"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

მერიის სამსახურის უფროსმა სამბოს ტურნირში გაიმარჯვა

ლანა ბერიძე

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე, გარდა იმისა, რომ პროფესიიდან გამომდინარე ყოველდღე ათეულობით ადამიანს ეხმარება, ვეტერან მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონაცაა, რამდენიმე დღის წინ კი ჟენევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. როგორც გიორგაძე "ბასტასთან" საუბრისას აცხადებს, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესით არ ცხოვრობ, ვერც დახრჩობას გადაარჩენ ადამიანებს და ვერც ხანძრის ჩაქრობას შეძლებ ოპერტიულად.

"ბასტა" სპორტული ცხოვრებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში შექმნილი ვითარების შესახებ თემურ გიორგაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

თემურ გიორგაძე: პირველი თებერვლიდან ოთხი თებერვლის ჩათვლით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სამბოს ტურნირი გაიმართა. როგორც ჩემთვის იყო ცნობილი, ტურნირი, როგორც ახლაგაზრდებში ასევე ვეტერან მოჭიდავეებს შორის უნდა გამართულიყო. გადავწყვიტე, ვეტერანებში მეცადა ბედი. საერთოდ, ყოველდღე ვვარჯიშობ და ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ მაინც მოვემზადე. ჩასვლისთანავე გავარკვიე, რომ სხვა ქვეყნებს ვეტერანი მოჭიდავეები არ ჰყავდათ ჩამოყვანილი. ამიტომ შეხვედრის ორგანიზატორებმა შემომთავაზეს ახალგაზრდებში მეცადა ბედი. საერთოდ, ჩემი ასაკის ადამიანს აღარ აჭიდავებენ ახალგაზრდებში, მაგრამ შვეიცარიაში ჩასული ამაზე უარს ნამდვილად აღარ ვიტყოდი.

ნამდვილად მოულოდნელი იყო გამარჯვება. 6 შეხვედრა ვიჭიდავე, აქედან 5 დამაჯერებლად მოვიგე და ერთი ცოტა გამიჭირდა. ბოლო წამებზე გადაწყდა შეხვედრის ბედი და მაინც მოვიგე. 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში 25 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მოვიგე. 79 კილოგრამ კატეგორიაში ქართველმა ბექა იმერლიშვილმა მოიგო, ქართველი მსაჯი კი საუკეთესო მსაჯად დასახელდა, ანუ სამივე პრიზებით ჩამოვედით.

"რ": რამდენად პოპულარუალია ჭიდაობის სახეობა სამბო საქართველოში.

თ.გ: საქართველოში ნებისმიერი ჭიდაობის სახეობა პოპულარულია და მათ შორის სამბოც. იგივე შემიძლია ვთქვა მსოფლიოზე. შესაძლოა, როგორც ძიუდო ისეთი პოპულარული არ არის, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი ჭიდაობის სახეობაა.

საერთოდ რუსების სპორტია და კულუარულ ენაზე "ბაევოი", ანუ საბრძოლო, სპორტსაც ეძახიან.

"რ": გამარჯვებს შემდეგ აქტიურ სპორტში დაბრუნება ხომ რ გადაწყვიტეთ.

თ.გ: ამისთვის არც ასაკი მიწყობს ხელს და არც დრო მაქვს. სპორტს დიდი დრო სჭირდება და სამსახურს ვერ დავაკლებ ჩემ ხელს, ამიტომ ვეტერანებში გავაგრძელებ მოღვაწეობას.

"რ": სამსახური ახსენეთ და როგორც ცნობილია მერმა ყველაზე წარმატებული და მზრუნველი სამსახურის სტატუსი მოგანიჭათ...

თ.გ: ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება. დამეთანხმებით დიდი წარმატებაა, როდესაც 14 სამსახურში საუკეთესოდ გაღიარებენ. როდესაც დაჯილდოება გაიმართა, შეჯიბრზე ვიყავი ჟენევაში, მაგრამ, როცა დავბრუნდი, სიგელი დამხვდა სამსახურში.

"რ": ჩვენთვის ცნობილია, რომ იანვარში 252 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, რატომ გახშირდა ხანძრები და თებერვალში რა მდგომარეობაა.

თ.გ: სიკვდილიანობა და ხანძრების გახშირება ძლიერმა ყინვებმა გამოიწვია. სიცივეების გამო მოქალაქეებმა ძალიან დატვირთეს გამათბობელი საშუალებები, ზოგი ჩართულს ტოვებდა, ზოგან ასაკოვანი ადამიანი რჩებოდა მარტო სახლში და ვერ აკონტროლებდა სიტუაციას... კარგი იყო, რომ არც ის შემთხვევები მომხდარიყო, მაგრამ რას ვიზამთ. თებერვალში კი მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა და გამოძახებებმა იკლო. მაგალითად, გუშინაც გქონდა გამოძახება, სადაც ნასვამ ადამიანს სიგარეტის ნამწვი ჩაუვარდა საწოლში, მაგრამ გადავარჩინეთ. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, რომ ნებისმიერი ტიპის გამათბობელ საშუალებებთან სიფრთხილე გამოიჩინონ.

"რ": რაც შეეხება წყლის სამაშველო სამსახურს, ბუნებრივია ზაფხულთან შედარებით გადარჩენების რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ მაინც ხდება ცალკეული შემთხვევბი...

თ.გ: როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში მტკვარზეც და თბილისის ზღვაზეც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. მთელი ზამთრის მანძილზე მხოლოდ ერთი ადამიანი გადავარჩინეთ დახრჩობას და ერთი დამხრჩვალი გამორიყა მტკვარმა, როცა ზაფხულში ყოველდღიურად ათობით ადამიანის გადარჩენა გვიხდება. ამ მხრივ ზამთარი კარგი სეზონია.

მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომელმაც ჩემი გამარჯვება გაიზიარა, განსაკუთრებით კი ქალაქის მერიას გამოვყოფ, რომელიც მაფინანსებს და ყოველმხრივ გვერდით მიდგას, რომ წარმატებებს მივაღწიო.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com