|
|
"რეზონანსი "
ისტორიულ მეიდანზე მიწისქვეშა გასასვლელს და საზაფხულო თეატრს აშენებენ ანა ადუაშვილი
თბილისის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ადგილას, მეიდანზე, გინდათ "თათრის მოედანზე", საფეხმავლო მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც არქეოლოგები და თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება "ტფილისის ჰამქრის" წარმომადგენლები ირწმუნებიან, გათხრების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა შემთხვევით აღმოჩენილი როსტომ ხანის დროინდელი გალავანი და გოდოლი. მათივე თქმით, ზიანი წმინდა ეკატერინეს სახელობის ბერძნულ ეკლასიასაც მიადგა. მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებს. მათი განცხადებით, გათხრებმა ირგვლივ მდებარე სახლებს საფუძველი შეურყია. ძველი თბილისის გამგეობაში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ გათხრებმა ისტორიულ მემკვიდრეობას არათუ ზიანი მიაყენა, არამედ, პირიქით, მის აღმოჩენას და შენარჩუნებას შეუწყო ხელი. არქეოლოგების აზრით, მშენებლობაზე აღმოჩენილი გალავანი, სავარაუდოდ, მე-16 საუკუნის უნდა იყოს. მათივე მტკიცებით, სამუშაოების ჩატარებისას მშენებლებმა გალავნის დიდი ნაწილი გაანადგურეს. მიწისქვეშა გვირაბმა, ჩანაფიქრით, შარდენის ქუჩა აბანოთუბანთან უნდა დააკავშიროს. "მეიდანზე როსტომ მეფის მიერ აშენებული გალავნის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც გათხრების დროს დაზიანდა. გასული წლის ბოლოს ამ ადგილას მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობა დაიწყეს. როდესაც შევნიშნეთ, რომ ტექნიკა იყო მობილიზებული სათხრელად, მაშინვე ვკითხეთ მშენებლებს თუ ჰქონდათ ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ნებართვა. პასუხი არ გაგვცეს და ვერც ვერანაირი დოკუმენტი წარმოგვიდგინეს. მერე კულტურის სამინისტროსაც მივმართე და გავაპროტესტე, რომ ყოველგვარი არქეოლოგიური ზედამხედველობის გარეშე ქალაქის ძველ უბანში თხრები მიდიოდა. "ცოტა ხანში შევამჩნიეთ, რომ გალავნის კოშკის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო. შეგვრჩა მხოლოდ მისი ერთი მესამედი, დანარჩენი იყო თუ არა, კაცმა არ იცის. გიგი უგულავასაც მივწერე წერილი. ამის შედეგად მშენებლებმა გალავნის შემორჩენილი ნაწილი ცალკე გამოყვეს და მთლიანად აღარ განადგურდა. არადა მასზე ზემოდან უნდა გადასულიყო არმატურის კოლონები და მთლიანად დაემალა," - განაცხადა "ბასტასთან" საუბრისას ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა მერაბ ძნელაძემ. მისივე თქმით, ძველი თბილისის რაიონულ გამგეობას თავიდანვე რომ დაენიშნა გათხრებზე მეთვალყურე არქეოლოგი, გალავნის განადგურებული ნაწილიც გადარჩებოდა. "ეს უბანი ხომ ძველი თბილისის სახეა. ყველა ქვას უნდა ვეფერებოდეთ და ვუფრთხილდებოდეთ, რადგან თუ ასე წავიდა საქმე, რამდენიმე წელიწადში მისგან ისტორიული აღარაფერი დარჩება. კარგი იქნება, რომ როცა საქმე ძველ უბანს ეხება, გამგეობას ჰყავდეს ზედამხედველად არქეოლოგი, რომელიც ამ საქმეში კარგად ერკვევა. "ჩვენი პროტესტის შედაგად მშენებლებმა გათხრებზე ზედამხედველად არქეოლოგი ჯემალ გვეტაძე კი დანიშნეს, მაგრამ თავიდანვე ასე რომ ექნათ გალავნის განადგურებული ნაწილიც გადარჩებოდა," - აცხადებს ძნელაძე. თბილისის უძველეს უბანში ასეთი სახის სამუშაოების დაწყებას "ტფილისის ჰამქრის" უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილიც აპროტესტებს. მისი თქმით, ყოვლად დაუშვებელია დედაქალაქის გული ბულდოზერებით თხარო, თანაც ისე, რომ მეთვალყურედ არქეოლოგიც არ დაუნიშნო. "თბილისის ამ ნაწილში ასეთი სახის მშენებლობის დაწყება არა მარტო მიუღებელი, არამედ ყოვლად აღმაშფოთებელია. ეს სამუშაოები კლასიკური ნიმუშია იმისა თუ როგორ შეიძლება ფეხებზე დაიკიდო ქალაქის ისტორია. მეიდანი ათასწლეულის მანძილზე, არაბობის დროიდან შუა საუკუნეებამდე, ქალაქის მთავარი მოედანი, სავაჭრო-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ქალაქის გული აქ ფეთქავდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც მეიდანზე ხდებოდა. ამ ტერიტორიაზე კულტურული და არქეოლოგიური ნაშთების მთელი რიგი ფენები იყო. ახლა ძველი თბილისის გამგეობის დაკვეთით, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ არ ანაღვლებს ქალაქის წარსული, ბულდოზერებით მიადგნენ მოედანს და არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე თხრიან მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანების გასაჩერებელი გააკეთონ. "მაჩვენეთ ერთი თავმოყვარე ქალაქი, სადაც უძველეს მოედანს ასეთი მიზეზით თხრიან. ნორმალურ ქვეყნებში ძველ უბანს საერთოდ ვერ მიუახლოვდები. რამდენიმე კილომეტრით შორს უნდა გააჩერო მანქანა და ფეხით მიხვიდე. ჩვენთან კი, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც ჯიბესქელ ტიპებს პირდაპირ კაფეში უნდათ მანქანით შესვლა, გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობს," - აცხადებს ელისაშვილი ჩვენთან საუბრისას. ძველი თბილისის რაიონის გამგებელი პრობლემას სხვაგვარად ხედავს. მისი თქმით, ქალაქის ამ ნაწილში სისტემატიურად მოძრავ ადამიანებს მნიშვნელოვანი პრობლემა ექმნებათ ქუჩის გადაკვეთისას. ხშირ შემთხვევაში მათ სიცოცხლეს მანქანებისგან საფრთხეც კი ექმნება. ლაშა ფურცხვანიძე, ძველი თბილისის რაიონის გამგებელი: "მეიდანზე ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანი საფეხმავლო მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ ნებისმიერ უცხოელ ტურისტს, ან თუნდაც თბილისის მოქალაქეს ჰკითხოთ, რომელიც სისტემატურად მოძრაობს ამ ტერიტორიაზე და ცდილობს შარდენის ქუჩიდან აბანოთუბანში მოხვედრას. მომავალში ამ ადამიანებს მოედანზე გადასვლისას საავადმყოფოში მოხვედრის შიში ნამდვილად აღარ ექნებათ. კულტურულად ჩავლენ მიწისქვეშა გვირაბში... ვიმეორებ, რომ გვირაბი შარდენს სამღებროს ქუჩასთან დააკავშირებს. გვირაბს შიგნიდან ქართული აგურით მოვაპირკეთებთ." ფურცხვანიძის მტკიცებით, გათხრებისას კულტურულ მემკვიდრეობას არავითარი ზიანი არ მიდგომია. "გათხრისას აქ მართლა იქნა აღმოჩენილი ძველი ციხის გოდოლი, რომელის იქ მდებარეობის შესახებ მანამდე არავინ არაფერი იცოდა. მაშინვე დავუკავშირდით კულტურის სამინისტროს და ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გამოგზავნა წარმომადგენელი, რომელიც დღესაც აკონტროლებს სამუშაოებს. გოდოლის აღმოჩენისთანავე შევაჩერეთ სამუშაოები და არქიტექტორებთან და ხელოვნებადმცოდნეებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გოდოლი ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო გვირაბის სტრუქტურაში. ის მინის ვიტრინაში მოექცევა და გვირაბში ჩამსვლელი ყველა ადამიანი შეძლებს დანახვას. გათხრისას კიდევ კვერცხის ფორმის ძველი კოლექტორი აღმოვაჩინეთ, რომელიც კულტურის სამინისტროს დასტურით არავითარ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამჟამად მშენებლობას კულტურის სამინისტროს დანიშნული არქიტექტორიც აკონტროლებს. ასე რომ, ამ მხრივ დიდი კატასტროფა ნამდვილად არ მომხდარა. უფრო დიდი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობაა, რომელიც ბრალს გვდებს, ინვესტორთან ხართ შეკრულები და ჩვენი სახლებიდან გამოყრაში ეხმარებითო,"- აცხადებს ძველი თბილისის გამგებელი "ბასტასთან" საუბრისას. ამ საკითხზე განსხვავებული აზრისაა "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელი. ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, გათხრებისას უამრავი არქეოლოგიური მასალა განადგურდა, რომელთა მეშვეობით ქალაქის ისტორიაზე ბევრი ახალი ამბის გაგება იყო შესაძლებელი. ალექსანდრე ელისაშვილი: "როსტომ ხანის დროინდელი ძველი გალავანი და წმიდა ეკატერინეს ბერძნული ეკლესია იდგა ამ ტერიტორიაზე. ესენი კიდევ მიადგნენ და უკითხავად გამოთხარეს. ეკლესიის საფუძველი გამონგრეული და გამოთხრილია, გოდოლიც შუაზე გაჭრეს და ზემოდან ბეტონი დაასხეს. ერთ-ერთმა არქეოლოგმა ამაზე განგაში ატეხა და ის ძლივს მოახერხა, რომ გათხრების მეთვალყურედ არქეოლოგი დანიშნეს, თუმცა მას, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს ეკითხება. "ძველი თბილისის გამგეობაში თვლიან, რომ ქალაქის ამ ნაწილში მუდმივი საცობებია, მოძრაობა სულ გადატვირთულია და ამ პრობლემის გადასაჭრელედ ქალაქის ისტორია ფეხებზე დაიკიდეს. სხვათაშორის ჩვენი ორგანიზაცია ამასთან დაკავშირებით დიდი საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავდა, მაგრამ 7 ნოემბრის შემდეგ ქვეყანა აირია. თანაც ახლა უკვე საკმაოდ გვიანია. რაც გასაფუჭებელი და დასაზიანებელი იყო, უკვე გააფუჭეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ შეიძლება ქალაქის ისტორიული ცენტრი თხარო ბულდოზერებით. არქეოლოგი მერაბ ძნელაძე დარბოდა და ყველას ეხვეწებოდა ან თხრა შეაჩერეთ ან მეთვალყურედ არქეოლოგი დანიშნეთო, მაგრამ მისი თხოვნა მაშინ შეასრულეს კოშკის გათხრა დასრულებული რომ იყო და გოდოლი ბულდოზერით ჰქონდათ გახლეჩილი. უამრავი მასალა განადგურდებოდა. დარწმუნებული ვარ ქალაქის ისტორიაზე ბევრ ახალ ამბავსაც გავიგებდით. "თბილისში ძალიან ბევრი რამ ხდება აღმაშფოთებელი და ყურადღებას არავინ აქცევს. გიგი უგულავა მწუხარებაშია, რადგან სააკაშვილისგან მწარედ მოხვდა თბილისში არჩევნები რომ წააგო. თოვლი რომ მოვიდა, 2 კვირა ქუჩაში მარილიც კი არ დაყარეს. სხვა რაღაზეა საუბარი. ხალხი სერიოზულად დაზარალდა, ბევრი დაიმტვრა კიდეც." ელისაშვილი აცხადებს, რომ ისტორიული მემკვიდრეობა ქალაქის სხვა ადგილებზეც მრავლად ნადგურდება. "ადგნენ და საპატრიარქოსთან როსტომ ხანის ნასასახლარი ბულდოზარებით ამოთხარეს. არქეოლოგები ისხდნენ და ტიროდნენ, როცა ხედავდნენ გათხრებისას როგორ ამოდიოდა ჭურჭელი და როგორ იზილებოდა ერთმანეთში სხვადასხვა კულტურული ფენები. ხალხი, ვინც ასეთი ბრძანება გასცა, დამნაშავეა ქალაქის ისტორიის წინაშე. მოვა დრო და, დამერწმუნეთ, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ნამოქმედარზე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ გაფუჭებულს ვეღარ აღვადგენთ," - განუცხადა "ბასტას" "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელმა. "არ ვიცი, მეიდანზე ზუსტად რას აკეთებენ, მაგრამ იმ მოედნის ასე გათხრა რომ არ შეიძლებოდა დანამდვილებით ვიცი. ეს იყო სისაძაგლე და ყველა იმ ადამიანისთვის შეფურთხება, ვისაც ქალაქი ადარდებს და უყვარს," - დასძინა ალექსანდრე ელისაშვილმა. ძველი თბილისის გამგებლის სიტყვას თუ ვენდობით, მეიდანზე უახლოეს მომავალში დიდი ტურისტული ცენტრი აშენდება. ლაშა ფურცხვანიძე: "გვირაბის ზემოთ ღია მოედანი იქნება. ჩასასვლელის თავზე კი სუვენირების მაღაზია და ტურისტული საინფორმაციო ცენტრი განთავსდება. აქვე იქნება ღია კინოთეატრი. სხვათაშორის სწორედ ამ ადგილას იყო ამიერკავკასიის პირველი კინო. ღია კინოთეატრი უფასო იქნება და მასში ძველი ფილმების ჩვენება მოხდება. ასე რომ, უახლოეს მომავალში მეიდანი ძალიან გამოცოცხლდება და ტურისტებისთვის ერთგვარი კოლორიტი იქნება." ფურცხვანიძის თქმით, მეიდანის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის მშენებლობისადმი პროტესტი ყოვლად უსაფუძვლოა. "რაც შეეხება მშენებლობისადმი გამოთქმულ პროტესტს, აქ ორი მხარე შეგვიძლია გამოვყოთ. ერთი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ვითომ დამცველები და მეორე ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აცხადებს, რომ გვირაბის მშენებლობის გამო მათი სახლები დაიბზარა. თუმცა, ალბათ ყველა კარგად ხედავს რეალურად რა მდგომარეობაშია გვირაბის ახლოს მდებარე სახლები. აქ ჩვენ თუ არაფერს გავაკეთებთ, გაფუჭებით ნამდვილად ვერაფერს გავაფუჭებთ."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |