|
|
"რეზონანსი "
ერთ კვირაში "სტანდარტ ბანკს" გაასხვისებენ: პატარკაციშვილის გარდაცვალებამ მოლაპარაკებების პროცესი ვერ შეაფერხა ნინო ალექსიძე
8 დღეში "სტანდარტ ბანკში" მოკალათებულ დროებით ადმინისტრაციას ვადა გაუვა. ამასთანავე, ერთ კვირაში "სტანდარტ ბანკის" ახალი მფლობელიც დასახელდება. ბანკის შეძენის სურვილი, საქართველოს საბანკო სივრცეში შემოსვლისთანავე, არაბულმა "კორ ბანკმა" გაახმოვანა. ჯერჯერობით არაბული სურვილი, სურვილად რჩება, რადგანაც "სტანდარტბანკის" ხელმძღვანელობა შესაბამის გადაწყვეტილებას 24 თებერვალს მიიღებს. ამ დროისათვის "სტანდარტბანკს" კრედიტების გაცემა დროებით შეწყვეტილი აქვს. სპეციალისტთა თქმით, ეს თავის მხრივ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბანკს რთული პერიოდი უდგას და მისი გასხვისების საკითხი გარდაუვალია. "სტანდარტ ბანკის" წარმომადგენელთა განცხადებით, ბანკის შესყიდვით დაინტერესებულნი არიან სხვა ბანკებიც. ბანკის ხელმძღანელობა მათ პირობებს განიხილავს 24 თებერვლამდე. ეროვნულმა ბანკმა პატარკაციშვილის ბანკს დროებითი ადმინისტრაცია გასული წლის 24 ნოემბერს დაუნიშნა. ბანკის მმართველმა კომპანია "სალფორდ საქართველომ" აღნიშნული ფაქტი მაშინვე გააპროტესტა და შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "სტანდარტბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და სებ-ის ქმედება სამართლებრივ ნორმებს არ შეესაბამებოდა. ამის პასუხად, სებ-ში აცხადებდნენ, რომ დროებითი ადმინისტრაციის ამოქმედება "სტანდარტბანკში" წარმოქმნილმა ლიკვიდურობის პრობლემებმა განაპირობა. თავად "სალფორდ საქართველომ" "სტანდარტბანკში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნა ტელეკომპანია "იმედში" განხორციელებულ თავდასხმასთან და მთაწმინდის პარკიდან "ლინქსის" "გამოძევებასთან" დააკავშირა, რომლებსაც თავის მხრივ პატარკაცივშილის ფიგურამდე მივყავართ. "საქართველოს მთავრობა ახდენს კიდევ ერთი ცნობილი ქართული ბიზნესის - "სტანდარტ ბანკის" კონფისკაციას, - ასეთი შინაარსის იყო კომპანია "სალფორდ საქართველოს" ოფიციალური განცხადება. კომპანია იტყობინებოდა, რომ შარშანდელი 8 ნოემბრიდან დაიწყო კოორდინირებული და სისტემური კამპანია - "სტანდარტ ბანკის" კლიენტებს უკავშირდებოდნენ და მოითხოვდნენ, შეეწყვიტათ საქმიანი ურთიერთობა ბანკთან. "ფაქტია, რომ ამ მოთხოვნის საპასუხოდ ბევრმა კლიენტმა, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ასევე კერძო პირებმა დახურეს თავიანთი ანგარიშები ბანკში. ფინანსური სიძლიერის წყალობით, ბანკმა შეძლო კლიენტების ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით", - აღნიშნული იყო "სალფორდ საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიუხედავად ბანკის პროტესტისა, "ეროვნული ბანკის" მიერ გატარებულ ზომებთან დაკავშირებით, 2007 წლის 24 ნოემბერს, 16.30 საათზე, ბანკს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ აცნობა, რომ "ეროვნულმა ბანკმა" გადაწყვიტა, შემოეღო დროებითი ადმინისტრაცია ბანკის საქმეების სამართავად, ხოლო ქადაგიძე დაინიშნა ბანკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. "ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც შემოღებული იქნა დროებითი ადმინისტრაცია, მიზეზად მითითებულია მხოლოდ ზოგადად ლიკვიდურობის პრობლემა დამატებითი განმარტების და დასაბუთების გარეშე", - აცხადებდნენ "სალფორდში". კომპანიაში ირწმუნებოდნენ, რომ "სტანდარტ ბანკი" აკმაყოფილებდა ეროვნული ბანკის ყველა სათანადო მოთხოვნას, ლიკვიდურობის ჩათვლით. განცხადებაში "სალფორდი" აღნიშნავდა, რომ კომპანიამ უკვე დაიქირავა წამყვანი საერთაშორისო იურისტთა გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი გენერალური პროკურორი, ლორდი გოლდსმიტი. "უნდა მოხდეს ამ არაკანონიერი ქმედებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მთავრობისგან, სხვა ფინანსური ორგანიზაციებისგან და პიროვნებებისგან, რომლებიც დაკავშირებულები არიან ამ ქმედებებთან", - ნათქვამი იყო განცხადებაში. თავის მხრივ, სებ-მა თავისი ქმედებები "სტანდრატ ბანკში" დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნისთანავე ახსნა. იქ მიიჩნევდნენ, რომ "სტანდარტ ბანკში" დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის დანიშვნა გამოიწვია ლიკვიდურობის პროლემებმა, რაც გასული წლის ნოემბრის დასაწყისიდან დეპოზიტების გადინების ტენდენციის გაძლიერებას მოჰყვა. აღნიშნული პრობლემების გამო, ბანკი ვერ უზრუნველყოფდა მიმდინარე ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, სს "სტანდარტ ბანკში" წარმოქმნილი ლიკვიდურობის პრობლემების აღმოსაფხვრელად, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მეანაბრეთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომერციულ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია შევიდა. როგორც სებ-ში განმატეს, განსაკუთრებული შემთხვევიდან გამომდინარე, სებ-მა გამოიყენა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |