"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

დოლარს ოპეკიდან "აძევებენ": მარტის დასაწყისში ორგანიზაციის სხდომაზე ამერიკულ ვალუტას განაჩენს გამოუტანენ

მაკა ხარაზიშვილი

ნავთობის ექსპორტიორები ამერიკას საბოლოოდ გადაუდგნენ. ოპეკის წევრმა ქვეყნების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მარტის დასაწყისში ორგანიზაციის სხდომაზე ნავთობის ამერიკულ ვალუტაში გაყიდვა შეწყვიტონ და დოლარი სხვა ვალუტებით ჩაანაცვლონ.

ამერიკული ვალუტა მსოფლიო ბირჟებზე თანდათან წონას კარგავს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში დოლარი უფრო და უფრო სუსტდება. ამ ფონზე კი ევრო პოზიციებს იმყარებს. ექსპერტების განცხადებით, დოლარის კურსის დაცემაში დიდი წვლილი ირანს მიუძღვის. მათი აზრით, ირანს მსოფლიო ფინანსური კრიზისის პროვოცირებაც შეუძლია. ნავთობზე ევროში ვაჭრობამ, დოლარზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად შეამცირა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამან, შესაძლოა, ამერიკული ვალუტის დევალვაცია გამოიწვიოს და როგორც ღირებულების ერთიანმა საზომმა, მსოფლიოში ნდობაც დაკარგოს.

ისევე, როგორც სხვა ვალუტები, დოლართან მიმართებაში ქართული ვალუტაც ნელ-ნელა მყარდება. დღეისათვის, 1 ამერიკული დოლარი 1,56 ლარი ღირს. ქართველი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლარის კიდევ უფრო გამყარებამ, შესაძლოა, ქვეყანაში გარკვეული ეკონომიკური პრობლემები გამოიწვიოს.

არადა, დოლარი გაუფასურების საფრთხის წინაშე უკვე დადგა. ოპეკი მარტის დასაწყისში დაგეგმილ სხდომაზე, ნავთობის ექსპორტის დროს ანგარიშსწორებისას დოლარიდან სხვა სავალუტო ერთეულზე გადასვლის საკითხს განიხილავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ დოლარზე უარის თქმის მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სხდომაზე ეს საკითხი, მათთვის დადებითად გადაწყდება.

ვენესუელამ ექსპორტიორ ქვეყნებს დოლარზე უარის თქმისკენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოუწოდეს. ვენესუელის მთავრობის აზრით, დოლარის კურსის დაცემის შემთხვევაში ოპეკი თავს დაიცავს, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგისაგან, ასევე იმპორტის ინფლაციისაგან.

ვენესუელის ნავთობის მრეწველობის მინისტრის რაფაელ რამირესის აზრით, ოპეკმა ნავთობის ფასები სავალუტო კალათას უნდა დაუკავშიროს და იგი მხოლოდ ამერიკულ დოლარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რამირესმა ამერიკა ნავთობის ფასების რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზრდაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ექსპორტიორ ქვეყანაზე პოლიტიკურმა ზეგავლენამ ნავთობის ფასის რეკორდულ ზრდას შეუწყო ხელი. "სავალუტო კალათის" შექმნის იდეა ვენესუელის პრეზიდენტს, უგო ჩავესსა და ირანის პრეზიდენტ, მაჰმუდ ახმადინეჯს ეკუთვნის. "სავალუტო კალათაში" შედის - ევრო, იენი და ბოლივარიც კი.

დოლარის შეცვლის საკითხს ეკვადორის ხელისუფლებაც ეთანხმება. ეკვადორისპრეზიდენტის რაფაელ კორეას განცხადებით, ოპეკის ქვეყნებმა თავიანთი ნავთობი უფრო მყარ ვალუტაში უნდა გაყიდონ, ვიდრე დოლარია. მენავთობეების განცხადებით, დოლარის შესუსტება მათი მოგების დიდ ნაწილს შთანთქავს. ეკვადორის ლიდერი, ასევე, ეთანხმება უგო ჩავესის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორგანიზაცია უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურიც. "სტრატეგიული მარაგების სამართავად ოპეკს უნდა გააჩნდეს პოლიტიკური შეხედულება", - განაცხადა მან.

ამასთანავე ოპეკის წევრები, არ იზიარებენ ამერიკის მთავრობის მოთხოვნას ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით. ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა შაკიბ ხელილმა, რომელიც ამავდროულად ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის თავმჯდომარეა, გამორიცხა ნავთობის წარმოების ზრდის ნებისმიერი შესაძლებლობა.

"მე არ შემიძლია იმის თქმა, ოპეკის სხდომაზე, კონკრეტულად, როგორი გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის ფაქტორი, რომელიც სანავთობო ბაზარზე გავლენას ახდენს", - განაცხადა მინისტრმა. კერძოდ, ამერიკის ეკონომიკის შესაძლო დაცემა, აშშ-ში ნავთობის მარაგების ზრდა, იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში რემონტი დაიწყო, ასევე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზები ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ვენაში დაგეგმილი კონფერენცია შეისწავლის ბაზარზე არსებულ სიტუაციას და მიიღებს მისი სტაბილიზაციისათვის შესაბამის გადაწყვეტილებას.

აშშ-ის საინფორმაციო ენერგეტიკული სამმართველოს განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის დამოკიდებულება ოპეკზე 2008 წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვინაიდან ნავთობის მოპოვება იმ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან კარტელში - მექსიკასა და ნორვეგიაში - მცირდება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com