|
|
"რეზონანსი "
მშენებლობის ტემპი არ შემცირდება: თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 17 კვადრატულ მეტრი ფართობი მოდის მარიამ ხიდაშელი
თბილისში მშენებლობის ბუმი კვლავ გრძელდება. თბილისის სხვადასხვა უბნებში ახალი კორპუსები სოკოებივით თვალისდახამხამებაში ჩნდებიან. სოციალური შეჭირვებისა და ბინების სიძვირის მიუხედავად, დღეს ყველაზე სარფიანად სამშენებლო ბიზნესი ითვლება. ამიტომაცაა, რომ სამშენებლო კომპანიების რიცხვი მუდმივად მატულობს. სამეწარმეო სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი ისევ მშენებლობას მიუძღვის, ასევე წინ მიიწევს საბანკო სისტემა, ანუ ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, სამშენებლო და საბანკო სექტორის აქტივობით ხორციელდება. ოფიციალური მონაცემებით, მშენებლობის სექტორი 2007 წელს წინა წლებთან შედარებით, თითქმის 300%-ით გაიზარდა. კომპანია "დელოიტ ენდ ტუშის" კიევის ოფისის ანგარიშის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სექტორია. მომოხილვაში ნათქვამია, რომ ახალ საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნილების ზრდა ქვეყანაში სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების რაოდენობის მატებამ გამოიწვია. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობით, ძირითადად, ადგილობრივი კომპანიები არიან დაკავებულნი, უცხოური კომპანიები კი - საოფისე ცენტრებისა და სასტუმროების მშენებლობით. კომპანიის მონაცემებით, თუ 2002 წელს თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 12,2 კვადრატული მეტრი ფართი მოდიოდა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 17 კვადრატულ მეტრს გაუტოლდა. მიმოხილვის ავტორები აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროპის დედაქალაქებთან შედარებით, თბილისში არსებული ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით მაინც დაბალია. ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე არსებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა 24-დან 36 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. ამჟამად თბილისში 30 მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. მას ცხრა კომპანია აშენებს. მშენებლობა 2012 წლის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სექტორი განსაკუთრებით თბილისში ყვავის, ეს გასაკვირი არც არის. საქართველოში მცხოვრები 4,5 მილიონი ადამიანიდან 1,5 მილიონზე მეტი თბილისში ცხოვრობს. ბევრმა "საქმის" დასაწყებად საკუთარ სოფელი, დაბა თუ რაიონი საერთოდ მიატოვა და ლუკმაპურის საშოვნელად თბილისს მოაშურა. ამიტომაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მატულობს და თბილისში ბინების (თუ თავშესაფრების) გაყიდვისა თუ დაქირავება-დაგირავების ფასიც კოლოსალურად იზრდება. უძრავ ქონებაზე ფასების ასეთი სწრაფი მატება სპეციალისტების თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ეს ფაქტორი სამშენებლო მასალების გაძვირებითაც არის განპირობებული. გარდა ამისა, სულ რაღაც 5-6 წლის შუალედში მთელი ქვეყანა თბილისში ჩამოვიდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შიდა მიგრაციის თვალსაზრისით, ქვეყანაში საკმაო საშიში ტენდენცია ვითარდება. ასე რომ, ოფიციალური მონაცემებით, სამშენებლო სექტორი სტაბილურად ვითარდება. სტატისტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მშენებლობის სექტორის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს საბანკო სექტორიდან მშენებლობისთვის ხელსაყრელი გრძელვადიანი დაკრედიტება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |