"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

რას იკვლევდნენ გერმანელი ენათმეცნიერები სვანეთსა და სამეგრელოში?!

ეკა ბასილაია

სამეგრელოსა და სვანეთში გერმანელ ენათმეცნიერთა ჯგუფმა ენობრივი სიტუაციის შესასწავლად გარკვეულ კვლევები ჩაატარა. იყო კითხვარები, რომლის მიხედვით მოსახლეობას ეკითხებოდნენ: რომელ ენაზე ლაპარაკობთ სახლში. რა ენაზე გინდათ სწავლობდეს თქვენი შვილი. რა ენაზე ლოცულობთ. და ა.შ. პასუხებად ჩამოთვლილი ჰქონდათ: ქართული, მეგრული და სვანური.

ამ კვლევებს ენათმეცნიერი მანანა ტაბიძე აპროტესტებს და თვლის, რომ მიზეზის გარეშე არაფერი ხდება და ამ კითხვარებს, შესაძლოა, "რაიმე დივერსიული აზრის გაღვივება" ედოს საფუძვლად.

მისი განცხადებით, მსგავსი პოლიტიკა რუსულმა იმპერიამ დაიწყო. საუბარი იყო, რომ სვანურ და მეგრულ ენებს თავისი გზა აქვთ და ქართველებმა ეს უნდა აღიარონო. როგორც ამბობს, მაშინ ამ ინიციატივებს მოსახლეობა დიდი აგრესიით ხვდებოდა.

ტაბიძის თქმით, ენაში რაც უფრო მეტია დიალექტური ვარიანტები, ეს შემოქმედითობაა და მშვენიერია და ჩვენი ქართული სინამდვილიდან მოდის, მაგრამ მისი სალიტერატურო ენად გადაკეთების მცდელობა, რომელიც ჯერ კიდევ ცარიზმის ეპოქაში დაიწყო, ქვეყნისთვის სახიფთოა. ამასთანავე, ამბობს, რომ თავის ეპისტოლეებში პატრიარქიც არაერთხელ შეხებია ქართული ენის მნიშვნელობას და აღუნიშნავს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქართველური დიალექტების და ქართული ენის განშტოებების (სვანური და მეგრული) ქართული სალიტერატურო ენის გარშემო შემოკრება მიაჩნია.

მანანა ტაბიძე, ენათმეცნიერი: ისტორიულად არსებობდა ქართული სალიტერატურო ენა და მისი განშტოებები - ეს იქნებოდა ენობრივი განშტოებები თუ დიალექტები, რომლებიც ქართული სალიტერატურო ენისაკენ მოილტვოდნენ. მათ შორის იყო ორმხრივი ზემოქმედება. ქართული სალიტერატურო ენა დიალექტურ მეტყველებაზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენდა და პირიქით.

რამოდენიმე ხნის წინ გარედან შემოსულმა ფონდებმა დააფინანსეს გარკვეული ღონისძიებები. სახარების ტექსტის მეგრულად და სვანურად თარგმნას გეგმავდნენ და ამისთვის მხარდაჭერა უნდოდათ. ამას საზოგადრებაში დისკუსიაც მოჰყვა.

ამ ცოტა ხნის წინ კი გერმანელების ჯგუფის მიერ სამეგრელოსა და სვანეთში გავრცელდა კითხვარები, რომელიც ენობრივი სიტუაციის შესწავლას გულისხმობდა. ამ კითხვარების მიხედვით მოსახლეობას ეკითხებოდნენ: რომელ ენაზე ლაპარაკობთ სახლში . რა ენაზე გინდათ სწავლობდეს თქვენი შვილი. რა ენაზე ლოცულობთ. და ა.შ. პასუხებად ჩამოთვლილი იყო - ქართული, მეგრული და სვანური.

ქართველი ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეკლესია ქართულენოვანია, საკითხის ასე დასმა შემაშფოთებელია.

პატრიარქმა ამას მიაქცია ყურადღება და არაერთხელ ისაუბრა ეპისტოლეებში და თავის ქადაგებებში. ჩვენი პატრიარქი თავის ეპისიტოლეებში სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის ქართული ენის მთლიანობის პრობლემებს, მედიასაშუალებების მეტყველებას და უცხო ენებთან კონტაქტების ვითარებაში ქართული ენის სიწმინდის დაცვის საკითხებსაც ეხება. ამასთანავე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნდა ქართველური დიალექტების და ქართული ენის განშტოებების ქართული სალიტერატურო ენის გარშემო შემოკრების საკითხი.

"ბასტა": გერმანელი მეცნიერების მიმართ ეჭვები რატომ გიჩნდებათ.

