|
|
"რეზონანსი "
სააკაშვილსა და პუტინის სურვილები შეხვედრის წინ: ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივა კოსოვოს მოსალოდნელი აღიარების ფონზე ელზა წიკლაური
18 თებერვალს დასავლეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავენ. ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს მოსკოვი, რაც შეეხება თბილისს, კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს კონკრეტული განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ თბილისმა ეს ნაბიჯი არ გადადგას, ყოველ შემთხვევაში, ის საგანგაშო სიგნალები, რომელიც ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის და რომელიც საქართველოს კონფლიქტური რეგიონების აღიარებას უკავშირდება, თავიდან აიცილოს. ამას არც ქართველი ექსპერტები გამორიცხავენ და არგუმენტად სწორედ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" ასახელებენ. რაც შეეხება თავად კოსოვოს, ცნობილია, რომ კოსოვოს პარლამენტი სერბეთისგან დამოუკიდებლობას კვირას, 17 თებერვალს, ადგილობრივი დროით დღის 5 საათზე გამოაცხადებს. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო "რია ნოვოსტის" კოსოვოს პრემიერის პრეს-მდივანმა მიაწოდა. კოსოვოს საკითხის განხილვიდან რამდენიმე დღეში, კონკრეტულად კი 22 თებერვალს, მოსკოვში დსთ-ს პრეზიდენტთა არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაც შედგეს. მანამდე კი, სააკავშილი ოფიციალური რუსეთის არაოფიციალურ მოსაზრებებს ახმოვანებს და არ გამორიცხავს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები ისევ ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნდეს. რას უნდა ველოდეთ კოსოვოს აღიარების შემთხვევაში და რა მოხდება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. რა შედეგებს უნდა ველოდოთ სააკაშვილი-პუტინის შეხვედრიდან. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. კახა გოგოლაშვილი: დიდი ხანია, საუბარი მიდის, რომ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტის მოახლოებასთან ერთად რუსეთში წინააღმდეგობრივი განცხადებები გაკეთდებოდა. რუსეთის დუმა იტყვის, რომ ის ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, პრეზიდენტი პუტინი კი, იტყვის, რომ არ ცნობს, ანდა თავს შეიკავებს. პირადად მე დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს რუსეთს ხელს არ აძლევს. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რუსეთს საქართველოს დაკარგვა არ სურს, მეტიც, მას არ აწყობს, თუნდაც ნატო-ში გაწევრიანებულ მეზობელთან ურთიერთობები გაიფუჭოს. თავის დროზე რუსეთმა ფინეთს კი წაართვა ტერიტორიები და ამაზე უკან არ დაიხია, მაგრამ მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო, საბჭოთა კავშირი სუპერსახელმწიფო იყო და გეოპოლიტიკური თამაშები ხორციელდებოდა. ასეთმა პოლიტიკამ კი სიტუაცია მსოფლიო ომამდე მიიყვანა, რაც დღეს ნაკლებად მოსალოდნელია. "რეზონანსი": რუსეთი კოსოვოს არ ცნობს, მაგრამ ამბობს, რომ თუ დასავლეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, ის დსთ-ს სივრცეში წარმოქმნილ სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებს... კ.გ: ამიტომაც, რუსეთი საქართველოს შანტაჟირებას გააგრძელებს, მაგრამ, კონფლიქტური რეგიონების ბოლომდე აღიარებისგან თავს შეიკავებს. "რ": და რა რისკის წინაშე დადგება რუსეთი. კ.გ: ჯერ ერთი, ყველაზე მეტად რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანება აშინებს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება მოკლევადიან პერსპექტივაში არ ჩანს, საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია. მაპ-ი რომც მივიღოთ, ეს კიდევ გაწევრიანება არ არის. აქ ყოველთვის რჩება რუსეთს რეზერვი საქართველოსთან სათამაშოდ და ურთიერთობების მოსაგვარებლად. ახლა რუსეთისთვის ამ რეზერვის ამოწურვა და მოხსნა იქნება მათი მხრიდან არალოგიკური და მათივე პოლიტიკისთვის დამღუპველი. ამასთან, რუსეთს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული სხვა კონფლიქტების მნიშვნელობაც, მათ შორის, საკუთარ ტერიტორიაზე დაძაბულობის აგორება, რაც დღის წესრიგში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარების შემთხვევაში მოხდება. თუ აღიარა, რისკი იმისა, რომ ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, ძალიან დიდია. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი იქ საკუთარი სამხედრო შენაერთების გაძლიერებით არის დაკავებული, მას სურს, რომ კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში ვითარების მართვა მოახერხოს. "რ": როგორ ფიქრობთ, ევროპის მიერ კოსოვოს აღიარება რუსეთთან მათ დაპირისპირებას ხომ არ გამოიწვევს. კ.გ: სცენარი უკვე დიდი ხნის წინ დაიწერა და დიდ დაძაბულობას არ უნდა ველოდოთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამერიკას შეეწინააღმდეგა რუსეთი, მაგრამ, ვაშინგტონმა ცალმხრივად იმოქმედა. ამას ურთიერთობების გართულება არ გამოუწვევია. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც, რადგან, თუ ევროპას რუსეთი სჭირდება, როგორც ნავთობისა და გაზის მომწოდებელი, რუსეთსაც ევროპა სჭირდება, როგორც ამ პროდუქციის მყიდველი და ფულის გადამხდელი. ასე რომ, თუ ადრე პირველ პლანზე ყოველთვის პოლიტიკური საკითხები იდგა, დღეს ეს ასე აღარ არის, ამჯერად წინა პლანზე ეკონომიკურმა საკითხებმა წამოიწია და ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი გახდა. "რ": ორი დღის წინ სააკაშვილმა როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე რუსულ-ქართული ერთობლივი საბაჟო პუნქტის გახსნა არ გამორიცხა. ასევე არ გამორიცხა მოსკოვის მხრიდან ემბარგოს მოხსნა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ამ საკითხების ერთობლივად მოგვარება. კ.გ: ღვინო, "ბორჯომი" და საავიაციო მიმოსვლის აღდგენა, ეს ყველაფერი ისეთი საკითხებია, რომლებიც ერთდროულად არ გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რუსეთმა ემბარგო სწორედ მსო-ს გამო დააწესა, რომ საქართველოსთან შემდეგ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ევაჭრა. ამიტომ, გამორიცხული არ არის, მსო-ში შესვლის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ სწორედ ემბარგოს მოხსნა მოითხოვოს და ძველი მოთხოვნა საბაჟო-გამშვები პუნქტებთან დაკავშირებით მოხსნას. ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთთან ურთირთობის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა, ქართული მხარე ამ დათმობაზე წავიდეს. რაც შეეხება ფსოუსა და როკის გვირაბის ერთობლივ კონტროლს, შეიძლება რუსეთმა თანხმობა განაცხადოს, მაგრამ შემდეგ იმდენი ტექნიკური ბარიერი შეიქმნება, რომ რეალურად ეს პროცესი ვერ განხორციელდება. ამიტომ, ამ ეტაპზე უკეთესი იქნება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა. "რ": 22 თებერვალს მოსკოვში დსთ-ს პრეზიდენტთან არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც დაგეგმილია პუტინი-სააკაშვილის პირისპირ შეხვედრაც. როგორ ფიქრობთ, მოჰყვება ამ შეხვედრას რაიმე შედეგი. კ.გ: მართალია, პუტინი პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილება, მაგრამ ვიცით, რომ ის უკვე წამსვლელი პრეზიდენტია. თუმცა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელვანი იქნება. რამდენად შეძლებენ ისინი შეთანხმებას, ძალიან მიჭირს ამის პროგნოზირება. მაგრამ, ფაქტია, რომ იქნება ზეწოლა ნატო-ზე უარის თქმასთან დაკავშირებით და ამის სანაცვლოდ პირობის მიღება, რომ რუსეთი "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთს არ აღიარებს. თუმცა, ჩვენ რუსეთის ამ გარანტიებს არ უნდა ვენდოთ, რამდენადაც, შემდეგ შესაძლოა, თქვან, რომ - კი, მე არ ვაღიარებ, მაგრამ არც ოსებს და არც აფხაზეს თქვენთან ცხოვრება არ სურთო. ასეთ მომენტში კი, ჩვენ ნატოზე უკვე უარი გვექნება ნათქვამი, რაც ჩვენთვის მომგებიანი არ იქნება. ასე რომ, ერთადერთი, რასაც ამ შეხვედრიდან ველოდები, ეს არის პირობის მიცემა, რომ რუსეთი "აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" არ აღიარებს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |