"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

"ამერიკული ოცნების" ქართული ტრანსკრიფცია

ვახტანგ ძაბირაძე

70-იან წლებში რადიო "თავისუფლების" ეთერში ალექსანდრ სოლჟენიცინმა განაცხადა: "აშშ დიდად არ განსხვავდება საბჭოთა კავშირისგანო". ამ განცხადებამ ჩემში შოკისმომგვრელი ეფექტი გამოიწვია, რადგან ამას ამბობდა კაცი, რომლის პატიოსნებასა და გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარებოდა და ამბობდა იმ ქვეყანაზე, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალად მიმაჩნდა. სიმართლე ითქვას, კარგა ხანს ვერ შევძელი ამ შეხედულებების შეთავსება - არც ამერიკა მემეტებოდა და არც სოლჟენიცინი. ბოლოს ისევ ამერიკა "ვარჩიე", ჩავთვალე, რომ სოლჟენიცინმა ხელოვანისთვის დამახასიათებელი ემოციური განცხადება გააკეთა, თუმცა გაჩნდა ეჭვიც - იქნებ ამერიკა არც მთლად ისეთი მიმზიდველი და ვარდისფერია, როგორიც ღამღამობით რადიომიმღებზე მიყურადებულ, მოკლეტალღების ძებნით გაღიზიანებულ ყმაწვილს ეჩვენება!!

დროთა განმავლობაში ვარდისფერი თანდათან გაიფანტა, ყოველივე რეალობას დაუბრუნდა და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში უწყვეტად მიმდინარეობს გადანაწილების პროცესი, რომ იცვლება მხოლოდ გადანაწილების ფორმები და მეთოდები, რომ არსებობენ მუდმივი ინტერესები და არა მეგობრები, რომ დემოკრატია უვარგისი რამაა, მაგრამ კაცობრიობამ ჯერჯერობით უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და მრავალი სხვა რამ, რაც "რკინის ფარდის" მიღმა საკმაოდ ბუნდოვნად ჩანდა.

ქართული საზოგადოება უაღრესად გაწბილებული და იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარეს, რადგან ჩათვალა, და სრულიად სამართლიანადაც, რომ მოატყუეს და შეურაცხყვეს. ჩვენ მათგან ობიექტურობასა და იმ ღირებულებათა დაცვას ვითხოვდით, მათვე ლამის იდეოლოგიურ ხარისხში რომ აიყვანეს და მთელ მსოფლიოს ყურები გამოუჭედეს, აქაოდა, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებათა უკომპრომისო დამცველნი ვართო. ამიტომაც მივიჩნიეთ არჩევნების ობიექტურ და ნეიტრალურ შემფასებლებად, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული, თანაბარი შესაძლებლობების თავისუფალი საზოგადოება ამერიკული ოცნებაა და საქართველო ამ ოცნების ნაწილს არ წარმოადგენს. ჩვენ მათი ინტერესების სფეროში შევდივართ და ამიტომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების სამართლიანობა კი არ შეაფასეს, არამედ დემოკრატიის განვითარების ხარისხი და დონე განსაზღვრეს.

თუ ყოველგვარი ემოციების გარეშე საკუთარ თავს კრიტიკულად შევხედავთ, მივხვდებით, რომ დასავლეთმა კი არ გვიღალატა, ან ორმაგი სტანდარტი კი არ გამოიყენა, არამედ შექმნილი პოლიტიკური ვითარება რეალურად შეაფასა და ჩათვალა, რომ ოპოზიცია მზად არ არის კარდინალური დემოკრატიული ცვლილებების განსახორციელებლად, ამიტომ კრიზისის განმუხტვის სიმძიმე საპრეზიდენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებზე გადაიტანა. ჩვენ სწორედ ეს ვითაკილეთ, რადგან ვთვლით, რომ ოპოზიცია მზადაა, ქვეყანაში რეალური რადიკალური დემოკრატიული ცვლილებები განახორციელოს.

შესაძლოა ცალკეული ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფები მართლაც მზად იყვნენ ლიბერალური ღირებულებების დასაცავად, მაგრამ საკითხავია, ჩვენი საზოგადოება მთლიანობაში არის კი მზად ამისათვის.

ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს რომ სამართალი და სამართლიანობა არ ადარდებთ და მხოლოდ პირადი სოციალური თუ პოლიტიკური (უფრო კარიერისტული!) ინტერესები ამოძრავებთ, ეს ადრეც ცხადი იყო და ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ "ნაწყალობევი ლეგიტიმაცია", ვიდრე არჩევნების შედეგების ობიექტურობაში საკუთარი მოქალაქეების დარწმუნება.

ხელისუფლებას რომ ღირსება და საკუთარი მოქალაქეებისადმი ოდნავი პატივისცემა მაინც გააჩნდეს, ყველაზე მეტად თავად უნდა იყოს დაინტერესებული, როგორმე მოიცილოს არალეგიტიმურობის იარლიყი, რადგან მოსახლეობაში არსებული განწყობილება ამ ეტაპზევე თუ არ განეიტრალდა, ის ქვეყნის სტაბილურობაში ჩადებულ ნაღმად იქცევა, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება აფეთქდეს.

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ან საპარლამენტო არჩევნების სამართლიანი ჩატარება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან, ჯერ ერთი - სოციალური მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესება, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შეუძლებელია და მეორე - სააკაშვილის მიერ დეკლარირებული სოციალური პროგრამა სრულადაც რომ შესრულდეს, ეს არ შეცვლის პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობის მდგომარეობას, რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებით პრობლემის გადაფარვას, არც ეს მოხერხდება, რადგან თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, აუცილებლად დასვამს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს (დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ოპოზიციის ერთ-ერთი პიართემა იქნება საპარლამენტო არჩევნების დროს), ხოლო თუ ოპოზიცია უმცირესობაში აღმოჩნდა, ჩათვლის, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ისევ გააყალბა და, რადგან ნეიტრალური დამკვირვებლების, არც ქვეყნის შიგნით არსებულის და არც საერთაშორისოსი, უკვე აღარ სჯერა, ისევ ქუჩაში გამოვა პროტესტის გამოსახატავად.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური ოპოზიცია ან მისი ნაწილი არჩევნების შედეგებს აღიარებს, პროტესტანტული ელექტორატი მას ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულებს. ამიტომ, თუ ხელისუფლება მართლაც დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ახლა, როდესაც მინისტრთა კაბინეტი რეალურად ფუნქციონირებს, არავითარ პრობლემას წარმოადგენს ოთახში ჩაკეტილი, ბიულეტენების თვლითა და ვიდეოფირების ყურებით დაკავებული ადამიანთა ჯგუფი, უფრო პირიქით, ხელისუფლებას ეძლევა უნიკალური შანსი, არა მხოლოდ არჩევნების შედეგების ობიექტურობა დაადასტუროს, არამედ ეს ფაქტორი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის წინააღმდეგ პიართემად გამოიყენოს. ცხადია, ამგვარ შესაძლებლობას არც ერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა ხელიდან არ გაუშვებს. ასევე არ წარმოადგენს სირთულეს 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება, თუმცა, როგორც ჩანს, არც ბიულეტენების გადათვლა მოხდება და არც 7 ნოემბრის მოვლენების სრულფასოვანი გამოძიება.

არც სახეცვლილი მინისტრთა კაბინეტი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა პერსონალური და არა თვისობრივი ცვლილებები, რის შედეგადაც ერთი, მდუმარედ აგრესიული გენპროკურორის ნაცვლად, მივიღეთ ორი - მგზნებარედ აგრესიული გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი. ის, რომ მთავრობა აღარ არის დაკომპლექტებული მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებით (ძველი ტერმინოლოგიით - "კომუნისტთა და უპარტიოთა ურღვევი ერთობაა") და ასაკობრივი ბარიერიც მოიხსნა, ცხადია, საქმეს ვერ უშველის, რადგან პრობლემის არსი პარტიულობასა და ასაკში კი არ მდგომარეობს, არამედ ისაა, რომ ხელისუფლება საზოგადოების კონტროლს მიღმაა დარჩენილი და მისი ქმედებები მხოლოდ თვითკონტროლით, ანუ, როგორც კომუნისტები იტყოდნენ - "კრიტიკითა და თვითკრიტიკით," რეგულირდება.

საზოგადოებრივი კონტროლის ყველაზე ეფექტური საშუალება რომ მასმედიაა, ეს ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის. ამიტომ ცდილობს, საზოგადოებრივი ტელევიზიის რეორგანიზაცია გააჭიანუროს და პარლამენტის არჩევნების კამპანიის დასაწყისს დაამთხვიოს, რომ ახალმა ხელმძღვანელმა ვერ მოასწროს სრულფასოვანი ცვლილებებისა და რეფორმების გატარება. თორემ, გენდირექტორის პოსტზე ისეთი პიროვნების მოძებნა, რომელიც ორივე მხარის პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლებს და საზოგადოებრივ მაუწყებლობას მართლაც საზოგადოების რუპორად აქცევს, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ხელისუფლება მოჩვენებით ლოიალობას შეინარჩუნებს და თავს შეიკავებს მკვეთრი ანტიდემოკრატიული ქმედებებისაგან. საერთოდ კი, მიმდინარე წლის 5 იანვარი და გასული წლის 7 ნოემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში: 7 ნოემბრის მოვლენებმა დასავლეთის საზოგადოებაში ეჭვქვეშ დააყენა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი, ხოლო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებმა უკვე ქართულ საზოგადოებაში გააჩინა უნდობლობა დასავლეთის მიმართ. თუ ვის აძლევს ხელს დასავლეთსა და ჩვენს შორის უნდობლობის გაღვივება, ამის განსჯა მკითხველისათვის მიგვინდია!

