|
|
"რეზონანსი "
ია ანთაძე: "იმედი მაქვს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები კანდიდატი ვიქნები" - "წინასწარ საუბარი აზრს უკარგავს ყველაფერს, მაშინ გამოდის, რომ არჩევნები ჩაწყობილია" ლანა ბერიძე
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი თამარ კინწურაშვილი ჯერჯერობით პოსტის დატოვებას არ აპირებს. თუმცა, აქტიურად განიხილება ის საკითხი, თუ ვინ გახდება თამარ კინწურაშვილის შემცვლელი და ვინ იქნება ისეთი კანდიდატურა, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ერთნაირად მისაღები იქნება. როგორც ცნობილია, რატი ამაღლობელმა, ლელა გაფრინდაშვილმა, ლევან გიგინეიშვილმა, ზაზა ფირალიშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართეს, სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენდირექტორის პოსტზე ია ანთაძის კანდიდატურა დაასახელეს. წერილში ნათქვამია, რომ: "დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საინფორმაციო სივრცის თავისუფლების საკითხია. იმ დროს, როდესაც ფუნქციონირებენ ტელევიზიები, რომელნიც ამა თუ იმ ჯგუფის ინტერესებს გამოხატავენ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო კონსესუსზე დაფუძნებული "საზოდაგოებრივი მაუწყებლის" არსებობას, სადაც ყველა ჯგუფს თანაბარი შესაძლებლობა ექნება, გამოხატოს თავისი აზრი და პოზიცია. ამისთვის საჭიროა, რომ თავად ტელევიზიის მომავალ ხელმძღვანელს გააჩნდეს საზოგადოების ნდობის სურვილი". წერილის ავტორების აზრით, ია ანთაძის კანდიდატურა ამ პოსტზე იმით არის გამორჩეული და მისაღები, რომ მას სწორედ ხალხის ნდობა და პრინციპულობა ახასიათებს. "იგი ცნობილია, როგორც უაღრესად პრინციპული, განათლებული, ჟურნალისტური გამოცდილების მქონე და ამავე დროს მიუკერძოებელი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ის ნდობა, რომელიც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს, ჩვენი აზრით, პროფესიონალიზმთან ერთად, ის თვისებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ტელევიზიის ხელმძღვანელს", - ნათქვამია ღია წერილში. როგორც ია ანთაძემ "რეზონანსს" განუცხადა, თუ მისი კანდიდატურა ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვისაც მისაღები იქნება, ამ შემთხვევაში მას მოქალაქეობრივი უფლება არა აქვს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვას. მას შემდეგ, რაც ანთაძის კანდიდატურაზე საუბარი დაიწყო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას უკვე ჰქონდა შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენელთან, რასაც თავად ჟურნალისტი კატეგორიულად უარყოფს. "არავის არ შევხვედრივარ, რადგან მიმაჩნია, რომ ამ თემაზე საუბარი რომელიმე მხარესთან დღეს საჭირო არ არის. თუ შეხვედრა საჭირო გახდება, უარს არ ვიტყვი, მაგრამ დღეს ეს გამართლებული არ არის. მოგეხსენებათ, რომ არასაჯარო ფიგურა არ ვარ. მე ვარ ჟურნალისტი, რომელიც 94 წლიდან ამ სფეროში მუშაობს. შესაბამისად, თუ ვინმეს აინტერესებს, რას ვაკეთებდი და პროფეიონალიზმის რა დონე გამოვამჟღავნე, ამისი გარკვევა არ გაუჭირდებათ. რაც შეეხება შეხვედრებს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას შემთხვევით ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე. სხვა არანაირი შეხვედრა არ მქონია არავისთან", - განუცხადა "რეზონანსს" ია ანთაძემ. რაც შეეხება იმას, რამდენად მისაღებია მისი კანდიდატურა, ანთაძეს იმედი აქვს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები კანდიდატურა გახლავთ. "დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ორივე მხარისთვის მისაღები კანდიდატი ვიქნები. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას", - ამბობს ია ანთაძე. რაც შეეხება იმას, ხომ არ იქნება მისი კანდიდატურა და ის დადებითი მხარეები, რაზეც წერილშია საუბარი, რომელიმე მხარის მხრიდან ბოროტად გამოყენებული, ანთაძე არაფერს გამორიცხავს. "რასაკვირველია, ვერაფერს გამორიცხავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ის დროა, როდესაც სწორედ ჩემი თვისებებია საჭირო ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის დროს და არა რომელიმე სხვა პერიოდში. ადრე, როდესაც იყო საუბარი, ამაზე არ მიფიქრია, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იქნებოდა პოლიტიკური დაკვეთების ადგილი. თამარ კინწურაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და ის, რომ იმ პოზიციაში იყოს, რა პოზიციაშიც დღეს მე ვარ, ალბათ, ისიც გააკეთებდა, უკეთეს ტელევიზიას. დღეს წარმმართველი ძალა საზოგადოებაა, რადგან სწორედ საზოგადოება კარნახობს ბევრ რამეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც", - ამბობს ია ანთაძე. კითხვაზე, მისი კანდიდატურა რომ არ იყოს დაყენებული, თავად ვის მიანიჭებდა უპირატესობას, ანთაძე აცხადებს, რომ ასეთი მხოლოდ ორი ადამიანი არსებობს. "ორი ადამიანია, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს და რომლებთან ერთადაც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ეს გახლავთ ლაშა ტუღუში და ზვიად ქორიძე, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ", - დასძინა ანთაძემ. რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობის კანდიდატებზე წინასწარ საუბარსა და ვერსიების გამოთქმას არამართებულად მიიჩნევს, რადგან ჯერ სამეურვეო საბჭოც არ არის არჩეული. "ჯერჯერობით დირექტორობის კანდიდატებზე საუბარი არასწორია. ჯერ იმ საბჭოს წევრები არ არის გამოვლენილი, რომლებმაც დირექტორი უნდა დაამტკიცონ. ამ ეტაპზე იმაზე საუბარი, რომ საბჭო ისეთ კანდიდატს აირჩევს, რომლის სახელიც და გვარიც უკვე ითქვა, არასწორია, რადგან გამოდის, რომ არანაირი არჩევნები არ ტარდება. მე შეიძლება, ვიღაც მომწონდეს და ვთვლიდე, რომ ძალიან კარგი დირექტორი იქნება. მაგალითად, იგივე ია, მაგრამ თუ მან არ შეიტანა განაცხადი და საბჭომ არ დაამტკიცა, არაფერი არ გამოვა. თუ წინასწარ უნდა ეთქვა ვიღაცას, ვინ იქნება დირექტორი, მაშინ რა საჭირო იყო პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა. წინასწარ საუბარი აზრს უკარგავს ყველაფერს, მაშინ გამოდის, რომ არჩევნები ჩაწყობილია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ასე წინასწარ იას სახელის დასახელება მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ ჩიქოვანმა. თუ როგორი უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი, თამარ ჩიქოვანის აზრი ასეთია: "საზოგადოებრივი მაუწყებელი იმდენად რთულად სამართავია, რომ ადამიანს ამისთვის თავი გადადებული უნდა ჰქონდეს. დირექტორი უნდა იყოს პროფესიონალი, რომელსაც ტელევიზია კარგად ესმის. ასევე უნდა იყოს კარგი მენეჯერი, აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორი ტელევიზია სჭირდება საზოგადოებას და ძალიან უნდა უყვარდეს ტელევიზია. არ უნდა იყოს ის მიდგომა, რომ ვიღაცამ ვიღაცა დაასახელა და უარი ვერ თქვა. ამიტომ დაველოდები საბჭოს არჩევნებს, ვნახავ, ვინ შეიტანს დირექტორობაზე განაცხადს და ამის შემდეგ ან დავუჭერ მხარს, ან არა", - განუცხადა "რეზონანსს" თამარ ჩიქოვანმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |