|
|
"რეზონანსი "
ლადო მესხიშვილის გახსენება: 16 თებერვალი ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეა
უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველ 16 თებერვალს "ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი" (გამგეობის თავმჯდომარე - პროფ. გოგი დოლიძე) თბილისსა თუ ქუთაისში საზეიმოდ აღნიშნავს შესანიშნავი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, ლადო მესხიშვილის (1857-1920) დაბადების დღეს. ტრადიცია წელსაც გრძელდება. გვესაუბრება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი - გოგი დოლიძე. გოგი დოლიძე: შარშან ღირსეულად აღინიშნა ცნობილი ოსი პოეტის კოტე ხეთაგუროვის დაბადების 148 წლისთავი და ეს კარგია. მისი ძეგლიც გაიხსნა თბილისში და ეს მთლად უკეთესია - კოსტა ხეთაგუროვი მშვენიერი პოეტიც იყო და ჩვენი ხალხის მეგობარი და მოამაგეც... "რეზონანსი": ლადო მესხიშვილზე უნდა გვესაუბრა... გ. დ: დიახ, დიახ, მეც მაქეთკენ მივდივარ. ორიოდე წლის წინ სწორედ 148 წლისთავი აღვნიშნეთ, დიდუბის პანთეონში ლადო მესხიშვილის დაბადებისა და ამ მოვლენას თქვენი გაზეთიც გამოეხმაურა - გვინდოდა, იმთავითვე მოგვემზადებინა მისი დაბადების 150 წლისთავისათვის მთელი საზოგადოება. შემდეგ, 2006 წელს ქუთაისში გადავიხადეთ ლადო მესხიშვილის დაბადების 149-ე წელი და ისევ დავაყენეთ საკითხი, რომ 2007 წლის 16 თებერვლისთვის საზეიმოდ და მასშტაბურად აღგვენიშნა ლადო მესხიშვილის 150 წლის იუბილე. ესეც დაიბეჭდა თქვენს გაზეთში და დამატებით კულტურის სამინისტროს საგანგებო წერილი გავუგზავნეთ, მაგრამ ამაოდ. არაფერი გამოვიდა, ვერ იქნა და ვერ აღინიშნა 2007 წლის 16 თებერვალს ამ ლეგენდარული მსახიობისა და ნამდვილი ტრიბუნის 150 წლის იუბილე ისე, როგორც მას ეკადრება, თორემ ჩვენი დასის დონეზე ჯერ მის საფლავზე გავედით ტრადიციულად, შემდეგ კი თბილისის კინოს სახლში შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, დასასრულ კი ვაჩვენეთ ერთი ფილმი ("ორლოვების ოჯახის სირცხვილი") მისი მონაწილეობით. ჩვენი მოთხოვნა, რომ იაკობ ნიკოლაძის მიერ ჯერ კიდევ 1923 წელს შექმნილი მისი ბიუსტი, რომელიც დღემდე მუზეუმში ინახება, სადმე დაიდგას, თუნდაც საფლავზე, ისევ მოთხოვნად რჩება. არც ის გაკეთდა, რომ საფლავზე შეცდომით მიწერილი დაბადების წელი (1858), გადასწორებულიყო 1857 წლად, ამის თაობაზე თქვენს გაზეთში თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი სტუდენტების ღია წერილი ქ. თბილისის მერიის სახელზე. დღეს ისევ შევიკრიბებით ჩვენს კოლეგებსა და სტუდენტებთან ერთად ლადოს საფლავთან და ორიოდე სიტყვას ვიტყვით. მის თეატრალურ მოღვაწეობაზე ისაუბრებენ პროფესორი ნათელა ურუშაძე და საქართველოს სახალხო არტისტი, ზინა კვერენჩხილაძე, კინოგმირებს კი მე შევახსენებ შეკრებილ საზოგადოებას, იქნება ყვავილებიც, ჩვენი დასიდან - საგანგებოწარწერიანი ლენტიც და ასეა ყოველ წელს. ეს კი მადლიერებაა და მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |