"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

ხიდაშელი: ხალხს კიდევ ერთხელ დასცინეს

(პირველი) ხელისუფლებამ მიღებული მემორანდუმით ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ დასცინა. ამის შესახებ ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

"ხელისუფლების მიერ შემუშავებული მემორანდუმი ჩვენ მიერ წამოყენებულ მოთხოვნას არა თუ არ ეხმიანება, ახლოსაც კი არ დგას. აღნიშნული მემორანდუმით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რეალურად არაფრის შეცვლა არ სურს," - განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ და უმრავლესობამ "ცინიკური დოკუმენტით ქართველ ხალხს და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მწარედ დასცინეს".

მისი განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს ყოფნის "თავხედობა" და აცხადებს, რომ ნოემბრის მოვლენების გამოძიება მოხდება, მაგრამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

"ჩვენთვის გაუგებარია, მაშინ რა საჭიროა საერთოდ რაიმე სახის კომისიის შექმნა, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან. ასევე, ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება ოპოზიციის "აკვიატებად" მონათლა, თუმცა დაავიწყდა, რომ 5 იანვრის პლებისციტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმარავლესობამ საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება მოითხოვა," - განმარტა თინა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული ცინიკური მემორანდუმის განხილვაში გაერთიანებული ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com