"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

სპილბერგი პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა პეკინის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. ჩინელი რეჟისორის, ჩჟან იმოუს მიერ ჯერ კიდევ 2006 წელს გაკეთებულ წინადადებაზე, რათა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დადგმაში დახმარებოდა, სპილბერგის პასუხი ცნობილი წინა კვირას გახდა. ის არ აპირებს ჩინური ოლიმპიადის იმიჯის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანას და ამის მიზეზად "ცისქვეშეთის" მთავრობის მიერ სუდანთან მიმართებაში წარმოებულ პოლიტიკას ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ აფრიკულ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია მიდის სისხლიანი ომის ცენტრალურ მთავრობასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ დარფურის პროვინციას შორის. ეს ომი, რომელიც არნახული სისასტიკით მიმდინარეობს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. გაეროს მონაცემებით, ხართუმის სამათვრობო ჯარების მიერ წარმოებულ "დამწვარი მიწის" პოლიტიკას ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა.

სხვათაშორის, ომი რასისტულ ელემენტებსაც შეიცავს, რადგან, ბევრი ექსპერტის აზრით, მას საფუძველში უდევს ხართუმის არაბული მთავრობის ქედმაღლული დამოკიდებულება დარფურელი ზანგების მიმართ. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სუდანის ოფიციალური ხულისუფლების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. რომ არაფერი ვთქვათ, უამრავ ბრალდებაზე ტერორისტებთან თანამშრომლობის შესახებ. აქვე შეგახსენებთ, რომ ხართუმის ისლამისტური რეჟიმი ერთ დროს ქვეყანაში ოსამა ბენ ლადენსაც იფარავდა დასავლეთის რისხვისაგან (მართალია, ეს 11 სექტებმრის ტერაქტებამდე იყო, თუმცა მაშინაც კი ოსამა ბევრ სხვა ტერაქტში იყო ეჭვმიტანილი და მაშინაც მთელი თუ არა, ნახევარი მსოფლიოს სპეცსამსახურები თავგამოდებით ეძებდნენ.)

ამ ფონზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების სიაშია, რომლებიც სუდანის პოლიტიკაზე თვალს ხუჭავენ. პეკინი ხართუმს არა მარტო იარაღით ამარაგებს, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკურადაც მფარველობს, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოშიც.

სპილბერგის ბოიკოტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალურმა პეკინმა მყისიერი რეაგირება მოახდინა, თუმცა მხოლოდ გულისწუხილის გამოხატვით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ სპილბერგს საუკეთესო რეჟისურისთვის ოსკარი ორჯერ აქვს აღებული, 1993 წელს ფილმისთვის "შინდლერის სია" და 1998-ში კიდევ ერთი კინოლენტისთვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ "გადავარჩინოთ რიგითი რაიანი". ორივე ფილმი საკმაოდ წარმატებული იყო იმის მიუხედავად, რომ მათ ისტორიკოსების აღშფოთება გამოიწვიეს ისტორიული ფაქტების არასწორი გადმოცემის გამო. შინდლერის ქვრივმა ისიც თქვა, ამ ფილმში არც ერთი მართალი ფაქტი არ არის ასახულიო.

აი, "ყბებმა" და "იურულმა პარკმა" კი, შესაბამისად, იხტიოლოგები და პალეონტოლოგები აღაშფოთეს, თანაც იგივე მიზეზით, რასაც, უნდა ვაღიაროთ, არ შეუშლია ხელი ორივე ფილმისთვის კოლოსალური შემოსავლები მოეტანათ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com