ხელისუფლება რომ არ აპირებს სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციას, სრულიად ნათელია. სამწუხაროდ, არც მისი მხარდამჭერი ელექტორატი მოითხოვს ქვეყანაში, თანაბარუფლებიანი და სამართლებრივი სივრცის შექმნას; მისთვის მთავარია არსებული სტატუსქვო შეინარჩუნოს ან, უარეს შემთხვევაში არ გახდეს ხელისუფლებისაგან "შერისხული". ამიტომ მზადაა, ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას გამართლება მოუძებნოს, ნებისმიერი აბსურდული არგუმენტის სამართლიანობა ირწმუნოს, ყველა ხერხი და მეთოდი გამოიყენოს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. ასე, რომ დემოკრატიაზე და ლიბერალურ ღირებულებებზე ლაპარაკი, ისევე, როგორც დასავლური ორიენტაცია, ხელისუფლების მხარდამჭერი საზოგადოებისათვის საკუთარი ინტერესების უკეთ შესაფუთი მასალაა და სხვა არაფერი.

ახლა ვნახოთ, რა ხდება მეორე, ოპოზიციურ მხარეს: ოპოზიცია ჭრელია და, შესაბამისად, ჭრელია მისი ელექტორატი. მიუხედავად ამისა, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე, კატეგორიულად აცხადებს, რომ იბრძვის ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და სამართლებრივი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მხარდამჭერებიც სწორედ ამ ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ძნელია, ეჭვი შეიტანო ოპოზიციის გულწრფელობაში, რადგან, ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რაიმე ხელშესახები არგუმენტი მის წინააღმდეგ, უბრალოდ, არ არსებობს. თუმცა უახლოესი წარსულის გამოცდილება, ეჭვებს თუ არა, კითხვებს ნამდვილად ბადებს; თუ ოპოზიციური საზოგადოება მართლაც დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იბრძვის, მაშინ გაუგებარია, როგორ იქცა ოქრუაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერად. ის ხომ ერთ-ერთი თანაავტორია იმ ძალადობისა, ვარდების რევოლუციის შემდეგ თავს რომ დაატყდა ჩვენს საზოგადოებას. ან რა პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, როდესაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ნაცვლად, საელჩოსთან პოლიტიკური ორგანიზაცია აწყობს საპროტესტო მანიფესტაციას. ხოლო პროფესიული უფლებების ვითომდა დასაცავად, პროფკავშირების ნაცვლად პოლიტიკური პარტია ყალიბდება.

ნუთუ ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ გასაკვირია, რომ დასავლეთმა დემოკრატიის ხარისხი შეაფასა და არა არჩევნების სამართლიანობა. ჩვენ ხომ მუდმივად სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვდგავართ და ერთხელაც ვერ შევძელით არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.

როგორც ჩანს, კვლავ იმ მიჯნას მივადექით, როდესაც ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი ელექტორატი მზადაა, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ხელისუფლება, ხოლო ოპოზიციური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრი უმთავრეს პრობლემად არსებული ხელისუფლების მოშორებას მიიჩნევს და არ ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება შემდგომ. ამიტომ, თუ თავს ძალას დავატანთ და დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კი არ შევიდა ჩიხში, არამედ მთლიანად საზოგადოება აღმოჩნდა ჩიხში მოქცეული და იქიდან თავდაღწევის გზებია საძიებელი.

გამოსავალი, რომელიც საზოგადოებას ჩიხიდან გამოიყვანს, არჩევნების სამართლიანობის განცდას მკვეთრად გაზრდის და მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობას მინიმუმამდე შეამცირებს, რა თქმა უნდა, არსებობს - ესაა ახალი საარჩევნო სისტემა, როდესაც პარლამენტის 150-ივე მანდატი მაჟორიტარული წესით განაწილდება, მაგრამ იმ აუცილებელი პირობით, რომ საარჩევნო ოლქებში თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველი იქნება და თითოეული ამომრჩეველი ხმას მისცემს მისთვის მისაღებ სამ კანდიდატს, ხოლო გამარჯვებული ქულათა შეჯამებით გამოვლინდება.

თუ რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას ასეთი საარჩევნო სისტემა, ვეცდები, სხვა წერილში დავასაბუთო, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ამგვარი საარჩევნო სისტემა ქართული პოლიტიკური ელიტისთვის მისაღები აღმოჩნდეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com