"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

"შემაძრწუნებლად მოვედებით საქართველოს ყველა სოფელს და რაიონს"

ნინო მიქიაშვილი

ოპოზიცია წყვეტს ყველანაირ დიალოგს ხელისუფლებასთან, მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე რადიკალურ მეთოდს მიმართავს და 22 თებერვლიდან შიმშილობის დაწყებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება გუშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე, არც თუ მცირეხნიანი თათბირის შემდეგ მიიღეს ეროვნულ საბჭოში შემავალმა პოლიტიკურმა ძალებმა, "ახალმა მემარჯვენეებმა", "ლეიბორისტებმა" და ახლადდაარსებულმა "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ". ისინი იმუქრებიან, რომ მთელ საქართველოს "შემაძრწუნებლად მოედებიან".

გუშინდელ აქციაში მონაწილეობა ბევრმა ადამიანმა მიიღო, მაგრამ არა იმდენმა, იპოდრომზე რომ იყო, ან მანამდე 13 იანვარს რესპუბლიკის მოედანზე. როგორც მიტინგის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პარლამენტის შენობის წინ ოცდაათი ათასი კაცი იდგა. მომიტინგეთა რიცხოვნობის ზუსტი განსაზღვრა რთულია; იმის თქმა კი თამამად შეგვიძლია, რომ გუშინდელ აქციაზე რუსთაველის გამზირის მონაკვეთი "პიონერთა სასახლიდან" ცისფერ გალერეამდე ხალხით სავსე იყო, ოღონდ, აქციის დასაწყისისას; მიტინგის დასასრულს ხალხი საგრძნობლად შეთხელდა.

გუშინდელი აქცია დათქმულ დროზე 25 წუთით ადრე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების შემდეგ რუსთაველის გამზირზე პირველები "ლეიბორისტები" გამოჩნდნენ. შემდეგ "ახლები" მოვიდნენ პარტიული დროშებით. აქციაზე "რესპუბლიკელებიც" თავიანთი დროშებით მოვიდნენ. მათ წინ თინა ხიდაშელი და ლევან გაჩეჩილაძე მოუძღვოდნენ. განსაკუთრებული ოვაციები ლევან გაჩეჩილაძის გამოჩენას მოჰყვა. გუშინდელ აქციას ყოფილი ჟურნალისტების მიერ დაარსებული "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც" შეუერთდა.

კობა დავითაშვილის ინიციატივით (რომელიც რიგით მესამე გამომსვლელი გახლდათ) მომიტინგეებმა ბადრი პატარკაციშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ოპოზიციის მოთხოვნებში ახალი - კარგად დავიწყებული ძველი მოთხოვნა გაჩნდა - ისინი ამჯერად "ნიუსკორპს" სთხოვენ, დაუბრუნონ ხალხს ტელეკომპანია "იმედი".

თითქმის ყველა გამომსვლელმა მომიტინგეებს შეახსენა, რომ მიზნის მიღწევა ადვილი არ არის და რომ არ უნდა დაიღალონ. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს განუმარტავდნენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და ახლა ერთადერთი გამოსავალი აქციების გაგრძელებაში მდგომარეობს, რაც გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საწყისებზე დაკომპელქტების, სამართლიანი სასამართლოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხის სამსახურში გადასვლის წინაპირობა. ოპოზიციის ლიდერთა აზრით, ამ მოთხოვნების შესრულება უზრუნველყოფს გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული პრინციპებით ჩატარებას.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ პარტიებს შორის ერთადერთი "ლეიბორისტული პარტია" იყო, რომელიც ხელისუფლებასთან დიალოგს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. გუშინ "ლეიბორიტებმა" საზოგადოებას ისიც შეახსენეს, რომ დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, ისინი მიხეილ სააკაშვილს "უზურპატორად" 2003 წლის 23 ნოემბრიდან თვლიან. გუშინდელ აქციაზე "ლეიბორისტები" სხვებისგან განსხვავებით კატეგორიულობით გამოირჩეოდნენ, ისინი ეროვნულ შეურიგებლობაზე საუბრობდნენ, დანარჩენი პოლიტიკური ძალები - გარკვეული მოთხოვნების შესრულებაზე.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს - 22 თებერვალს თბილისში კარვები გაიშლება. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის მიერ შედგენილი ჩვიდმეტპუნქტიანი მემორანდუმის შესრულებას კარვებითა და შიმშილობის დაწყებით აიძულებენ.