მ.ტ: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე არ ჩნდება ასეთი პროგრამები. საქართველოში სპეციალური ენობრივი სიტუაციის შესწავლა ამ კუთხით ნაკლებად არის დაფინანსებული, და უცებ გერმანელები აფინანსებენ.

XIX საუკუნიდან რუსები ძალიან ხშირად წერდნენ, რომ სკოლებში ქართველები, მეგრელები, სვანები, ხევსურები და ა.შ. სწავლობენ და ამიტომაც სჯობს რუსული ენა შემოვიღოთო. ეს პოლიტიკა რუსულმა იმპერიამ დაიწყო. საუბარი იყო, რომ სვანურ და მეგრულ ენებს თავისი გზა აქვთ და ეს ქართველებმა უნდა აღიარონ. ამ ინიციატივებს მოსახლეობა დიდი აგრესიით ხვდებოდა, იყო ფაქტი, როცა სამეგრელოში წირვა მეგრულად ჩაატარეს და ხალხმა სიცილი დაიწყო, რადგან ქართულ ქადაგებას იყვნენ მიჩვეულნი.

მაგალითად, მაქვს გაზეთი - "ყაზახიში გაზეთი" - რომელიც 1930 წელს გამოდიოდა, მაქვს 2004 წლის გაზეთი "გალი", რომელსაც აწერია, რომ გაზეთი გამოდის აფხაზურ, რუსულ და მეგრულ ენებზე. ამიტომაც მგონია, რომ სახიფათო ტენდენციაა მსგავსი კითხვარები, მით უმეტეს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში.

"ბ": "ვეფხისტყაოსნისა" და სახარების ქართველურ ენებზე თარგმნა, თქვენი აზრით, რაიმე ხიფათს შეიცავს.

მ.ტ: ვიცი, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის ერთი თანამშრომელი თარგმნიდა სახარებას სვანურად და ეს არ იყო მოტივირებული იმით, რომ დივერსიას ეწეოდა. უბრალოდ, სვანი იყო და თარგმნიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეფასება და საზოგადოებრივი აზრი მოისმინა, თავი შეიკავა.

თავისთავად, როცა ხალხს სალიტერატურო ენა აქვს, მას აღარ სჭირდება ასეთი თარგმანები. რამდენიმე ქართული სალიტერატურო ენა რომ გაჩნდეს, ეს კარგი იქნება.

საკითხი ასე დგას: როცა წერილობითი პრეცედენტები ჩნდება და შეკითხვები არის, რომ რადიომ და ტელევიზიამ იმუშავოს ამ ენებზე, მაშასადამე, სალიტერატურო ენად ქართულს აღარ ცნობს და სალიტერატურო ენის ახალ ვერსიას ქმნის. ახალი ვერსია, თუკი სალიტერატურო ენად ფუნქციონირება დაიწყო, რამოდენიმე ათეულ წელიწადში სალიტერატურო ენის ადგილზე ჩანაცვლდება, შეიქმნება წერილობითი პრეცედენტი, რაც თავისთავად სალიტერატურო ენაა. თუკი, ახალი დამწერლობები გაჩნდება, ეს ხალხი სხვა ეთნოსისაკენ ჩამოყალიბებას დაიწყებს.

"ბ": და, ფიქრობთ, რომ ეს საფრთხე რეალურად დგას.

მ.ტ: მიმაჩნია, რომ საფრთხე არის, სოცლინგვისტიკაში ვმუშაობ და შემიძლია უამრავი ქვეყნის მაგალითი მოგიყვანოთ, თუნდაც ესპანეთის.

მაგალითად, ჩრდილოეთ ოსეთში ორი სალიტერატურო ენა აქვთ, დიგორული და ირონული - ეს ორი კუთხური სალიტერატურო ენა ამ ხალხის ერთ სივრცეში გაერთიანებაში ხელს უშლის. იქ რუსულიც არის სალიტერატურო ენა. იქ ორი დიალექტი ვერ მორიგდა ერთმანეთში. სირთულეს ჰქმნის. სიკეთე კი არ მოაქვს, გათიშვას უწყობს ხელს.

"ბ": მეგრული და სვანური ენათმეცნიერებაში როგორ მოიხსენიება - დიალექტები თუ ქართველური ენები.

მ.ტ: ეს ტერმინი - ქართველური ენა, \|\ საუკუნეში ჩნდება. ვახუშტი ბაგრატიონთან ჩვეულებრივ მეტყველებას ეძახიან ენას და თავისი სტრუქტურით, ფონეტიკით და თავისი სისტემით ენას არ ნიშნავს. მართალია, მეგრული და სვანური ენები დიალექტების სახით არსებობენ, თუმცა ძალიან განსხვავდებიან სხვა დიალექტებისაგან და უფრო მსხვილ წარმონაქმნებს წარმოადგენენ, ვიდრე, მაგადითად, იმერული თუ კახური.

არსებობს ქარტია ევროპული ენების შესახებ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოა მიერთებული. ქარტიის მოთხოვნაა, სახელმწიფომ თავად გადაწყვიტოს რომელი ენები მიაჩნია უმცირესობათა ენებად. როცა გადაწყვეტს - მერე სთავაზობს მათ სიას, როგორ უზრუნველყოს მათი როგორც ენების ფუნქციონირება და მათი უფლებების დაცვა. ასეთ შემთხვევაში, თუკი ერთ კატეგორიაში გავა, ფუნქციონირების ვალდებულება, რომელიც ევროპულ ქარტიებთან არის დაკავშირებული, ყველა პარამეტრში უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

პატრიარქის ეპისტოლეებში სწორედ ამაზე არის მინიშნება: იქნებ ქართველური ენის განშტოებები გვეხმარა და ტერმინი - ენა ოფიციალურ მოხმარებაში ავირიდოთო.

ენათმეცნიერებაში არ არსებობს ზუსტი პარამეტრები. აშშ-ში გამოდის ყოველთვიური სამეცნიერო ჟურნალი "დიალექტოლოგია", სადაც წერია, რომ არ არსებობს ზუსტი პარამეტრები, რომელიც გვეტყვის სად მთავრდება დიალექტი და სად იწყება ენა.

ტერმინის - დიალექტის, თუ ენის მინიჭება არავითარი თვითმიზანი არ არის, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ენათმეცნიერული კვალიფიკაცია აღმოჩნდება საბედისწერო ქვეყნისთვის, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ იქნებ გადაგვეხედა ამ საკითხზე, ისე როგორც პატრიარქის მოსაზრებაა. ჩვენ დროს არ იყო მწვავე და აქტუალური ეს ტერმინი. არც ქარტიაზე გვქონდა მოწერილი ხელი.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოებრივ დოკუმენტებში მეგრული და სვანური ენად არ უნდა მოიხსენიებოდეს. ამ ტერმინის ხმარებამ შეიძლება პოლიტიკურად ცუდი შედეგი გამოიღოს და ამდენად განშტოებების ხმარება უფრო მისაღებია. ენა არ უნდა დავუძახოთ სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს ენათმეცნიერების გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ეს პოლიტიკური და სოციალური საკითხია.

"ბ": სვანური და მეგრული ძველი ქართველური ენებია, მათი არსებობა ქართულ სალიტერატურო ენის სიმდიდრის მაჩვენებელი არ არის.

მ.ტ: რა თქმა უნდა. ენაში რაც უფრო მეტია დიალექტური ვარიანტები, ეს შემოქმედითობაა და მშვენიერია და ქართული სინამდვილიდან მოდის. მაგრამ, როცა ლაპარაკია სვანური და მეგრული სახარების ვერსიაზე, რას იძლევა ეს ტექსტები. ქართველი მწერლები ყველა კუთხის შვილები იყვნენ და ქართულ სალიტერატურო ენას ამდიდრებდნენ თავიანთი დიალექტური განსწავლულობით. კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებში ძალიან დიდი პროცენტითაა მეგრულიდან შემოსული ლექსიკა, და ეს ამდიდრებს ენას. ვაჟა-ფშაველას ქართულ სალიტერატურო ქართულში შემოჰქონდა თავისი დიალექტის სიმდიდრე და არ უცდია მხოლოდ და მხოლოდ თავისი დიალექტური მეტყველებით ეწერა. ანუ, ეს შეზავებაა. მაგალითად, ჯოისიც ამდიდრებს ინგლისურ ენას, შემოაქვს თავისი კუთხური მეტყველება. იტალიური სალიტერატურო ენა დაეყრდნო ფლორენციულ დიალექტს. თავისთავად ეს მრავალსაუკუნოვანი პროცესია და ქართული სალიტერატურო ენას, რომელსაც თავისი გარკვეული კუთხე არ აქვს, ყველა კუთხის მთლიანი პროდუქტია. ახლა გამოდის, რომ ეს შემაკავშირებელი ფუნქცია უნდა დაკარგოს.

არსებობს მეგრული და სვანური სიმღერები, ფოლკლორი ვითარდება, ანუ ბუნებრივი ენაა, რომელზეც ხალხი იმღერებს, ლექსებს იტყვის... სალიტერატურო მასალის კუთხის მეტყველებაზე გადაწყობა კი რა მოვლენაა.

აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემები ადრე არ იყო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მათ შესთავაზეს სხვაგვარად გადაეხედათ თავისი ისტორიისათვის, ეს ხალხი მთლიანად ჩამოსცილდა და, პრინციპში, მტრულადაც კი განეწყო საქართველოს მიმართ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com