"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

ორი ამბავი გიბსონის ცხოვრებიდან

ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი მელ გიბსონი ერთი უსიამოვნებიდან, როგორც იქნა, გამოძვრა, მაგრამ უმალ მეორე უსიამოვნებაში გაეხვია. "გამოძრომას" რაც შეეხება, წინა კვირას მას წელიწადნახევრიანი გამოსასწორებელი ვადა ამოეწურა, რაც მალიბუს (ქალაქი კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის გარეუბანი) სასამართლომ მას სიმთვრალეში ჩადენილი ინციდენტისთვის 2006 წელს დააკისრა. უსიამოვნება კი "ქრისტეს ვნებების" სცენარისტისგან მოდის, რომელიც ფილმის რეჟისორს (გიბსონს) სიცრუეში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

პირველი ინციდენტი მთელი მსოფლიოს მედიამ გააშუქა. 2006 წელს გიბსონი პოლიციის პატრულმა გააჩერა. ის ნასვამი იყო და სამართლადამცველების კანონიერ მოთხოვნაზე შესაბამისი პროცედურები გაევლო, უხეშობა და დაუმორჩილებლობა სცადა. სხვათაშორის, როგორც პოლიციელებმა შემდეგ სასამართლოზე აღნიშნეს, "უხეშობა" რასისტულ, კონკრეტულად - ანტისემიტურ, და სექსისტურ გამონათქვამებს შეიცავდა. ამის გამო შემდეგ მას ებრაული საზოგადოებრიობისთვის ბოდიშის მოხდაც მოუწია.

ჰოდა, წინა კვირას მალიბუს მოსამართლემ გიბსონს გამოსასწორებელი ვადის წარმატებით დასრულება და ალკოჰოლიზმთან წარმატებული ბრძოლა მიულოცა.

ამავე დროს, "ქრისტეს ვნებების" სცენარის ავტორი ბენედიქტ ფიცჯერალდი აცხადებს, რომ გიბსონმა, რომელიც ამ ფილმის რეჟისორია, მის მიერ დაარსებული კინოკომპანია კი საავტორო უფლებების მფლობელი, მოატყუა, როცა ცრუ მიზეზების დასახელებით რეკორდულად მცირე ჰონორარზე დაითანხმა.

კერძოდ, ბ-ნი ფიცჯერალდი ირწმუნება, მელმა მითხრა, ეს ფილმი მცირებიუჯეტიანია, სულ რაღაც 5 მილიონამდე დაჯდება და დიდ ჰონორარს ვერ გადაგიხდიო. ამასთანავე, დაუმატა, მოგებას გადამღები ჯგუფის წევრებს გავუნაწილებო. რომ მცოდნოდა, ფილმი რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდა (25-დან 50 მილიონ დოლარამდე, სხვადასხვა ინფორმაციებით), არაფრით დავთანხმდებოდი ასეთ სასაცილო ჰონორარზეო, ამბობს სცენარისტი, თუმცა ჰონორარის ოდენობას სარჩელში არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ "ქრისტეს ვნებებმა" მის მფლობელს - მელ გიბსონს - ასეულობით მილიონი მოგება მოუტანა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com