|
|
"რეზონანსი "
ოპოზიციის ერთიანი სია - სურვილი თუ რეალობა? გიორგი ფუტკარაძე
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, დავით გამყრელიძის მოწოდება საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი საარჩევნო სიით გასვლაზე, ოპოზიციურ პარტიათა დიდი ნაწილისათვის მისასალმებელია. თუმცა ოპოზიციაში არსებობენ ისეთებიც, რომლებიც გაერთიანების იდეას არ ემხრობიან, ხოლო ოპოზიციური სპექტრის კიდევ ერთ ნაწილის მიაჩნია, რომ ასეთი რამ ტექნიკურად ვერ განხორციელდება. სავარაუდოდ, დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ შედგება, პირველ ეტაპზე, მასში გაერთიანებას "ლეიბორისტები" არ აპირებენ. რაც შეეხება თავად გამყრელიძეს, ის მიიჩნევს, რომ საარჩევნოდ ერთიანი სია ძირითადად ტექნიკური საკითხია და აქ მთავარი ოპოზიციური ძალების მიერ ერთიანი ნების გამოხატვაა. "მთავარია, ოპოზიციამ მოახერხოს ერთიანი საკოორდინაციო ცენტრისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება, ყველაზე სასურველი ერთიანი სიაა ან ერთიანი ბოიკოტი, გადაწყვეტილებები და მოქმედებები ერთიანი უნდა იყოს", - მიაჩნია გამყრელიძეს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა ამბიციები გვერდზე უნდა გადადონ.აღნიშნულ მოწოდებას იზიარებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა არანაირ პრობლემას არ შექმნის. "ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებული და მე მივესალმები გაერთიანების იდეას. ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს არის აბსოლუტურად რეალური და ოპოზიციას არ ექნება შიდა კონკურენცია", - მიაჩნია ბერძენიშვილს. თუმცა ამავე პარტიის ერთ-ერთ წევრს, დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ოპოზიციის ერთიანის სიით გასვლა არარეალურია, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შეიძლება. "მართალია, დღეს აქციაზე ვართ ყველა ოპოზიციური პარტია, მაგრამ ეს არარეალურია და ვერ გამოვა. არსებობს ეროვნული საბჭოს ფორმატი და მას რომ კიდევ რამდენიმე პარტია დაემატოს, ალბათ, გართულდება", - აღნიშნავს ზურაბიშვილი. "მოძრაობა ერთიანი საქართველოს" სახელით თანხმობას გამოთქვამს გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული საბჭო არ უნდა იყოს კარჩაკეტილი ორგანიზაცია და უნდა გაფართოვდეს. მისი თქმით, "ეროვნული საბჭოს" პრინციპების აღიარების შემთხვევაში ნებისმიერ პარტიას შეეძლება მათთან გაერთიანებაზე მოლაპარაკების დაწყება. "ჩემი მოძრაობის სახელით მე თანახმა ვარ კონსესუსზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერ დავამარცხებთ, ეს შესაძლებელია ტექნიკურად თუ აქამდე ხერხდებოდა, აწი რა ღმერთი გაგვიწყრება. ყველამ უნდა დაიოკოს ამბიციები და ქვეყნის გადარჩენის გამო უნდა გავერთიანდეთ", - აცხადებს ცაგარეიშვილი. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიას აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი "ერთიანი ეროვნული საბჭო" აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისიც თანახმა იქნება. "ჩვენ არაერთი მოწოდება გვქონდა გაერთიანებაზე, მაგრამ ამჟამად ვერ ვიტყვი რამდენად რეალურია, რადგან ამაზე ეროვნულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს. ის, რომ ერთად უნდა ვიყოთ, კარგია, მაგრამ რამდენად გამოვა, ვერ ვიტყვი", - ამბობს ბაღათურია. "ერთიანობა კარგია, მაგრამ ეს სატელევიზიო მოწოდებებით ვერ გადაწყდება", - აცხადებს კონსერვატორი ზვიად ძიძიგური, რომელიც მიიჩნევს, რომ სიების საკითხს ცალკე მუშაობა და ჩამოყალიბება სჭირდება. ამავე პარტიის კიდევ ერთი წევრი კახა კუკავა აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მოგვიანებით დაიწყება. მისი თქმით, შესაძლოა დიდი ოპოზიციური გაერთიანება ვერ შედგეს, თუმცა ერთიანი ეროვნული საბჭო საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. "ქვეყანას მართავს დამპყრობელი და ამას ყველა ერთად უნდა შევებრძოლოთ" - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა, რომელიც ერთიანობის იდეას მხარს უჭერს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კეკლუცობისა და იდეოლოგიის სხვაობის დაფიქსირება, სხვა დროისთვის უნდა გადაიდოს. აღნიშნულ მოწოდებას შეუერთდება "საქართველოს გზაც", რომლის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პარტიებმა ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულონ. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" კი გამყრელიძის მოწოდებას ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის შესახებ, მხოლოდ ოპოზიციის სრული გაერთიანების შემთხვევაში გაიზიარებს. მოძრაობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, თუ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებული ოპოზიციური პარტიების სრული გაერთიანება შედგება, ისიც აუცილებლად შეუერთდება. გაერთიანების იდეას მიესალმება "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიანობისაკენ მოუწოდებს და ხალხის დაკვეთის შესრულებას სთხოვს. ჯერჯერობით, აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება უჭირს ლევან გაჩეჩილაძეს, თუმცა, მისი თქმით "ყველაფერი რეალურია, რაც შედეგს მოიტანს", ხოლო პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უკვე ერთიანია და ამაში "ლომის წილი" ხელისუფლებასა და მის პოლიტიკას მიუძღვის. რაც შეეხება "ლეიბორისტებს", როგორც გიორგი გუგავა აცხადებს, ქართველი ხალხი ეროვნული შეურიგებლობისა და დაუმორჩილებლობის გზით უნდა წავიდეს. "ქართველი ხალხი უნდა გაერთიანდეს და იაროს ერთი გზით, ეს არის ეროვნული დაუმორჩილებლობისა და შეურიგებლობის გზა, თუ ამ ხელისუფლებას საერთო მასშტაბური გზით არ შევუტიეთ და არ დავამარცხეთ, მანამდე არანაირ საარჩევნო ერთიანობას და კვოტების გადანაწილებას მნიშვნელობა არ ექნება", - მიაჩნია გუგავას, რომელიც დასძენს, რომ "ლეიბორისტები" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ. "ერთიანობა საჭიროა, რათა სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, თუმცა ჩვენ ვართ ევროპული ტიპის პარტია და არჩევნებისათვის გამოვალთ დამოუკიდებლად, თუმცა ერთიანობა აუცილებელია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის", - აღნიშნავს გუგავა და ოპოზიციას საერთო დაუმორჩილებლობის მემორანდუმს სთავაზობს. რაც შეეხება "მრეწველებს", პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების მომხრეა. როგორც მან განუცხადა "ინტერპრესნიუსს", ოპოზიცია და ხელისუფლება ვალდებულები არიან, რაც უნდა მწვავედ მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები და მას არასასიამოვნო პროცესები ახლდეს, დიალოგი უნდა გააგრძელონ. რაც შეეხება დავით გამყრელიძის განცხადებას, ოპოზიციური ძალების გაერთიანების შესახებ, ზურაბ ტყემალაძე ამ იდეაზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, აცხადებს, რომ თუ მისი პოლიტიკური პარტნიორი მსგავს განცხადებას აკეთებდა, არ იცოდა და ტელევიზიის მეშვეობით შეიტყო.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |