|
|
"რეზონანსი "
მერია ქალაქის ცენტრში საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს : მუნიციპალიტეტის შენობის წინ უამრავი მანქანაა გაჩერებული და ირგვლივ მუდმივი საცობია ქეთი თოდუა
თბილისი საცობების ქალაქად იქცა. ქალაქში გავლა ისე, რომ საცობში არ მოხვდე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მოქალაქეებს ახალი პრობლემა თბილისის მერიამ შეუქმნა. ე.წ. შრომის სასახლეში გადასვლისთანავე სააკაძის მოედანზე საცობების ახალი კერა გაჩნდა. მერიაში ამტკიცებენ, რომ ისინი მრავალსართულიან ავტოსადგომს აშენებენ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ პირველი სართულია დასრულებული. ასე რომ, როდის მიეცემათ მძღოლებსა და მოსახლეობას შეღავათი, ეს ჯერაც გაუკვეველია. გამომდინარე იქედან, რომ თბილისში ავტომობილების რაოდენობა დღითი დღე მატულობს, ქალაქში მოძრაობაც თანდათან უფრო რთულდება. მანქანების რაოდენობის ცვლილების გარდა, სხვა ფაქტორებიც განაპირობებს იმ სიტუაციის შექმნას, რომელიც დღესდღეობით დედაქალაქის ქუჩებში გვხვდება. ქუჩებში ძალიან ხშირად შეხვდებით უკმაყოფილო მძღოლებს, რომლებიც აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ დღეში ერთხელ მაინც უწევთ საცობში დგომა. მათ პროტესტს ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია. მძღოლებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას, მთავარია, მდგომარეობა გამოსწორდეს. უკმაყოფილო მძღოლების რიცხვს მიეკუთვნება ლაშა კახაძეც. იგი ხშირად მანქანით გადაადგილებაზე უარსაც კი ამბობს და სამსახურში ფეხით მიდის: "ძალიან დავიღალე ყოველდღიურად საცობებში დგომით. გამორიცხულია, დღეში ერთ საცობში მაინც რომ არ მოგიწიოს დგომა. ასეთი მდგომარეობა თბილისში არასოდეს ყოფილა. ადრე მარტო ცენტრალურ ქუჩებზე თუ იყო საცობები, ისიც დილით და საღამოს, ანუ იმ პერიოდში, როცა ხალხი სამსახურში მიდიოდა და ქუჩაში შედარებით მეტი მანქანა იყო გამოსული. ახლა ქალაქში მოძრაობა მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელია. ქუჩები მუდმივად გადატვირთულია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მანქანების რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩანს, ხალხს სამსახურში სიარული აღარ სჭირდება და მთელი დღეები მანქანით სეირნობენ. ჩემი სამსახური სახლიდან ძალიან მოშორებული არ არის და ამიტომ ხშირად ფეხითაც მივიდივარ თუ კიდევ სადმე არ ვარ გასასვლელი. მზად ვარ ამ სიცივეში ფეხით ვიარო, ოღონდ საცობში არ ვიდგე და ნერვები არ მომეშალოს. საჭიროა, რაიმე ზომას მიმართონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის, ვინ იზრუნებს ხალხისთვის ამ სატანჯველის მოსაცილებლად. აუცილებელია, პროფესიონალებმა ზუსტად გათვალონ ქუჩების გამტარუნარიანობა, შუქნიშნების მუშაობის რეგულირება და იზრუნონ ჩვენი, მოქალაქეების კომფორტზე". სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს საჭესთან ჯდომა მთელი დღის განმავლობაში უწევთ. შესაბამისად, საცობები მათთვის კარგად ნაცნობი თემაა. ზოგჯერ ისინი საცობში დღეში რამდენჯერმეც კი ხვდებიან. ლადო გულისაშვილი საჭესთან წლებია ზის, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი მისთვის ქუჩებში არსებული დღევანდელი მდგომარეობაა: "ასეთი რამ ჯერ არ მინახავს. საჭესთან ძალიან დიდი ხანია ვზივარ, მაგრამ ასეთი საცობები ქუჩებში არასოდეს ყოფილა. ბოლო რამდენიმე წელია სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ვარ და მთელი დღეების განმავლობაში მიწევს ქუჩებში სიარული. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ახლა იმ ქუჩებზეც კი არის საცობები, სადაც ადრე მანქანები იშვიათად თუ მოძრაობდნენ. ხშირად დღეში რამდენჯერმეც კი ვხვდები საცობში. ყველაზე ძნელი ის არის, რომ ხშირად მგზავრები მე მთვლიან დამნაშავედ, რომ საცობში მოვხვდი და ჩხუბს იწყებენ. ის არ ესმით, რომ მე განსაზღვრული მაქვს მარშრუტი, რომელი ქუჩებით უნდა ვიარო და არ მაქვს უფლება სხვა ქუჩებით გავიდე. ზოგჯერ ერთ პატარა მონაკვეთის გასავლელად ერთი საათიც კი მჭირდება. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, დღეში სამჯერ მაინც ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდები, გექნება თუ არა კიდევ სურვილი იმუშავო. ძალიან ხშირად მიჩნდება სურვილი, რომ ამ სამუშაოს თავი დავანებო, მაგრამ კარგად ვხვდები, რომ ახალ სამსახურს ვერ ვიშოვნი. სახლში ჯდომას და იმის ცდას თუ ვინ არჩენს შენს ოჯახს, მირჩევნია, ჩემ თავს არ გავუფრთხილდე და ვაკეთო ის საქმე, რომელიც ნერვების ფასად მიჯდება". თბილისის მერია სამ თებერვალს ახალ შენობაში გადავიდა. მერიის ახალი შენობა ყოფილი შრომის სასახლეა, რომელიც სააკაძის მოედანზე მდებარეობს. მერიის წინ უამრავი მანქანაა გაჩერებული და ამიტომ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად საცობია. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, დემურ კვირიკაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა, მერია ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე ზრუნავს. ისინი მანქანების სადგომს აშენებენ, სადაც გააჩერებენ ავტომობილებს და ქუჩაც გათავისუფლდება: "ამ პრობლემის მოგვარებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ. უნდა ავაშენოთ რამდენიმესართულიანი ავტოფარეხი. ამისათვის გამოიყო ადგილი მერიის გვერდით. მშენებლობა უკვე დაწყებულია, აშენებულია ერთი სართული. მანქანების სადგომის აშენება მერიის შენობის წინ საცობის არსებობის პრობლემას მოაგვარებს", - აცხადებს კვირიკაშვილი. თუ რატომ ვერ მოახერხა მერიამ ავტოსადგომის პრობლემის მოგვარება, ეს მოქალაქეებისათვის კვლავაც გაუგებარია. მერია რომ ახალ შენობაში გადადიოდა, ეს ამბავი კარგა ხნის წინათ იყო ცნობილი. რამდენიმე თვე ე.წ. შრომის სასახლეში სარემონტო სამუშაობებიც მიმდინარეობდა. ხომ შეიძლებოდა ამ პერიოდში ავტოსადგომების პრობლემაც გადაჭრილიყო. თუმცა, როგორც ჩანს, მერიას მოსახლეობის დისკომფორტი ნაკლებად აღელვებს. საცობებით არა მარტო ავტომანქანების მფლობელები არიან შეწუხებულნი, არამედ ისინიც, ვინც ქუჩის პირას სახლებში ცხოვრობენ. მათ ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში მანქანების გაბმული სიგნალის მოსმენა უწევთ. თბილისელი ლელა ტუღუში ასეთ კორპუსში ცხოვრობს. როგორც იგი ამბობს, მძღოლებზე ცუდ მდგომარეობაში მაცხოვრებლები არიან: "მანქანის მძღოლები საცობში მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში იდგნენ, ჩვენ კი მთელი დღეების განმავლობაში ვისმენთ მანქანების სიგნალს. ნამდვილი საშინელებაა. ზოგჯერ, შეწყდება სიგნალი, დაიშლებიან მანქანები და ჩვენც გვგონია გვეშველა, მაგრამ ნახევარ საათში ისევ ახალი საცობი შეიქმნება, ისევ თავიდან დაიწყება ის საშინელება. ყველა სიკეთესთან ერთად, პირველ სართულზე ვცხოვრობ და გარდა იმისა, რომ მაწუხებს სიგნალის ხმა, ჩემს სახლში ისმის აღშფოთებული მძღოლების ყვირილიც. მოკლედ, მე ორმაგად ვიტანჯები. როგორც ვიცი, ქალაქში საყვირების გამოყენებაზე, წესით, ჯარიმაა გათვალისწინებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს მძღოლებს არავინ აჯარიმებს. ხომ შეიძლება მშვიდად დაელოდო, როდის გაიხსნება გზა, სიგნალებისა და ყვირილის გარეშე. თუ მძღოლები წუხდებიან და თავს მოვალედ თვლიან, თავიანთი შეწუხება ამგვარად გამოხატონ, იმაზეც იფიქრონ, რომ მათი საქციელით სხვა ადამიანებიც ზარალდებიან და წუხდებიან. თან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საცობის შექმნაში ბრალი არ მიუძღვით. იმას ვერ მოვითხოვთ, რომ ჩვენს ქუჩაზე მანქანების მოძრაობა აკრძალონ, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია ქალაქში მოძრაობის დარეგულირებაზე, მოაგვარონ საცობების პრობლემა. ეს მათი ძირითადი მოვალეობა, მოქალაქეებს შეუქმნან კომფორტი თან არა მარტო მძღოლებს, არამედ იმ ადამიანებსაც ვინც ქუჩის განაპირა კორპუსებში ცხოვრობენ". როგორც ჩანს, საცობები პრობლემას წარმოადგენენ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც მანქანა საერთოდ არ ჰყავს. საჭიროა, საცობების პრობლემა მალე მოგვარდეს, რომ თბილისი საცხოვრებლად კომფორტული ქალაქი იყოს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |