"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

ლეიბორისტები მოსახლეობას გადასახადების გადაუხდელობისკენ მოუწოდებენ

(მედიანიუსი) ლეიბორისტული პარტია ქართველ ხალხს ხელისუფლების მიმართ მშვიდობიანი ეროვნული დაუმორჩილებლობისა და შეურიგებლობისკენ მოუწოდებს. "ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი მოლაპარაკება მათი მხრიდან მიმართულია ოპოზიციის დაქსაქსვის, დროის გაყვანის და ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ. ერთადერთი გზა ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის, არის ეროვნული დაუმორჩილებლობა", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის განმარტებით, დაუმორჩილებლობა მარტო აქციებით არ შემოიფარგლება, გულისხმობს ასევე შენობების პიკეტირებას, გაფიცვებს, შიმშილობებს, ხალხის მიერ ხელისუფლების ბრძანების შეუსრულებლობას, გადასახადების გადაუხდელობას. "ჩვენ ამ ხელისუფლებას არ ვაღიარებდით 2003 წლიდან, სხვა პარტიებმა კი, რამდენიმე წლის შემდეგ გაიაზრეს ჩვენი პათოსი. ბოლო თვეებმაც დაგვანახა, რომ ეს ხელისუფლება არის მკვლელების და ტერორისტების. ხელისუფლების გადაყენება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს", - აღნიშნა შატბერაშვილმა.

ლეიბორისტებმა რამდენიმე დღის წინ ეროვნული შეურიგებლობის დოკუმენტი მოამზადეს, რომელსაც დღეს პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გააცნობენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com