|
|
"რეზონანსი "
მოხსნის თუ არა პროკურატურა ყადაღას პატარკაციშვილის ქონებას ელზა წიკლაური
ბადრი პატარკაციშვილის ჩამოსვენების თარიღი ისევ გაურკვეველი რჩება, ასევე არაფერია ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოეხსნება საქართველოში მის ქონებას ყადაღა და საერთოდ, რა ბედი ეწვევა მას. ასევე გაურკვეველია, ვის ხელში გადავა პატარკაციშვილის კუთვნილი ქონება, რამდენადაც, მისი ქართველი ადვოკატებისთვის ანდერძის არსებობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი არ არის. "ანდერძი არსებობს, მაგრამ ამაზე ზუსტად არაფერი ვიცი. სავარაუდოდ, ის პატარკაციშვილის ბრიტანელ იურისტს უნდა ჰქონდეს", - აღნიშნავს ადვოკატი შალვა შავგულიძე. თუ პატარკაციშვილის ანდერძი არ აღმოჩნდა, მისი ქონების გადანაწილება უკვე კანონით გაწერილი მუხლების შესაბამისად მოხდება. ადვოკატების თქმით, სამოქალაქო კოდექსის თანახმად 6 მილიარდ ფუნტად შეფასებული ქონების მემკვიდრე მისი მეუღლე და შვილები აღმოჩნდებიან, რამდენადაც კანონმდებლობით პირველად მემკვიდრეებად სწორედ ისინი ითვლებიან. რაც შეეხება იმ ქონებას, რომელიც პატარკაციშვილს საქართველოს საზღვრებს გარეთ ჰქონდა, ადვოკატების თქმით, ამ ქონების მემკვიდრის განსაზღვრაში უკვე საერთაშორისო იურისტები ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიზნესმენის დაყადაღებულ ქონებას, შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ქონებას ყადაღა ჯერ კიდევ მაშინ დაედო, როდესაც გენპროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ყადაღა დაედო პატარკაციშვილის წილებს სს "იმედი-ა"-ში, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" 100%-იანი წილის მფლობელია, სს "ჯი-ემ-პი კონსალტინგში", შპს "უნივერსალში", შპს. "მაუდში" და ა.შ. დაყადაღებულია ასევე მისი ანგარიშები "სტანდარტ ბანკში". პატარკაციშვილის ადვოკატ შალვა შავგულიძის თქმით, "სტანდარტ ბანკში" ფინანსური ოპერაციების განხორციელების უფლებას არ აძლევენ არც პატარკაციშვილის დებს - მზია თოთლაძეს და ნანა პატარკაციშვილს: "მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი შეზღუდვა არ არსებობს, ვერც ერთი მათგანი საკუთარი ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენებას ვერ ახერხებს". პატარკაციშვილის ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით კი უახლოეს დღეებში მისი საარჩევნო შტაბის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გენპროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს. მისი თქმით, "ეს მოთხოვნა სრულიად სამართლიანია, რამდენადაც, ქონებას ყადაღა თავიდანვე უკანონოდ დაედო". მისივე თქმით, ბანკში საარჩევნო შტაბის განკუთვნილი დაახლოებით, 8 მილიონი დოლარია დაყადაღებული. "ამის გარდა, "სტანდარტ ბანკს" და პატარკაციშვილის სხვა ქონებასაც ადევს ყადაღა", - განმარტა ადვოკატმა. "პატარკაციშვილის წილებს ყადაღა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაედო. კანონის თანახმადვე, თუ პირი გარდაიცვალა იმ შემთხვევაში, როდესაც მას ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურატურას უკვე აღარ აქვს მიმართვის უფლება სასამართლოსთვის, რომ ესა თუ ის ქონება ჩამოერთვას. ეს არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი პირობა პროკურატურისთვის. მეორე - აღნიშნული მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ პირის ქონებას ყადაღა იმისათვის ედება, რათა მან ამ ქონებით საკუთარი საქმიანობა აღარ გააგრძელოს. ბუნებრივია, გარდაცვლილი კაცი დანაშაულებრივ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, მეტიც - მას არც მანამდე ჰქონდა რაიმე დანაშაული ჩადენილი და რამდენიმე დღეში როგორც მის, ასევე გელბახიანთან დაკავშირებით გამოძიებას შუამდგომლობით მივმართავთ. ამ შუამდგომლობით მოვითხოვთ, რომ შეწყდეს სს საქმე". "რეზონანსი": და, რა ფაქტებზე დაყრდნობით აპირებთ შუამდგომლობის დაყენებას, ვგულისხმობ გელბახიანის შემთხვევას. შ.ხ: გელბახიანი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დანაშაულზე არ საუბრობს. ის კოდუას ელაპარაკება იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. გელბახიანმა შესანაიშნავად იცოდა, რომ მას იწერდნენ და ისმენდნენ, თუ უნდოდა რაიმეს თქმა, იტყოდა კიდეც. ის არ საუბრობს არანაირ მოსყიდვაზე, გელბახიანის მიზანი იყო, რომ 5 იანვრის არჩევნების გაყალბების შედეგად ქუჩაში გამოსვლის დროს ხელისუფლებას 7 ნოემბრის მოვლენები არ გაემეორებინა და ხალხი დაერბია. ის სთხოვდა კოდუას, რომ თუ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე წავიდოდა, გამოეჩინა სურვილი და წინ აღდგომოდა ამ ქმედებას, რათა სისხლი არ დაღვრილიყო. ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა ნაწილი და ამ ნაწილში არც გელბახიანი და არც პატარკაციშვილი დამნაშავეები არ არიან, ისინი ჩანაწერებში გადატრიალებაზე არ საუბრობდნენ. რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს, გამოძიებას ყველაფერი ისეთი დარღვევებით აქვთ ნაწარმოები, რომ მასში არც ერთი ფურცელი, რომელიც მათ ქმედებებს გაამართლებს, არ დევს. საქმეში არ არის არც ის, რაც შეიძლება იყოს როგორც მტკიცებულება პირის პასუხისგებაში მისაცემად. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ პატარკაციშვილის ფარული ჩაწერა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა. საქმეში კი ერთი ფურცელიც არ დევს, სადაც ეწერება, რომ საქართველომ ასეთი ქმედების განსახორციელებლად ინგლისს მიმართა. ასევე უკანონოდ მოხდა გელბახიანის მოსმენა, რადგან ასეთი მოსმენებისთვის ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარისგან უნდა აეღოთ. საქმეში არც ეს დეტალი არ დევს. "რ": როგორ ფიქრობთ, დააკმაყოფილებს თქვენს შუამდგომლობას გამოძიება. შ.ხ: სამწუხაროდ, მეეჭვება, რომ გამოძიებამ ჩვენი საჩივარი მიიღოს. ყველამ კარგად იცით, თუ რა ხდება სამართლის მხრივ ქვეყანაში. თუმცა, სასამართლოს ჩვენ ვაიძულებთ, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. სასამართლოს გასაქანსაც კი არ მივცემთ, რომ არ გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულებები. ამ პროცესში ჩავრთავთ მსოფლიო საზოგადოებას, ამგვარი საზოგადოებრივი ზეწოლის ფარგლებში ვაიძულებთ ხელისუფლებას, მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. "რ": რაც შეეხება პატარკაციშვილის ქონებას, რა ბედი ელის მას. შ.ხ: კანონიდან გამომდინარე, თუ ამ ადამიანს ანდერძი აქვს შედგენილი, ქონება მას დარჩება, ვისზეც იქ ანდერძში იქნება მითითებული. მაგრამ, თუ ანდერძი არ არსებობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამ საკითხს არეგულირებს შემდეგნაირად - ქონება პირველი დონის მემკვიდრეებს, მეუღლეს და შვილებს რჩებათ. თუ ხელისუფლება შეეცდება, პატარკაციშვილის ქონება მიითვისოს, ძალიანაც შემცდარა, ამისგან არაფერი გამოუვა. "რ": ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ასეთი სურვილი ამოძრავებს. შ.ხ: არ ვიცი, შეეცდება თუ არა, მაგრამ, საერთოდ ხელისუფლებისთვის რომ პატარკაციშვილის ცხედრის გადმოსვენება და მისი გასვენების ცერემონიალი უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, ფაქტია. როგორც ხედავთ, პატარკაციშვილის სიკვდილს საზოგადოება ძალიან დიდი პროტესტით შეხვდა. არ ვურჩევდი არავის, ცეცხლზე ნავთი დაასხას და უკანონო ქმედებები კიდევ ერთხელ განახორციელოს. უკანონობა, როგორც წესი, ბოლოს ყოველთვის ცუდად მთავრდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |