|
|
"რეზონანსი "
147-ე სკოლას 13 სტიპენდიანტი ჰყავს მარი ოთარაშვილი
გუშინ თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში 13 მოსწავლე სპეციალური სტიპენდიით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ სკოლის არსებობის 160 წლის განმავლობაში ამგვარი წამახალისებელი ღონისძიება პირველად ჩატარდა. სტიპენდიანტები კი სკოლის სამეურვეო საბჭოს ინიციატივით გასული წლის დეკემბერში 10-ქულიან მოსწავლეთა შორის ტესტირებით გამოვლინდნენ. ირმა ხუციშვილი, სკოლის დირექტორი: "სასწავლო წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭო ჩემთან შემოვიდა ინიციატივით, რომ ბავშვები წაგვეხალისებინა, ამისთვის კი დაგვეწესებინა სკოლის ბიუჯეტიდან 10-ლარიანი, 20-ლარიანი და 30-ლარიანი სტიპენდიები. პირველი სემესტრის შედეგებს დაველოდეთ. გამოვლინდნენ 10-ქულიანი წარმატებული მოსწავლეები. ამის შემდეგ სწორედ ასეთებს ჩავუტარეთ შესარჩევი ტესტირება. აქ უკვე სამეურვეო საბჭომ განსაზღვრა, ვის რა რაოდენობის ფულადი ჯილდო მიეცემოდა. "საქართველოს ბანკში" დავამზადეთ სპეციალური პლასტიკური ბარათები და დღეს გადავეცით". ტესტირებისას მიღებული ქულების მიხედვით 30-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ 74-79 ქულების მქონე მოსწავლეებს: ნიკა დოღონაძეს (79 ქულა, მე-7 კლასის მოსწავლე) და ბაქარ ანდღულაძეს (74 ქულა, მე-8 კლასის მოსწავლე); 20-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ გიორგი არღვლიანს (68 ქულა, მე-7 კლ.), თეკლა იაშაღაშვილს (69 ქულა, მე-7 კლ.), სალომე კეკუტიას (68 ქულა, მე-9კლ.), ქეთევან გაბათაშვილს (69 ქულა, მე-9კლ.), ნინო ბერიშვილს (73 ქულა, მე-8 კლ.), თამარ ბალღიაშვილს (68 ქულა, მე-10 კლ.) და ქეთევან ფასურიშვილს (72 ქულა, მე-10 კლ.); 10-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ გვანცა სირაძეს (62 ქულა, მე-10 კლ.), თამთა ხვიჩიას (63 ქულა, მე-10კლ.), ნუცა ნემსიწვერიძეს (63 ქულა, მე-10 კლ). ნინო სუხიაშვილს (64 ქულა, მე-10 კლ.); "რეზონანსი" რამდენიმე სტიპენდიანტს გაესაუბრა. ნიკა დოღონაძე, მე-7 კლასის მოსწავლე: "შესარჩევი ტესტები არ იყო ძნელი. მთავარია, მონდომებული იყო და არ ინერვიულო. ჩემთვის ეს სტიპენდია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავ, რომ ჩემს სწავლას ხედავენ და აფასებენ. ეს სტიპენდია თითოეული ჩვენგანისთვის სტიმულია". "სტიპენდია საკმაოდ კარგი ჩანაფიქრია არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი წახალისება ხდება, არამედ ამით მობილიზებას ვუკეთებთ ჩვენ მიერ მიღებულ ცოდნას. იმ ბავშვებსაც მოუნდებათ სწავლა, რომლებიც ზარმაცობენ", - თქვა თეკლა იაშაღაშვილმაც. სკოლის დირექტორის - ირმა ხუციშვილის თქმით, სკოლაში წარმატებული მოსწავლეებისთვის სტიპენდიების გაცემა დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ძალისხმევით ტრადიციად დამკვიდრდება. "ეს არ იქნება ერთჯერადი სტიპენდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სტიპენდიას მთელი წლის მანძილზე მიიღებენ. შესაბამისად, ამგვარ ღონისძიებას ყოველწლიურად ჩავატარებთ და საუკეთესო მოსწავლეებს ასე საზეიმოდ დავაჯილდოვებთ", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას ხუციშვილმა
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |