქსირებს დიალოგთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად კულუარული შეხვედრები გრძელდება, უკვე თავისთვად ამ პოლიტიკური პროცესის მახინჯ განვითარებაზე მიუთითებს. საბოლოო შეფასებებისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ხელისუფლებას ვადა 15 თებერვლამდე, ანუ დღემდე მივეცით. ჩვენს საბოლოო სიტყვას და პოლიტიკურ შეფასებას დღეს გავაკეთებთ. "რ": როგორ ფიქრობთ, ფარული შეხვედრები რატომ შედგა, თქვენ გიმალავენ რამეს. მ.კ: ამ კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ. მეთანხმებით, რომ ამ ტიპის შეხვედრები იმართება და ეს პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე თავად დაადასტურა. აქედან გამომდინარე, რატომ იმართება ეს შეხვედრები - იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გარკვეულწილად პოლიტიკური კონგლომერატია, ანუ ბევრი პარტიისგან შედგება და იქ არის პრობლემა. გაერთიანებულ ოპოზიციას პრობლემა აქვს სხვა ოპოზიციასთან, რომელიც მათ ერთობაში არ შედის. თუ კიდევ სხვა პრობლემაა, რომელიც უმჯობესია ცნობილი არ იყოს საზოგადოებისთვის. იქნებ ეს ვარაუდები დავუშვა. ფაქტია, რომ ეს კითხვის ნიშნები არსებობს. "რ": თავად რომელს უფრო დასაშვებად მიიჩნევთ. მ.კ: მინიმუმ 15 თებერვლამდე კითხვის ნიშანი კითხვის ნიშნად დავტოვოთ. "რ": გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა კახა კუკავამ "რეზონანსთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ყველა ნაბიჯს ვერ შეგითანხმებთ და თუ ეს გინდოდათ, საბჭოში უნდა გაერთიანებულიყავით... მ.კ: არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველა ნაბიჯი გვითანხმოს, თუნდაც კუკავამ. არანაირი სურვილი არ გვაქვს, გინდა თუ არა გავიქცეთ და გაერთიანებულ ოპოზიციაში მეათე პარტიად შევიდეთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ. მაგრამ, აქ საუბარი სხვა რამეზეა. როცა ერთსა და იმავე დოკომენტს ხელს აწერენ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები და მის გართ დარჩენილებიც და ამ საერთო ხელმოწერით საერთო პასუხისმგებლობას ვიღებთ, ამას ყველა უნდა დაემორჩილოს და ამ ნაწილში კოორდინაცია უნდა არსებობდეს. დანარჩენ სხვა საკითხებზე პრეტენზიები არ მაქვს, ვინც რა უნდა, ის ქნას. აქ საუბარია პოლიტიკური თემების იმ ნაწილზე, რომელთან დაკავშირებითაც მემორანდუმით საერთო პასუხისმგებლობა ავიღეთ. როგორც ჩანს, ამ ნაწილში გაერთიანებული ოპოზიციის და ბატონი კახას ხედვა ძლიერი არ არის და ამიტომ, მან ამჯობინა საკუთარი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განეზოგადებინა. "რ": მიუხედევად იმისა, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ დიალოგი შეწყვიტა, თქვენ და "მრეწველები" თანახმა იყავით მოლაპარაკება გაგეგრძელებინათ, თუმცა ეს დიალოგი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ შედგა. რატომ. მ.კ: ფაქტია, რომ არ გაგრძელდა. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის მეტ ინტერესს ამ შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიცია წარმოადგენს თავისი სიმრავლიდან გამომდინარე. შესაბამისად, გაერთიენებული ოპოზიციისთვისაც მეტად საინტერესო დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის აზრი კი არა, ხელისუფლების აზრია. ამას კულუარული შეხვედრები დავარქვა თუ ვაჭრობა, არ ვიცი, თუცა, ფაქტია, რომ ამ ფორმატში ეს გაგრძელდა. ყველას გასაგონად ერთი რამ მინდა ვთქვა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ "ახალი მემარჯვენეების" გვერდზე ჩაჩოჩება შესაძლებელი ან დროულია, უკიდურესად მწარედ სცდება და ამას უახლოესი მომავალი დაგვანახებს. ვშიშობ, ეს შეცდომა მათთვის პოლიტიკურად საბედისწერო არ აღმოჩნდეს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |