|
|
"რეზონანსი "
პატარკაციშვილს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ: ბრიტანული პოლიცია გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიურ შეტევას ასახელებს სოფო ქვლივიძე
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასრულებას ელოდება. პარლამენტარ ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, რომელიც ცხედრის გადმოსვენებისათვის ლონდონში იმყოფება, ექსპერტიზის დასრულებას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს. დიდი ბრიტანეთის სურრეის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციით, პატარკაციშვილი გულის იშემიური შეტევის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, პატარკაციშვილი ბოლო პერიოდში მკერდის არეში ტკივილებს უჩიოდა და სიკვდილის წინ მან გონება დაკარგა, რაც იშემიური დაავადების სიმპტომებზე მიუთითებს. გარდაცვალების მიზეზი ცხედრის გაკვეთის წინასწარმა შედეგებმაც დაადასტურა. ცნობილია, რომ იშემიური დაავადების დროს არტერიებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ის მწვავე ინფარქტს იწვევს. თუმცა, პატარკაციშვილის ოჯახი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ბიზნესმენს ბოლო პერიოდში გული აწუხებდა. მიუხედავად ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებისა, სკოტლანდ იარდი ბიზნესმენის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. მისი პასუხი, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. გუშინ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ უოკინგის სასამართლომ ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზების დასადგენად საგამოძიებო პროცედურები დაიწყო. მოსმენები ოფიციალურად გახსნა სურრეის საგრაფოს სასამართლო გამომძიებელმა. საგრაფოს პოლიციის განმარტებით კი, სავარაუდოდ, მოსმენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება, ვინაიდან ბიზნესმენის გარდაცვალების წინასწარი მიზეზები უკვე ცნობილია. პოლიციის განცხადებით, სასამართლო პატარკაციშვილის ცხედრის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგებს დაელოდება. გუშინ პატარკაციშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით ნდობას უცხადებენ ბრიტანეთის პოლიციისა და კრიმინალისტების პროფესიონალიზმს. "ჩვენ დავკარგეთ შვილი, მამა, მეუღლე, ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი. უღრმეს მადლობას მოვახსენებთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია ||-ს ბადრის შესახებ მისი გულითადი სიტყვების გამო. ჩვენ ვიცით, რომ მან გაიგონა ეს სიტყვები. მადლობას მოვახსენებთ ყველას, ვინც იზიარებს ჩვენს მწუხარებას. სრულად ვენდობით ბრიტანეთის პოლიციისა და კრიმინალისტების პროფესიონალიზმს. სიკვდილის მიზეზების შესახებ სპეციალისტების მიერ საბოლოო დასკვნის გაკეთებისთანავე, ბადრის სამშობლოში ჩამოვასვენებთ და მშობლიურ მიწას მივაბარებთ", - ნათქვამია განცხადებაში. პატარკაციშვილის ოჯახის პოზიციის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტარმა ვანო ჩხარტიშვილმა და ვაჟა ლორთქიფანიძემაც აცნობეს, რომლებიც გოგა ხაინდრავასთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით იმყოფებიან. ლორთქიფანიძის განმარტებით, ოჯახი დაელოდება ექსპერტიზის საბოლოო დასრულებას. იმის მიუხედავად, თუ რა დრო დასჭირდება ამას. რაც შეეხება სს საქმეს, რომელიც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მიმართ საქართველოს გენპროკურატურაშია აღძრული, ბიზნესმენის და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები პატარკაციშილის მიმართ დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანას მოითხოვენ. ბიზნესმენის ქართველი ადვოკატის, შალვა შავგულიძის თქმით, პატარკაციშვილის დაკრძალვის შემდეგ ოჯახის წევრები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და ბიზნესმენის პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გაგრძელებას