|
|
"რეზონანსი "
ფრენის აღსადგენად მთავრობა მოსკოვში გაფრინდება: თბილისმა და რუსეთმა საერთო ენა გამონახეს?! ნინო ალექსიძე
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე თანხმობის პირობად, ჩვენი ქვეყანა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე ლეგალური საბაჟო პუნქტების გახსნას აყენებს. თბილისურ წინადადებებთან დაკავშირებით მოსკოვი უკვე კონსტრუქციულადაა განწყობილი. უფრო მეტიც, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე ერთობლივი საბაჟო პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ მოსკოვიდან "წინასწარი დასტური" უკვე მიიღო. "რუსეთი მზად არის, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში, ერთობლივი საბაჟო პუნქტები გახსნას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, "ეს ხსნის დაბრკოლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით". რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო კი აცხადებს, რომ მოსკოვი თბილისს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე ლეგალური საბაჟო პუნქტების გახსნის მისეულ ვარიანტს სთავაზობს. კოვალენკოს განცხადებით, აღნიშნული ვარიანტი თბილისისათვის მისაღები უნდა იყოს. "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ თბილისს ამ პრობლემის გადაჭრის მისეული ვარიანტი შესთავაზა. ვფიქრობ, ვარიანტი საქართველოსთვის ხელსაყრელია და თუ თბილისი მას მიიღებს, ვფიქრობ, პრობლემა მოგვარდება. მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ და მოსკოვის შეთავაზების დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ვიცი, რომ მოსკოვის მხრიდან წინადადება არსებობს", - განუცხადა კოვალენკომ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს". რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით, მოსკოვი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქართული მხარის წინადადებებს საფუძვლიანად განიხილავს. "ჩვენი წინადადებები ერთობლივი პუნქტების გახსნას ითვალისწინებს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნათა კონტექსტში სრულად ჯდება. ამ თემაზე მოლაპარაკებები გაიმართება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, მაგრამ რუსული მხარე ნამდვილად კონსტრუქციულად არის განწყობილი", - აცხადებს იაკობაშვილი. პრემიერ-მინისტრი, ლადო გურგენიძე მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით რეალური პროგრესი მართლაც არსებობს. წინადადებების გარკვეული პროექტები რუსულმა მხარემ წარმოადგინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ერთი შეხედვით, პროექტები პასუხობს ქართული მხარის ინტერესებს. საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებითაც. თბილისურ-მოსკოვური შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე მომავალ კვირას შედგება. პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის თქმით, ქართულმა მხარემ მიიღო რუსეთისგან გამოწვევა ამ საკითის განხილვასთან დაკავშირებით და ორშაბათს სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრება. დელეგაციას უხელმძღვანელებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი. შესაძლოა, ეს საკითხი ერთი რაუნდის ფარგლებში არ გადაწყდეს, თუმცა საქართველო ამ მოლაპარაკებას ობიექტურად აფასებს. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ამ შემთხვევაშიც ირწმუნება, შეთანხმება უკვე შედგა და რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგება. "ბოლო თვეებსა და კვირებში რუსი კოლეგებისაგან პოზიტიური სიგნალები მოდის. მე შეხვედრები მქონდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მივაღწიეთ თანხმობას საქართველო-რუსეთს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. ასევე, მიღწეულია შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებაზეც" - ნათქვამია სააკაშვილის სპეციალურ განცხადებაში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |