"რეზონანსი "
# 42
შაბათი, 16 თებერვალი, 2008 წელი

"22 წლის ბიჭი მომიკლეს და შემდეგ კრიმინალად გამოაცხადეს": ვაზაგაშვილების ოჯახი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს

ნინო მიქიაშვილი

ჩოგბურთის კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების რიგით მეხუთე ღია წერილს მიხეილ სააკაშვილის სახელზე, წინა ოთხის მსგავსად ჯერჯერობით რეაგირება არ მოჰყოლია. აქამდე სააკაშვილისთვის მიწერილი ოთხი წერილის შინაარსი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ახლა ვაზაგაშვილებმა მიხეილ სააკაშვილს ღია წერილთან ერთად, მათი შვილის მკვლელობის საქმის ირგვლივ არსებული დოკუმენტები და თვითმხილველთა ჩვენებები გაუგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ წერილში მოყვანილი ფაქტები და მასში დასმული კითხვები კვლავ უპასუხოდ დარჩება, ვაზაგაშვილები სხვა, ქუჩაში უკანონოდ დახვრეტილების ოჯახის წევრებთან ერთად პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

ღია წერილი სააკაშვილის სახელზე ვაზაგაშვილებმა სახელმწიფო კანცელარიაში 8 თებერვალს ჩააბარეს. 9-ში კი იგივე შინაარსის წერილი ჩვენს გაზეთშიც დაიბეჭდა; ამავე დღეს მათ შვილს 24 წელი შეუსრულდებოდა.

იმაზე, თუ რა ზეწოლები ხორციელდებოდა მათზე ღია წერილების შემდეგ; სად არიან ახლა სპეცოპერაციის მონაწილე სამართალდამცავები; როგორ მოიპოვეს მოკლულის მშობლებმა საქმის მასალები და როგორ აიძულეს ქალაქის პროკურატურაში ზურაბ ვაზაგაშვილის დედა, ხელით გადაეწერა ექსპერტიზის დასკვნა, "რეზონანსი" ზურაბ ვაზაგაშვილის მამას იური ვაზაგაშვილს შეხვდა და ესაუბრა.

იური ვაზაგაშვილი: 8 თებერვალს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მეხუთედ მივმართეთ. ეს პირველად რომ გავაკეთეთ, ვისაც წერილში ვუჩიოდით, პრეზიდენტის ნაცვლად იმათ გვიპასუხეს; ქალაქის პროკურატურის გამომძიებლებს - ლაცუზბაიას და მგელაძეს ვგულისხმობ. მეორედ - ქალაქის პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსი მოგვიხსნეს; მესამედ - იმ პოლიციელებმა, რომლებმაც შვილი მოგვიკლეს, ავტომანქანა წაგვართვეს. ვითომ ეს მანქანა 2004 წლის მაისში ვინმე ჯონი ცივაძემ ბათუმში კორტებთან დაკარგა. არადა, სინამდვილეში ეს მანქანა გაცილებით ადრე ჩემი მეგობრისგან შევიძინე. ჭორი გაავრცელეს, იური ვაზაგაშვილი შვილის მიერ მოპარული მანქანით დადიოდაო. იმის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გვქონდა, რომ მანქანა ჩვენი ოჯახის კანონიერ მფლობელობაში იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბაზერაშვილმა საჯაროდ განაცხადა: ბათუმში მოპარული მანქანა ვინმე იური ვაზაგაშვილისგან ამოვიღეთო.

მანქანის წართმევა და ბაზერაშვილის საჯარო განცხადება მიზნად ისახავდა ჩვენს დაშინებას და საზოგადოების თვალში ჩვენი ოჯახისთვის კრიმინალური იმიჯის შექმნას. დღეისთვის დადგენილია, რომ ცივაძემ ცრუ დასმენა განახორციელა. იგი პასუხისგებაშია მიცემული, მაგრამ ჩვენთვის მანქანა დღემდე არ დაუბრუნებიათ.

2007 წლის 15 აგვისტოს სააკაშვილს რიგით მეოთხე წერილით რომ მივმართეთ, 17-ში ღამით მოვიდნენ და ჩვენი სუპერმარკეტის უკანა კედლის დანგრევა დაიწყეს ისე, რომ სუპერმარკეტი მუშაობდა; მაგრად იყო გაკეთებული და ამიტომ კედლის დანგრევას ორი დღე მოუნდნენ. აღარაფერს ვამბობ ზურას მკვლელობიდან მე-19 დღეს ჩვენი ოჯახის საკუთრებაში არსებულ კერძო ბიზნესზე დაწყებულ ზეწოლაზე, უკანონო საჯარიმო აქტებზე და ა.შ.

"რეზონანსი": როგორ გგონიათ, ამ ფაქტების შესახებ ბატონმა სააკაშვილმა არაფერი იცის. ამაზე ხომ ტელესიუჟეტები მომზადდა, პრესაში დაიწერა...

ი.ვ: ალბათ, ამის შესახებ იცის, მაგრამ განუკითხაობა და უსამართლობაა ამ ქვეყანაში - შვილი მომიკლეს, ჩემი ოჯახი გააუბედურეს და აქ რომ ვეღარაფერს გავხდით, იძულებული შევიქენით, სარჩელით სტრასბურგისთვის მიგვემართა; ყველაფერს გეფიცებით, მრცხვენოდა სიმართლის დადგენაში დახმარებას ქვეყნის ფარგლებს მიღმა რომ ვითხოვდი, მაგრამ მეტი გზა აღარ დამიტოვეს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - ჩემი ზურიკოს მიერ ჩადენილი რაიმე დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ წარმომიდგინონ, პარლამენტის, ან სახელმწიფო კანცელარიის წინ საჯაროდ გამოვალ, ხელებს ავწევ და ვიტყვი, დღეის შემდეგ ხმას აღარ ამოვიღებ-მეთქი.

"რ": რას აპირებთ, რიგით მეხუთე ღია წერილი რეაგირების გარეშე რომ დარჩეს.

ი.ვ: სიმართლე გითხრათ, ამაზე რეაგირების დიდი იმედი არ მაქვს. უბრალოდ, მას აქამდე ოთხჯერ მივმართეთ და ამ წერილების შინაარსი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. როგორი რეაგირება მოჰყვა, ამაზე ზემოთ ვისაუბრე. ამჯერად გვინდა, საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რას მოიმოქმედებენ ჩვენი წერილის შემდეგ. მე გაჩერებას არ ვაპირებ, ბრძოლას გავაგრძელებ, ჩემი შვილის უდანაშაულობას დავამტკიცებ და დღეს იქნება თუ ხვალ, მკვლელების დასჯას მივაღწევ.

საქართველოში ასეთი უამრავი ტრაგედია მოხდა. ყველა შაოსანს, ყველა გაუბედურებულ მშობელს მინდა, დავუკავშირდე. არ გამოვრიცხავ პარლამენტის წინ შიმშილობის აქციის დაწყებას. ჩემი 22 წლის შვილი შუქნიშანთან გაჩერებულ მანქანაში მხეცურად მოკლეს; მერე გამოვიდნენ და კრიმინალიაო, გამოაცხადეს. ხელში ჩაგვივარდა ამ სპეცოპერაციის უშუალო ხელმძღვანელის კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორის მაშინდელი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ჩვენება. იმის ფარული ჩანაწერებიც მაქვს, ვინ მომიტანა ეს ჩვენება და როგორ მთხოვდნენ ჩვენების სანაცვლოდ 10 000 დოლარს.

"რ": იქნებ, მოგვიყვეთ ეს როგორ მოხდა.

ი.ვ: ერთ-ერთი პიროვნება მოვიდა და მითხრა: თუ შენ გინდა საქმის მასალები, მოგიტან, მაგრამ "მაღლა" ათი ათას დოლარს თხოულობენო.

"რ": უშუალოდ ვინ გთხოვდათ 10 000 დოლარს.

ი.ვ: ამ ეტაპზე თავს ვიკავებ მისი ვინაობის გამხელისგან, მაგრამ თუ საჭირო გახდება, დავასახელებ. ეს ამბავი ჩემი შვილის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ მოხდა. ამის დამადასტურებელი ოთხი ფარული ვიდეოჩანაწერი მაქვს და ჩემს ყოველ სიტყვაზე პასუხს ვაგებ.