მოითხოვენ. შავგულიძე აღნიშნავს, რომ ოჯახის სურვილია, გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს, რაც საბოლოდ პატარკაციშვილის გამართლებით დასრულდება. "ეს ხელისუფლების მხრიდან მისი პიროვნების შელახული ღირსების სრულ რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს. გამოძიების მიერ პატარკაციშვილის გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, გენპროკურატურის მიერ მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე დადებული ყადაღა ავტომატურად მოიხსნება", - აღნიშნა შავგულიძემ. მიუხედავად ექსპერტიზის პირველადი მონაცემებისა, უცხოური მედია ყოველდღიურად აქვეყნებს ქართველი ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზების შესახებ ვერსიებს. ბრიტანური "გარდიანი" სამ შესაძლო - თბილისურ, მოსკოვურ და ჩეჩნურ კვალზე ამახვილებს ყურადღებას. სტატიის მიხედვით, იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების მიერ ძებნილი ბიზნესმენი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა, ისიც მეტყველებს, რომ სურრეის საგრაფოში მისი სახლის ღობის სიმაღლემ რამდენიმე ხნის წინ საგრძნობლად მოიმატა და ეზოს ტერიტორიაზე დამატებით კიდევ რამდენიმე სათვალთვალო კამერა დამონტაჟდა. თბილისური კვალის მოტივად გაზეთი გარდაცვლილი ბიზნესმენის განცხადებას იმოწმებს, რომელშიც საუბარია, რომ იგი კეთილმოსურნეებმა დაგეგმილი მკვლელობის შესახებ გააფრთხილეს და მასში მონაწილეობა საქართველოს შს სამინისტროს ჩინოვნიკებს უნდა მიეღოთ. "ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურა არ დავაყენო", - აცხადებდა ბიზნესმენი. "დეილი მეილი"-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით კი, მართალია, პატარკაციშვილი რუსეთის პრეზიდენტის ოპონენტიც იყო, უფრო მეტი მუქარა საქართველოდან მოდიოდა. "პატარკაციშვილმა მის პოლიტიკურ ოპონენტებზე განაცხადა - "მე მჯერა, რომ მათ ჩემი მოკვლა უნდათ", - წერს გაზეთი. რაც შეეხება რუსულ კვალს, "გარდიანი" აღნიშნავს, რომ პატარკაციშვილი და პუტინი მტრები იყვნენ და რუსეთს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. გაზეთი არ გამორიცხავს, რომ პატარკაციშვილის სიკვდილით რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების გარკვეული წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებული. ჩეჩნეთის კვალზე საუბრისას, გაზეთი კვლავ პატარკაციშვილის განცხადებას იხსენებს, სადაც იგი ამბობს, რომ საქართველოში მისმა მტრებმა მკვლელობა ერთ-ერთ ჩეჩენ საველე მეთაურს დაუკვეთეს, რომელმაც 1998 წელს თავის ბოევიკებთან ერთად ჯერ გაიტაცა, შემდეგ კი, თავი მოჰკვეთა სამ ბრიტანელ და ერთ ახალზელანდიელ ინჟინერს. შეგახსენებთ, რომ "სანდი თაიმსში" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, არსებობდა 45-წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ერთ-ერთ ჩეჩენ მებრძოლსა და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთან შედგა. ამ აუდიოჩანაწერში პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი. ვარაუდობენ, რომ ამ აუდიო ჩანაწერში ჩეჩენი მებრძოლი უვაის ახმადოვი საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების მაღალჩინოსანს ესაუბრებოდა. ამ ჩანაწერში პატარკაციშვილის ბრიტანეთში ან ისრაელში ლიკვიდაციაზე იყო საუბარი. "გარდიან"-ის მტკიცებით, ბიზნესმენი სიკვდილის წინ თავის მეგობრებთან საქართველოში მისი შესაძლო ექსტრადიციის საკითხებს განიხილავდა. "სიკვდილის წინ, სურრეის საგრაფოში მდებარე საკუთარ სახლში, გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული ბიზნესმენი ბიზნესპარტნიორთან და მეგობარ ბორის ბერეზოვსკისთან, დიდი ბრიტანეთის ყოფილ გენპროკურორთან, ლორდ გოლდსმიტთან და ლორდ ბელთან, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში მისი თბილისში ექსტრადიციის შესაძლებობას განიხილავდა", - წერს გაზეთი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |