"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

უმაღლესებში ნაკლები კონკურსი იქნება

მარი ოთარაშვილი

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები წელს ბაკალავრიატში 15 779 სტუდენტს მიიღებენ, უმაღლესი პროფესიული სწავლის კურსით კი - 13 ათასამდე აბიტურიენტს. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, 2007-თან შედარებით, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 335-ით გაიზარდა.

ზრდა იმან განაპირობა, რომ წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ისიც,

რომ წლევანდელ გამოცდებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ქართული სკოლების კურსდამთავრებულები. სწორედ ამიტომ საჯარო სკოლების ქართულ სექტორებს მეთერთმეტე კლასელები მასობრივად ტოვებენ. ამ არჩევანს ის აბიტურიენტები აკეთებენ, რომლებსაც წელს სტუდენტობა აქვთ გადაწყვეტილი.

რეფორმის მიხედვით, წელს დამამთავრებელი კლასი ქართულ სექტორებზე არ არის, რადგან რეფორმა უკვე 12-წლიან სწავლებას ითვალისწინებს. სიახლე არ ეხება რუსულ სექტორს, ამიტომაც ქართული სკოლების მე-11 კლასის მოსწავლეები არაქართულენოვან სკოლებში გადადიან. ამის შანსი კი მომავალ წელს აღარ იქნება; როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი - სიკო ჯანაშია "ბასტასთან" საუბრისას აცხადებს, ახალი სასწავლო წლიდან არაქართულენოვანი სკოლებიც 12-წლიან სწავლებაზე გადადიან.

გარდა ამისა, 2008 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე სიახლეა: აბიტურიენტებს შეუძლიათ შესაბამის განაცხადში არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური ფაკულტეტები, არამედ უმაღლესი პროფესიული პროგრამებიც მიუთითონ და აირჩიონ.

მეორე სიახლე ის არის, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება, როგორც ქართულად და რუსულად, ასევე სომხურად და აზერბაიჯანულადაც. შესაბამისი ტესტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წელს პირველად მზადდება.

სიახლეა ისიც, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, აბიტურიენტებს 2008 წლის ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასებების 2009 წლის გამოცდებისთვის შენახვა აღარ შეეძლებათ. აღნიშნულ ცვლილებას ჯანაშია იმით ხსნის, რომ ეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების თორმეტსაფეხურიან სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია, რასაც სასწავლო პროგრამების ცვლილება მოჰყვა.

"ბასტა": რატომ გადავიდნენ ქართული სკოლები 12 წლიან სწავლებაზე.

სიკო ჯანაშია: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები 12-წლიან სწავლებაზე წელს გადავიდნენ. რამდენადაც ქართული საგანმანათლებლო სივრცე დასავლურ სისტემაზე გადადის, ქართული სკოლებიც ამ სისტემაზე გადავიდნენ. ეს კი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვამ განაპირობა. თუმცა თავიდან ამის გამო არ განისაზღვრა: 12-წლიანი სწავლებისას უფრო მეტი უნარ-ჩვევების სწავლა ხდება, ვიდრე ადრე ხდებოდა.

"ბ": მაშინ, როცა მე-10 და მე-11 კლასელები გაკვეთილებს თითქმის არ ესწრებიან (ისინი ძირითადად საგამოცდო საგნებისთვის ემზადებიან), მე-12 კლასის შემოღება სამინისტროს უშედეგოდ არ მიაჩნია.

ს.ჯ: მართალია, მე-10, მე-11 კლასელები სკოლაში არ დადიან და უფრო მეტ დროს რეპეტიტორებთან სიარულს ახმარენ, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სწორედ ახლა დაიწყო იმისთვის მუშაობა, რომ შეიქმნას ისეთი სასწავლო პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებს დააინტერესებს. შემოვა იმის აუცილებლობა, რომ საგამოცდო საგნების გარდა სხვებიც უნდა ისწავლონ. დღეს სიტუაცია სკოლებში არანორმალურია: მოსწავლეებისთვის ძნელია იმის გაგება, რომ სხვა საგნების სწავლაც მნიშვნელოვანია. ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანია თითოეულ საგანში საბაზო განათლების მიღება და მხოლოდ უმაღლესში ჩაბარება არ არის მთავარი.

"ბ": და ეს "დაინტერესება" როდის მოხდება.

ს.ჯ: ახლა მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და დაახლოებით 2-3 წელი მაინც დასჭირდება. ეს დამოკიდებულია ტრენინგებზე და სხვა ბევრ ტექნიკურ მხარეებზე; დამოკიდებულია, ასევე, აკრედიტაციაზე. ანუ სკოლების გაძლიერებაზე მუშაობა რთულია.

"ბ": 12-წლიან სწავლებაზე მხოლოდ ქართული სკოლები რატომ გადავიდნენ.

ს.ჯ: 12-წლიანი სწავლება წელს მარტო ქართულენოვან სკოლებშია, რადგან მე-12 კლასის სახელმძღვანელოები (რომლებიც წელს დაიწერა) სხვა ენებზე (რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ, ოსურ) ჯერ არ თარგმნილა. სწორედ ამიტომ დაიგვიანა არაქართულენოვანი სკოლებისთვის ერთი წლით 12-წლიანმა სწავლებამ. ზაფხულში დასრულდება სახელმძღვანელოების წერა, მომავალი წლიდან კი არაქართულენოვანი სკოლებიც გადავლენ 12-წლიან სწავლებაზე.

"ბ": როგორ ფიქრობთ, არაქართულენოვანი სკოლების მე-11 კლასები არ გადაიტვირთება ქართული სკოლიდან გადასული მოსწავლეებით, რაც 12-წლიანი სწავლების აცილების მიზნით უკვე დაიწყო კიდეც.

ს.ჯ: შეიძლება არაქართულენოვანი სკოლები მართლა გადაიტვირთოს, თუმცა მეორეს მხრივ, შესაძლებელია ეს ვერ მოხდეს, რადგან არაქართულენოვანი სკოლების რაოდენობა იმდენი არ არის საქართველოში, რომ ამდენი მე-11 კლასელი დაიტიოს.

"ბ": წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე დამამთავრებელი კლასების არყოფნა ხომ არ გამოიწვევს დაბალ კონკურსს. თუ მისაღები კონტინგენტიც შემცირდება.

"ბ": წელს შარშანდელთან შედარებით ცოტა, ანუ ნაკლები გამოშვება იქნება. თუმცა წლევანდელ მისაღებ გამოცდებს დამამთავრებელი კლასები მაინც ეყოლება: არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, რადგან, როგორც ცნობილია, ასეთი სკოლები ჯერ კიდევვ 11-წლიანი სწავლების სისტემაზე არიან. ასეთი სკოლა კი სულ 450-ია. ასევე, წლევანდელ გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას ის აბიტურიენტები, რომლებმაც შარშან ვერ ჩააბარეს. ყოველივე აქედან გამომდინარე, წელს აბიტურიენტთა სიმცირე არ უნდა იყოს. რაც შეეხება მისაღები კონტინგენტის სიმცირეს, მოხდება თუ არა ეს, ამას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ გიპასუხებთ, რადგან ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამის კომპეტენცია აქვს თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს, რადგან, სწორედ, ისინი წყვეტენ იმას, რა კონტინგენტის მიღება შეუძლიათ და ამის შესაბამისად აცხადებენ, თუ რა რაოდენობის აბიტურიენტის მიღება სურთ.

"ბ": რატომ აღარ შეუძლიათ აბიტურიენტებს შარშან მიღებული ქულა წელს გამოიყენონ.

ს.ჯ: მოგეხსენებათ, მისაღები გამოცდების ტესტი სასწავლო გეგმის მიხედვით კეთდება. შესაბამისად, ტესტები სასწავლო გეგმის შესაბამისი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, როცა იცვლება სასწავლო პროგრამა, ცვლილებას განიცდის ტესტებიც. რაც უფრო რთულდება სასწავლო პროგრამა, მით უფრო რთულდება საგამოცდო ტესტიც. არასწორი და არასამართლიანი იქნება, თუ შარშანდელი ადვილი ტესტის ჩაბარებისას მიღებულ ქულას გამოიყენებს წელს აბიტურიენტი მაშინ, როცა საგამოცდო ტესტი შეცვლილია.

"ბ": კი მაგრამ, ადრე ხომ იყო ქულების შენახვა, მაშინ არ ითვლებიოდა "არასამართლიანად".

ს.ჯ: ადრე სასწავლო პროგრამები დიდ ცვლილებებს (მეტნაკლებად) არ განიცდიდნენ. სწორედ ამიტომ მივეცით აბიტურიენტებს იმის საშუალება, წინა წელს მიღებული ქულა გამოეყენებინათ. წელს სასწავლო პროგრამები გარკვეულწილად შეიცვალა, რაც თორმეტსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლამ განაპირობა.

"ბ": საგამოცდო ტესტების სირთულე-სიმარტივე გათვლილი იყო არა მეხსიერებაზე, არამედ ლოგიკურ აზროვნებაზე. ამ მხრივ თუ შეიცვალა რამე.

ს.ჯ: ახლაც ეს პრინციპია. მთავარია, აბიტურიენტმა აჩვენოს ის, რა შეუძლია. ერთ-ერთი ცვლილება ის არის, რომ თუკი ადრე ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტები მხოლოდ ქართულ ენაზე იყო, ახლა შესაძლებელი გახდება მისაღები გამოცდები მსურველებმა რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com