"ხუთშაბათს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელსაც მე დავარქვი თვალებში ნაცრის შეყრა საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი არაფრისმეტყველია, სადაც არ წერია შედეგი და წერია მხოლოდ პროცესი. ტყუილების და სიბინძურის მანქანა მუშაობას აგრძელებს. ...ჩვენ არ დავნებდებით; კიდევ ერთხელ, თავიდან ვიწყებთ საერთო-სახალხო ეროვნულ მოძრაობას. ...კიდევ ერთხელ ომახიანად შემოვძახოთ: მიშა, მოვედით, მოვედით", - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ და ხალხმა დაიწყო სკანდირება "მი-შა, მო-ვე-დით!"

ლევან გაჩეჩილაძის შემდეგ აქციის მონაწილეებს მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა გია თორთლაძემ მიმართა: "როგორც თქვენ ხედავთ, ჩვენ ისევ აქ ვართ. ხელისუფლებამ არა თუ გაითავისა თქვენი მაშინდელი მოთხოვნები, არამედ რაღაც მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც პრაქტიკულად ყველაფერზე უარი ითქვა, რომელშიც პოლიტპატიმრებს ისევ სისხლის სამართლის დამნაშავეებს ეძახიან, რომელშიც ცესკო პარიტეტულ საწყისზე არ დაკომპლექტდა. ...ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - ქუჩის აქციები და ესაა სწორედ ის, რისიც ამ ხელისუფლებას ეშინია და რაც აიძულებს ჩვენი მოთხოვნების შესრულებას".

"ხალხის პარტიის" ლიდერის, კობა დავითაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაჭიანურების, დროის გაყვანის ტაქტიკა აირჩია იმ იმედით, რომ ხალხი დაიღლება და აღარ იბრძოლებს.

"მე მოგმართავთ ყველას, ვინც არის მზად, არ დაიღალოს და ბოლომდე იბრძოლოს, აწიოს ხელი მაღლა და ეს ხელისუფლებამ დაინახოს", - მიმართა დავითაშვილმა მომიტინგეებს და რამდენიმე ათასმა ადამიანმა დასტურის ნიშნად ხელი მაღლა აწია.

"ხალხო, თქვენი მოთხოვნა ყოველთვის იყო ოპოზიციის ერთიანობა და ეს მოთხოვნა პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეისმინა, რაც მოსალოცი საქმეა - ოპოზიციურ სპექტრში დიდი ხანია, არ ყოფილა ისეთი ერთობა, როგორც ახლა აქ, ამ მოედანზეა. გვქონია ასეთი ერთობა ოპოზიციურ სპექტრში, როგორც დღეს, აქ, ამ მოედანზეა. ჩვენ არც ერთ გადაწყვეტილებას თქვენი თანხმობის გარეშე არ მივიღებთ, არც ჩვენ არ დავიღლებით, არც უკან არ დავიხევთ და მზად ვართ, საკუთარი სიცოცხლე დავდოთ სასწორზე ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად", - დასძინა დავითაშვილმა.

"კონსერვატორმა" კახა კუკავამ სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, როგორ არ მოსწონდა ხალხს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება და როგორ ემხრობოდა გაცილებით რადიკალურ ნაბიჯებს: "თქვენ იყავით მართლები, რადგან ამ ხელისუფლებისგან - უსინდისო და უზნეო ადამიანებისგან ვერ დავინახეთ ვერც ერთი ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგმული, ვერც ერთი ნაბიჯი საქართველოსკენ გადმოდგმული".

კუკავა პარლამენტის თავმჯდომარის "გადმობირებას" შეეცადა და მას ხალხთან ჩამოსვლა ურჩია და როგორც მოსალოდნელი იყო, კუკავას მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. "მინდა, მას მივმართო - ნუ იქნება უპასუხისმგებლო, საკუთარ ხალხს ნუ გასწირავს ამ ყინვაში რუსთაველის გამზირზე დასადგომად, ჩამოვიდეს აქ და თქვას, სად არის - ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან, თუ ქართველ ხალხთან. ამის დრო ბოლოსდაბოლოს მოვიდა", - აღნიშნა კუკავამ და ტელეკომპანია "იმედის" ამერიკული ადმინისტრაციის საყურადღებოდ განაცხადა: "ბადრი პატარკაციშვილმა თქვა, რომ "იმედი" ეკუთვნის ქართველ ხალხს, ის არ ეკუთვნის არც მის მეწილეებს, არც "ნიუსკორპს" და არავის, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. დღეს აღარ არის არანაირი მიზეზი, ეს ტელეკომპანია იყოს დალუქული და ჩვენ მოვითხოვთ გაიხსნას "იმედის" მაუწყებლობა".

კახა კუკავამ მომიტინგეებს ისიც უთხრა, რომ ეროვნულ საბჭოში შემავალი პოლიტიკური პარტიები, გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი სიით მიიღებენ.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ტელეკომპანია "იმედი" მუშაობას ერთ დღეში დაიწყებს: "ამისთვის იქ მყოფი ადამიანები დღესაც მზად არიან და მოვუწოდებ პარლამენტის კიბეებიდან, ყველა თქვენგანის სახელით, დაუბრუნონ საქართველოს თავისუფალი ტელევიზია".

"ლეიბორისტების" სახელით მიტინგზე სოსო შატბერაშვილი გამოვიდა და განაცხადა: "ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი პოზიცია ასეთია, არც ერთი ნაბიჯი უკან. არანაირი მოლაპარაკება, არანაირი კონტაქტი დე-ფაქტო პრეზიდენტთან და მის ხროვასთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მათთან მოლაპარაკების მცდელობა ფუჭია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა - ეროვნული შეურიგებლობა და ეროვნული დაუმორჩილებლობა".

"ახლების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს ერთიანი ფრონტის შექმნისკენ მოუწოდა: "შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი დიდი გუნდი, რომელიც მიაღწევს იმას, რომ გაისტუმრებს პოლიტიკურ საიქიოში სააკაშვილს და მთელ მის ხელისუფლებას".

"კონსერვატორმა" ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ხელისუფლებას ოპოზიცია მხოლოდამხოლოდ ხალხის ენით შეთვლილი ულტიმატუმებით დაელაპარაკება. "ხალხო, ერთადერთი რამის მეშინია, რომ თქვენთან მიმართებაში რამე არ შეგვეშალოს, რომ თქვენს წინაშე გვქონდეს თვალის თვალში გასწორების უფლება. ამ პოლიტიკურ წიაღსვლებში ჩვენთვის ესაა მთავარი. წინ გველის რამდენიმეკვირიანი მძიმე ბრძოლა იმისთვის, რომ მივაღწიოთ სამართლიანი არჩევნებისთვის წინაპირობების შექმნას", - განაცხადა ძიძიგურმა.

მამუკა კაციტაძე ხელისუფლებას "შემაძრწუნებელად" დაემუქრა: "1989 წლის 4-9 აპრილის აქციის ერთ-ერთმა თანამონაწილემ, ჩემი თაობის კაცმა ამ ადგილიდან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა: "შემაძრწუნებლად მოვედებით თბილისის ქუჩებსო" და მე შემიძლია დღეს ამ ადგილიდან ვთქვა, რომ შემაძრწუნებლად მოვედებით საქართველოს ყველა სოფელსა და რაიონს; ქართველი ერი მიიღებს თავის კუთვნილ თავისუფლებას სიტყვისას, თავისუფლებას ყველა უფლებისას, თავისუფლებას საკუთრებისას, თავისუფლებას პოლიტიკური ნებისას და ეს ხელისუფლება ნებით დათმობს იმ მიტაცებულ ძალაუფლებას, რომელიც მან ოთხი წლის წინ უზურპაციის გზით ხელში ჩაიგდო. ...მესმის, რომ კონკრეტული რეზულტატის მიღწევა დროულად და მყისიერად სჯობს, მაგრამ მსგავსი პრობლემები მარტივად, ერთი ხელის მოსმით არ წყდება. ჩვენ არ გვაქვს დაღლის უფლება, ჩვენს დაუღალავ ბრძოლას გაუმარჯოს, ჩემო მეგობრებო, გამარჯვებამდე".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com