"რ": გადაუხადეთ ათი ათასი დოლარი.

ი.ვ: არა, ფული არ მიმიცია. ბოლო შეხვედრაზე მანამდე გაკეთებული ჩანაწერები ვაჩვენე და ისიც გადავიღეთ, როგორ გვეხვეწებოდა, კამერა მოაცილეთ, არავითარი ფული არ მინდა, ეს ყველაფერი ძმაკაცურად მოვიტანეო. ამ დროს მისი მოტანილი მასალების ქსეროასლები გადავიღე (რადგან ეს პიროვნება ამბობდა, არ დამიჯერებენ, მომკლავენო) და უკან გავატანე - ვითომ დავიწუნე და აღარ ვიყიდე. აი, ასეთი გზით ჩავიგდე ხელში საქმის მასალების ნაწილი, რომელსაც ჩვენი ოჯახის ადვოკატებს დღემდე არ აძლევენ.

"რ": რას თხოვთ სააკაშვილს.

ი.ვ: ვთხოვთ, დაინტერესდეს ამ საქმით, გაეცნოს ჩვენს ღია წერილს, რომელსაც თან ახლავს იმის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ჩვენებები, თუ როგორ ჩაცხრილეს გაჩერებულ მანქანაში ჩვენი 22 წლის შვილი და მასთან ერთად მანქანაში მყოფი საშა ხუბულოვი, ქალაქის ცენტრში დღისით, მზისით, სახალხოდ, მრავალი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის პირობებში; თუ როგორ დააწინაურეს ე.წ. სპეცოპერაციის ყველა მონაწილე შსს-ს სხვადასხვა სტრუქტურებში; როგორ არ გვეძლევა იმის შესაძლებლობა, სახელმწიფოსგან მივიღოთ დამაჯერებელი პასუხი, თუ რის გამო მოკლეს ეს ახალგაზრდები; თუ როგორ განხორციელდა ზურაბ ვაზაგაშვილზე საკონტროლო გასროლა; თუ როგორ დაიწყო სპეცოპერაციის დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის მიერ რეალური სურათის გაყალბება; თუ როგორ არ მოგვეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო გამოძიების მიმდინარეობაში, დაგვემტკიცებინა ჩვენი შვილის უდანაშაულობა და მიგვეღწია მკვლელების დასჯისთვის...

ჩვენი ოჯახისადმი დამოკიდებულება ნათლად ჩანს იმაში, რომ დაზარალებულად არ ცნობენ დედას, რომელსაც 22 წლის შვილი მოუკლეს და რომლის სხეულზე ნატყვიარების დათვლა მისი სიმრავლის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა მკვლელი პოლიციელი, რომელთაც თითიც კი არ გაკაწვრიათ, დაზარალებულად ცნეს.

ექსპერტი წერს, ვერ ვადგენ ნატყვიარებს, ვინაიდან გვამთან ერთად არ არის წარმოდგენილი თავის ძვლის ის ნაწილები, რომლის მიხედვით ამის დადგენა შესაძლებელიაო. წარმოგიდგენიათ, რა საშინელება ჩაიდინეს.! ძვლებიც კი აღარ მიიტანეს; არ ვიცი, სად გადაყარეს. ამ ექსპერტიზის დასკვნის ასლი არ მოგვცეს და ჩემი მეუღლე ქალაქის პროკურატურაში იძულებული გახადეს, დასკვნის შინაარსი ხელით გადაეწერა.

ცოცხლად გადარჩენილმა ფუტურიძემ თქვა, ზურას თვალები გახელილი ჰქონდა, ცოცხალი იყოო. ნიანგებზე ხომ არ ნადირობდნენ.! როგორია, დაჭრილი 22 წლის უდანაშაულო ბავშვი საცოდავი თვალებით რომ გიყურებს.! არ ვიცი, ზურამ მკვლელებს უთხრა თუ არა რამე, რადგან ფუტურიძე დაკავებული ჰყავთ და ჯერ ვერ შევხვდი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com