"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

სკოტლანდ იარდის დილემა

უპირველეს ყოვლისა, ვუსამძიმრებ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და ყველას, ვისაც მისმა სიკვდილმა ტკივილი მიაყენა.

ბადრი პატარკაციშვილის უეცარი სიკვდილი მართლაც რომ შოკის მომგვრელი ამბავია საქართველოსთვის. ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ მას მოკვლას უპირებდნენ, დღეს უცნაურ ვითარებაშია გარდაცვლილი. საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში ეს უკვე მეორე შეთხვევაა, როდესაც პიროვნება სახალხოდ და ხმამაღლა ამბობდა, რომ მოკვლას უპირებენ და ის გარდაიცვალა უცნაურ გარემო პირობებში. პირველი პოლიციის ოფიცერი თელია გახლდათ, მეორე - პატარკაციშვილი. სკოტლანდ იარდის წინასწარ დადებული დასკვნა ამბობს, რომ იგი გულის შეტევით გარდაიცვალა და გარე ძალების ჩარევის კვალი არ ჩანს. ამ ვერსიის არათუ საქართველოში, საზღვარგარეთაც ნაკლებად სჯერათ. სკოტლანდ იარდის წინასწარი დასკვნა გარკვეულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და ამ წერილში ასეთი ვერსია მინდა, შემოგთავაზოთ, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

ბადრი პატარკაციშვილი ორი გახმაურებული სიკვდილის მოვლენის პერსონაჟი იყო. ლიტვინენკოს მკვლელობა, ბრიტანელი სამართალდამცავების მტკიცებით, რუსი სპეცსამსახურის ოფიცრის ანდრეი ლუგავოის მიერ არის ჩადენილი რადიოაქტიური ნივთიერების პოლონიუმის საშუალებით. ლუგავოი ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გახლდათ. მკითხველს გავახსენებ, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მისი ბერეზოვსკისთან კავშირი და ამ უკანასკნელისთვის რუსეთში საცხოვრებელი სახლის აფეთქებაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის დამამტკიცებელი მასალების გადაცემა სახელდებოდა. ექსპერტები ცალსახად აღნიშნავენ, რომ ამ სახლის აფეთქების და მსხვერპლის შემდეგ, რომელიც ჩეჩენ ტერორისტებს დაბრალდა, პუტინს ხელ-ფეხი გაეხსნა ჩეჩნეთში სრულმასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა ტერორისტების წინააღმდეგ, ამან მას უდიდესი ქულები მოუტანა და პრაქტიკულად გადაწყვიტა პუტინის ხელმეორე გაპრეზიდენტება.

ყველა, ვისაც რაიმე ურთიერთობა ჰქონდა პატარკაციშვილთან, ამბობს, რომ მას არასდროს არ ჰქონდა პრეტენზია პოლიტიკაში მოსვლაზე. იგი მენტალურად ბიზნესმენი იყო და ადრენალინი მისთვის ბიზნესში ტრიალებდა. ვარდების რევოლუციის შემდგომ ჟვანიას და პატარკაციშვილის ურთიერთობები შემდეგნაირად წარიმართა - ჟვანია ქმნიდა პოლიტიკას ქვეყანაში, ხოლო პატარკაციშვილს ექმნებოდა შესანიშნავი გარემო ბიზნესის (არა მარტო საკუთარის) განვითარებისათვის. ბადრი პატარკაციშვილის, როგორც ბიზნესმენის, ფსიქოლოგია ისე იყო მომართული, რომ მან იცოდა, რომ იშოვო ფული, ჯერ უნდა დახარჯო (ზოგიერთი დღევანდელი ნუვორიშისგან განსხვავებით). ამიტომაც იყო იგი ასეთი ხელგაშლილი და ქველმოქმედი. ეს ბიზნესმენისთვის აბსოლუტურად სწორი და მართლზომიერი ფსიქოლოგიაა. თუმცა ჟვანიას სიკვდილის შემდეგ პატარკაციშვილს ისეთი პირობები შეუქმნეს საქართველოში, რომ იგი პრაქტიკულად აიძულეს დაეშვა შეცდომა და წასულიყო პოლიტიკაში. მას სხვა არჩევანი არ დაუტოვეს. წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდა, რომ სააკაშვილს და პატარკაციშვილს შორის პირადი მტრობაა და საპრეზიდენტო მარათონი კი - ამ ბრძოლის არენა. ქვეყნის პრეზიდენტობა ან გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის კეთილგანწყობა პატარკაციშვილისთვის საკუთარი ინტერესების გატარების შესანიშნავი საშუალება იქნებოდა. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ერთ საინტერესო სურათს დავინახავთ. საქართველოში ვარდების რევოლუციის, განსაკუთრებით კი ჟვანიას სიკვდილის შემდეგ, ქვეყნის ყველაზე პრიორიტეტული და სტრატეგიული დარგები და ობიექტები რუსული სახელმწიფო კაპიტალის მფლობელობაში გადავიდა. ჩანს, რომ რკინიგზაც, რომლის გაყიდვასაც ეს ხელისუფლება ასე ფორსირებულად ცდილობს, მარსიდანაც რომ ჩამოიყვანოს კერძო კომპანია, საბოლოოდ ისევ რუსული სახელმწიფო კაპიტალის ხელში აღმოჩნდება. ფოთის თეზის კონტროლსაც რუსული თათი შეიძლება დაედოს. ამ რუსული ინტერესების შემადგენელი ნაწილი იყო ლიტვინენკოს მკვლელობა და ლუგავოი - ერთი რიგითი ჭანჭიკი. სურათიდან ჩანს, რომ თუ პატარკაციშვილი მოკლულია, იგი ამ მონსტრის ინტერესებს უნდა შეჯახებოდა.

რა შეიძლება მოჰყვეს იმ დასკვნას, თუ სკოტლანდ იარდმა თქვა, რომ ბადრი მოკლულია. ის, რომ ეს ვარდების ხელისუფლებას პირდაპირ ამხელს, გასაგებია. აქ საქმე უფრო სხვანაირად დგას. აღმოჩნდება, რომ უკანასკნელი 1,5 წლის განმავლობაში ლონდონში ბრიტანეთის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეცსამსახურების, თვალწინ ორი ტერორისტული აქტი განახორციელა სხვა სახელმწიფოს მოქალაქემ (ან ჯგუფმა). ეს ნიშნავს, რომ ეს სპეცსამსახურები არიან ძალიან სუსტები და არაფრის მაქნისები. ბრიტანეთის გადასახადის გადამხდელები თავის ფულს ჰაერს ატანენ და მათი სიმშვიდე და უსაფრთხოება დაცული არ არის. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სწორად ვერ შეიმუშავა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მმართველობა სუსტი და არაკომპეტენტურია. ბრიტანეთი უსაფრთხოების თვალსაზრისით საშიში ქვეყანაა. ეს გამოიწვევს ქვეყნიდან კაპიტალის დიდი ოდენობით გადინებას. ბრიტანეთში განთავსებული კომპანიების აქციების და უძრავი ქონების ფასების ვარდნას და კიდევ ათას უარყოფით მოვლენას.

ასეთი დილემის წინაშე დგას დღეს სკოტლანდ იარდი და ბრიტანული სპეცსამსახურები. თქვან სრული სიმართლე (თუ იგი მოკლულია) და ამით პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიონ სამშობლოში, თუ დამალონ და საიდუმლო პატაკებით აცნობონ ხელისუფლებას თავისი სისუსტეები.

ჟვანიას სიკვდილმა ბევრი რამ შეცვალა (ვიტყოდი, რომ ცუდისკენ).

პატარკაციშვილის სიკვდილიც აუცილებლად სერიოზულ კორექტივებს შეიტანს ქართულ სინამდვილეში.

აუდიო ჩანაწერების სრულ ვერსიაში ბადრი ამბობდა, რომ მას კომპრომატების დიდი მასალა აქვს ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ არ აპირებს მის გამოქვეყნებას, რადგან პრინციპულად მიაჩნია ეს არასწორად ადამიანური და კაცური სინდისიდან გამომდინარე. მისი სიკვდილის შემდეგ... გამოჩნდება კომპრომატები.

თემურ ირემაძე



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com