|
|
"რეზონანსი "
ჟამი დუმილის და ჟამი უბნობისა: გურამ ბათიაშვილის წიგნისა და მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის წარდგინება მოსკოვში გაიმართა ლელა ოჩიაური
ებრაელთა ევრო-აზიური კონგრესის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში, რუსეთის კულტურისა და კინემატოგრაფის ფედერალურ სააგენტოში გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ებრაელთა ევრო-აზიური კონგრესის გენერალური საბჭოს წევრის, ჟურნალის "თეატრი და ცხოვრება" და საქართველოში ებრაული გაზეთის "მენორა" მთავარი რედაქტორის გურამ ბათიაშვილის წიგნის "ადამიანი ბაბილონიდან" (ქართული, ორიგინალური გამოცემის სახელწოდებაა "ჟამი დუმილის და ჟამი უბნობისა") წარდგინება (თარგმნა ლიანა ტატიშვილმა). პრეზენტაცია გახსნა კულტურისა და კინემატოგრაფის ფედერალური სააგენტოს მეთაურმა, მიხეილ შვიდკოიმ (იგია რომანის რუსული გამოცემის წინასიტყვაობის ავტორი), რომელსაც ავტორთან მეგობრული ურთიერთობებიც აკავშირებს. მიხეილ შვიდკოი წინასიტყვაობაში აღნიშნავს: "გურამ ბათიაშვილს იზიდავდა და ხიბლავდა მრავალი გარდაუვალი გამოცანით, მეტამორფოზით აღვსილი საქართველოს ისტორია. დაუსრულებლივ ეძიებდა პასუხს იმაზე, თუ რამდენად სწორი იყო გადარჩენისთვის არჩეული გზა. თეატრის კაცმა, ქართულ თეატრალურ კულტურაზე აღზრდილმა გურამ ბათიაშვილმა ერთმანეთს შეურწყა რა რომანტიკული გროტესკი და ესერიგ ათვისებული ფსიქოლოგიური რეალიზმი, საქართველოს ისტორიის სურათები პროზაშიც გამომსახველი სცენური ხერხებით შექმნა. შექმნა შუქჩრდილების თამაშით, მომხიბვლელი ტემპო-რიტმით. მისი პროზა თეატრალურია. იგი თითქოს მზად არის იქცეს დრამატურგიულ ქსოვილად, წარსდგეს მაყურებლის წინაშე. რომანი "ბაბილონელი კაცი" გამონაკლისი როდია. ამ რომანში წარმოჩინდა ქართული ენის თეატრალობა, ქართველ ებრაელთა მეტყველების თეატრალობაც. რუსეთელ, მოსკოველ კაცს დიდი ინტელექტუალური, მორალურიც, ძალისხმევა მართებდა, რომ გურამის პიროვნებაში არაქართველი ამოეცნო. თუმცა, თბილისელებისათვის აქ არაფერი გახლდათ აღმოსაჩენი. "ბაბილონელი კაცი" - ესაა რომანი პატრიოტიზმზე, იმ მამულის სიყვარულზე, რომელთანაც ებრაელები დაკავშირებულნი არიან არა ბიოლოგიურად, სისხლისმიერად, გრძნობითა და გონებით, თავიანთი ქმნადობით. რადგან საქართველოს ბედი არის ბედი ყოველთაგანისა, ვინც ამ კურთხეულ - თავისი უძლიერესი და ბრძოლის ჟინით აღვსილი მეზობლებისთვის ესოდენ სასურველ მიწაზე ცხოვრობს. საქართველოს გადარჩენა დამოკიდებულია იმ სიუზერენთა სიბრძნეზე, რომელთაც ძალუძთ დაამყარონ ხელსაყრელი და არადამამცირებელი კავშირი, დამოკიდებულია ყოველი მოქალაქის თავდადებაზე, ვისთვისც ძვირფასია ეს ქვეყანა, მისი თავისუფლება და აყვავება. საქართველოს სიკეთისთვის კი მმართველთა ანგარებიანობას უფრო საშინელი შედეგი მოაქვს, ვიდრე უცხოთა ვერაგობას. რომანი უახლესი დროის დიდი ისტორიული პროზის თანხმიერია - საკმარისია გავიხსენოთ ლიონ ფოიხტვანგერის "ესპანური ბალადა". ებრაელთა ბედი დიასპორაში დამოუკიდებელი არჩევანია: გარემომცველი სამყაროსგან ქედმაღლური (თუნდაც იძულებითი) განსხვავებულობა, ნაძალადევი რჩეულობა, სხვა ეთნიკურ, სოციალურ, კულტურულ გარემოსთან ქმნადითი გათქვეფა. მარადიულია "გეტოს კანონი": "უნდა იყო სხვებზე უკეთესი, რომ გამოჩნდე თუნდაც ისეთი, როგორიც არიან სხვები". ამიტომ გერმანელი ებრაელები სხვებზე უფრო მხურვალედ უჭერდნენ მხარს კაიზერული გერმანიის ომის პარტიას, ხოლო რუსეთის ებრაელები ასევე მხურვალედ მოუწოდებდნენ მეფის მთავრობას ომის გამარჯვებამდე გაგრძელებისკენ და შვილებს ფრონტზე გზავნიდნენ. და ყველაფერი ეს იყო ხოლოკოსტამდე სულ ოცი წლით ადრე. მაგრამ ეს ყველაფერი არ უწყოდა ბრძენმა ზანქანმა, ძემ მორდეხაისამ. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ შეიძლება ერთგულად ემსახურო საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და საკუთარ თავსაც არ უღალატო." მოქმედება რომანში მე-12 საუკუნის საქართველოში ხდება და რეალური ისტორიული მოვლენები, რეალური ისტორიული პერსონაჟები ავტორის წარმოსახვით გამდიდრებულთან ერთად, წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ფონს თამარ მეფის კარზე ცნობილი სოვდაგრის ზანქან ზორაბაბელის ცხოვრებისა და პიროვნული არჩევანისთვის ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რაც ქვეყნისშიდა არეულობების, ფეოდალთა ღალატის, ორგულობის, თამარის მეუღლის შერჩევისა თუ სხვა რეალურ გარემოებათა პროცესში ვითარდება. ზანქან ზორაბაბელი კი ის ადამიანია, რომელიც მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა შეთქმულებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს და საქართველოს ერთიანობის, მისი სახელმწიფოებრიობის საქმეს საკუთარი ღირსების შელახვის, სიცოცხლის ხელყოფის საშიშროების ფასად, ერთგულად და თავდადებით ემსახურება. ამ ტექსტში ისტორია მჭიდროდ ეჯაჭვება ადამიანების ბედს, მათ ფიქრებს, ქმედებას, ცხოვრების წესს, შინაგან სამყაროსა და გარესამყაროს მიმართ დამოკიდებულებას, მათ ყოველდღიურობასა და ყოფიერებაზე ახდენს გავლენას. ამ პერსონაჟთაგან, ზოგი უკეთურების გზას ირჩევს, ქვეყნის ინტერესებს პირადს ანაცვალებს, ზოგი კი, ისევე, როგორც ზანქანი, თავისი ხალხის საუკეთესო თვისებების მატარებელი, ყოველდღიურობაზე მაღლდება და ბოლომდე, თვით უდიდესი განსაცდელის პირობებშიც კი უძლებს ცთუნებას. "ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა" ისტორიული რომანის კანონების მიხედვითაა შექმნილი, მასში საქართველოს ისტორიის ბევრ ცნობილ ფაქტსა თუ პიროვნებას ვხვდებით, მაგრამ გურამ ბათიაშვილი ჟამთააღმწერელი, მემატიანე კი არა, მწერალია, რომელიც რომანში ახალ მხატვრულ რეალობას ქმნის, თავისი რთული, მრავალწახნაგა სტრუქტურით, მოვლენებისა თუ ფაქტების ვრცელი რკალით, სამეტყველო ენის (როგორც "საავტორო", ასევე, პერსონაჟების) თავისთავადობითა და გამომსახველობით, სტილიზებული, არქაული ენის ინტერპრეტირებით, მოულოდნელი აღმოჩენებით და სიღრმით. რომანი ისტორიულია, მაგრამ ის ბევრ თანამედროვე პარალელსაც შეიცავს და ბევრ ასოციაციას აღძრავს, ბევრზე მიგვანიშნებს, როგორც ფაქტობრივი, ასევე, შინაარსობრივი თვალსაზრისით; ის მეტაფორებითაა აღსავსე და თითქოს გზას გვიკვალავს, არამხოლოდ წარსულისკენ, არამედ დღევანდელობისკენაც, რადგან ის, როგორც ქართველი ებრაელები მე-12 საუკუნის საქართველოში ცხოვრობდნენ, მათ ერთგულება და თავდადება, ერთგულება ქართული სახელმწიფოს, ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, საერთო ინტერესების არსებობა მათი შთამომავლებისთვის არც 21-ის საუკუნის საქართველოში შეცვლილა. ორგული "ფეოდალები" თუ "სოვდაგრები" კი, აბულსანის და ნებისმიერი მოღალატის ხვედრს იზიარებენ დღესაც, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. პრეზენტაციაზე, რომანის ლიტერატურული ღირებულებები ალექსანდრე ებანოიძემ, ჟურნალ "დრუჟბა ნაროდოვ"-ის რედაქტორმა, დაახასიათა; ქართული პროზის რუსულ ენაზე მთარგმნელმა, ანაიდა ბესტავაშვილმა ისაუბრა გურამ ბათიაშვილის, მის მიერ თარგმნილი, ადრეული მოთხრობებისა და პიესების შესახებ; ხოლო ეაკი-ს გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა მიხეილ ჩლენოვმა ნაწარმოები ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხით შეაფასა. ამის შემდეგ აჩვენეს მერაბ კოკოჩაშვილის მიერ გურამ ბათიაშვილის სცენარის მიხედვით შექმნილი დოკუმენტური ფილმი "თუ დაგივიწყო, ერუშალაიმ...". ამ ორ მხატვრულ ნაწარმოებს არამხოლოდ გურამ ბათიაშვილი, არამხოლოდ თემატური პარალელები თუ პერსონაჟთა ეროვნული ჩამომავლობა აკავშირებს და საქართველოსთან მათი განუყოფლობა, არამედ მთავარი იდეა, რაც ეკლესიასტეს სწავლებაშია ჩადებული - დუმილისა და უბნობის ჟამის მეტაფორა. ფილმში მოთხრობილია 18 ქართველი ებრაელის მიერ ხელმოწერილი ცნობილი წერილის მომნუსხველი ისტორია, რომელიც საბჭოთა ებრაელების ისრაელში მასობრივი რეპატრიაციის ერთგვარ "მამოძრავებელ მექანიზმად" იქცა. როგორც გურამ ბათიაშვილი გვიამბობს: "1969 წელს 18 ქართველი ებრაელის ოჯახმა გააკეთა იმ დროისთვის გაუგონარი საქმე - გაეროში გააგზავნეს წერილი, სადაც წერდნენ, რომ უნდოდათ საბჭოთა კავშირიდან ისრაელში, საცხოვრებლად წასვლა. ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. შემდეგ მეორე წერილი გაგზავნეს და როდესაც რეაგირება ისევ არ იყო, 36 ადამიანი წავიდა მოსკოვში, შეხვედრა უნდოდათ პოდგორნისთან (სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარესთან), მაგრამ ვერც ეს მოახერხეს და ცენტრალურ ფოსტაში სამდღიანი შიმშილობა მოაწყვეს. ეს ფაქტი, პირველი შიმშილობა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ცხადია, ჩვენთვის ყველასთვის დაფარული იყო. მოშიმშილეები მესამე დღეს, გვიან ღამით აკრიფეს, არ დაიჭირეს, ჩასვეს მატარებელში და საქართველოში გამოუშვეს. ებრაულ სამყაროში, განსაკუთრებით, ისრაელში ეს ისტორია ძალიან გახმაურდა. მოგვიანებით, წერილს მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როდესაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს გრომიკოს გაეროში ჰკითხეს, რატომ აბრკოლებთ ებრაელების რეპატრიაციასო, მან გამოაცხადა, რომ არცერთ ებრაელს საბჭოთა კავშირიდან წასვლა არ უნდა, რადგან ესაა მათი სამშობლო, რომლის დატოვების სურვილი არავის აქვსო. სწორედ მაშინ დაუდეს წინ ქართველი ებრაელების წერილი. თუმცა, ამ ფაქტმა მაშინ რეპატრიაციის საკითხებში რადიკალური ცვლილება მაინც არ გამოიწვია. შიმშილობაც ამიტომ გახდა საჭირო. შიმშილობის მონაწილეებიდან ცოცხალი დღეს ბევრი აღარაა. ერთ-ერთმა მათგანმა მიამბო, რომ როდესაც თბილისში ჩამოვიდნენ, პირდაპირ მატარებლიდან, ყველა ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ შევარდნაძესთან მიიყვანეს. იგი ძალიან კარგად, თბილად შეხვედრია და უთქვამს, უცბად ვერ მოვახერხებთ, მაგრამ ნელ-ნელა ყველას დაგაკმაყოფილებთო. ასეც მოხდა. ეს იყო 1970 წელი, მალე დაიწყო ებრაელების მასობრივი გაშვება საქართველოდან. გოლდა მეირი წერს: "რომ არ ყოფილიყო 18 ოჯახის ეს წერილი, რეპატრიაცია საბჭოთა კავშირიდან საერთოდ არ იქნებოდა. ამ 18 ოჯახის ბრძოლა თავიანთი უფლებებისა და რეპატრიაციისათვის ნათელია მწერლებისა და ისტორიკოსებისთვის." ასე რომ, ქართველმა ებრაელებმა საბჭოთა კავშირის მთელ ებრაელობას ისტორიული სამშობლოსკენ გაუხსნეს გზა. ესენი იყვნენ - ელაშვილები, მიხელაშვილები, თეთრუაშვილები, იაკობაშვილები, ბატონიაშვილები და სხვა. ამ 18 ქართველი ებრაელიდან 14 ქუთაისელი იყო, ერთი - კულაშიდან, ორი - ფოთიდან და ერთი - თბილისელი. ძალიან საინტერესოა მათი მეთაურის - შაბთაი (შოთა) ელაშვილის ბიოგრაფია. იგი ქუთაისში ცხოვრობდა. საკმაოდ შეძლებული, როგორც ამბობენ, განათლებული და გონიერი, ძალიან მორწმუნე კაცი იყო, რომელსაც არანაირი სოციალური პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ მასში იმდენად ძლიერი იყო ლტოლვა ისტორიული სამშობლოსკენ, რომ ყველაფერი დატოვა. მაგრამ ერთი საინტერესო რამ მოხდა. შაბთაი ელაშვილი და ბორის გაპონოვი ("ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი) ერთდროულად ცხოვრობდნენ ქუთაისში, თითქმის ერთდროულად იბრძოდნენ რეპატრიაციისათვის, ერთდროულად მიიღეს წასვლის უფლება და შემდგომი ბედიც ერთნაირი ჰქონდათ. ამ დაძაბული ბრძოლის შედეგად ორივეს უკურნებელი სენი შეეყარა, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის ორივე მებრძოლი თელავივში საკაცით ჩაიყვანეს. შაბთაი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ისე, რომ ისრაელის მიწაზე ფეხი ვერ დაადგა." პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა ქნესეთის ორი მოწვევის დეპუტატი ეფრაიმ გური, რომლის ხელშეწყობითაც განხორციელდა ფილმის გადაღებები საქართველოსა და ისრაელში. გურამ ბათიაშვილი: "მე ქართული მწერლობის დიდი ტრადიციების კვალდაკვალ სიარულს ვცდილობ, რადგან ეს არის ჰუმანისტური, ხალხის გულისთქმის გამომხატველი დიდი მწერლობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მრავალსაუკუნოვან ქართულ-ებრაულ ურთიერთობაზე, ცხადია, ამ ურთიერთობის ლიტერატურულ გამოხატვასაც უნდა ვეშურებოდეთ. ებრაელობა საქართველოში დღითიდღე მცირდება - მკრთალდება ქართული ცისარტყელის ერთი მსუყე ფერი. მე შევეცადე ამ ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება საქართველოში ორ-სამ პიესაში და რომანებში "თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ", "მეათე კაცი" და ბოლო, "ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა"-ში (სათაური აღებულია სოლომონ მეფის "ეკლესიასტედან") გამომეხატა. შევეცადე-მეთქი, ვამბობ, რადგან ეს არის უზარმაზარი და თითქმის ხელუხლებელი სამყარო. ამ რომანში კი მეწადა გამომეხატა ქართველი ებრაელობის ტრადიციული ერთგულება ქართული სახელმწიფოებრიობისადმი. ხაზს ვუსვამ - სახელმწიფოებრიობისადმი, რადგან ზანქან ზორაბაბელის ნეგატიური დამოკიდებულება ურჩი თავადებისადმი, უწინარესად, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეებისადმი ერთგულების მაუწყებელია: საქართველოს ხანგრძლივმა ისტორიამ არ იცის არცერთი ფაქტი იმისა, რომ ებრაელ კაცს ეღალატოს საქართველოსათვის, ქართველი მეფისათვის. ჩემთვის, როგორც ქართველი მწერლისთვის, ძალიან სასიამოვნოა, რომ წიგნი კარგმა გამომცემლობამ გამოსცა, რომ მოსკოვში დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში გამოდის არაქართველთა საქართველოსადმი ერთგულებაზე დაწერილი რომანი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ დაშორებულია ერთმანეთისაგან პოლიტიკა და კულტურა, რომ მწერლებს, ხელოვანთ, რომელი ერისაც არ უნდა იყვნენ, ურთიერთობის თავიანთი ენა აქვთ."
ოპერაში აშშ-ს ძირითადი ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტების გაერთიანების და ებრაელთა ევრაზიული კონგრესის წევრებისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება დღეს, ოპერისა და ბალეტის თეატრში, მისი ორგანიზებით გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების ძირითადი ებრაული ორგანიზაციების პრეზიდენტების გაერთიანების და ებრაელთა ევრაზიული კონგრესის წევრებისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობენ: თეატრის ორკესტრი, გუნდი, სოლიტები - ირინე ალექსიძე, ვანო გალუაშვილი, სულხან გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, გია მახარაძე, გიორგი ონიანი, ნინო ჩაჩუა, ზაალ ხელაია; დირიჟორები - ზაზა აზმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძე; თეატრის ფოლკლორული ანსამბლი "სულიკო" (ხელმძღვანელები - ვანო გალუაშვილი და კახა ონაშვილი), თეატრის ბავშვთა ცეკვის ანსამბლი "შეჯიბრი" (ხელმძღვანელი - თამაზ გოგოტიშვილი), ანსამბლები: "როკვა" (ხელმძღვანელი - უჩა დვალიშვილი), "მშვიდობის მტრედები" (ხელმძღვანელი - ილო ბააზოვი); მომღერლები - მერაბ სეფაშვილი და ნეკა სებისკვერაძე.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |