"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

რეზო ჩხეიძე: "კონსტიტუციური მონარქია საქართველოს დიდ მომავალს მოუტანს"

მარი ოთარაშვილი

რეჟისორი რეზო ჩხეიძე საქართველოს "ნათელი მომავლისთვის" ერთადერთ გამოსავლად კონსტიტუციურ მონარქიას მიიჩნევს. როგორც "ბასტასთან" საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სწორედ ამისთვის უნდა იბრძოდნენ.

რეზო ჩხეიძე: როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას გარკვეულად ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს საკუთარი სამოქმედო გეგმა. ჩემი აზრით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შეიძლება მხოლოდ მეტ-ნაკლებად აქვთ დროებითი უპირატესობა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის არაფრის მომტანია.

"ბასტა": და რას მიაწერდით ამას.

რ.ჩ: ვფიქრობ, ამის რეალური მიზეზი სწორედ ის არის, რომ არც ერთ მათგანს სამოქმედო ზუსტი პოლიტიკური გეგმა არ გააჩნია.

"ბ": ანუ ფიქრობთ, რომ სამოქმედო გეგმა არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციას არ აქვს.

რ.ჩ: ხელისუფლებას რა გეგმები აქვს, ვერაფერს გეტყვით; ოპოზიციის ყოველგვარი მოქმედება-გეგმა კი მხოლოდ ლოკალური საკითხების მოგვარებით შემოიფარგლება. ანუ მაშინ, როცა საქართველოს ბედს 2 დიდი სახელმწიფო განაგებს, კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციის ყურადღება არა მარტო ამ შიდა სახელმწიფოებრივი საკითხებით, უფრო გლობალური მოვლენებისადმიც იყოს მიპყრობილი.

"ბ": ამისთვის რა უნდა ქნას ოპოზიციამ პირველ რიგში.

რ.ჩ: ჩემი აზრით, საქართველოს მომავალი კარგად აეწყობა, თუ სახელმწიფო-პოლიტიკურ ფორმაციად კონსტიტუციურ მონარქიას აირჩევს. სწორედ ამაზე მიანიშნა პატრიარქმა და უნდა შეუწყოს ხელი ოპოზიციამ. ამით მოხდება ბაგრატიონების დაბრუნება, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე საქართველოს სამეფო დინასტიას უძღვებოდნენ.

"ბ": კი მაგრამ, ამას ხომ ძალიან ბევრი დრო დასჭირდება.

რ.ჩ: რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. ბაგრატიონთაგან უნდა აღიზარდოს ერთ-ერთი, რომელიც საქართველოს მონარქად მოევლინება. მას უნდა ჰქონდეს ყოველგვარი განათლება: ფილოსოფიური, რელიგიური...

"ბ": მანამდე რა უნდა ვქნათ.

რ.ჩ: ეს უცებ ვერც მოხდება. ამის მაგალითი გვაქვს კიდეც ესპანეთში - როგორ მოვიდა ხუან კარლოსი ქვეყნის სათავეში. ვიდრე გამეფდებოდა, ესპანეთი ფრანკოს დიქტატურის ქვეშ იყო. ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებების ცეცხლში გაეხვეოდა, ფრანკოს თავად რომ არ გადაეწყვიტა თავისი ქვეყნის ბედი. ხუან კარლოსის მართველობისას კი ყველამ დაინახა, რომ ესპანეთი ძირფესვიანად (როგორც პოლიტიკურად, ასევე სოციალურ-ეკონომიკურად) შეიცვალა. სწორედ მაშინ დაფასდა ქვეყნის დემოკრატიაც და ყველაფერიც. ცხადია, ამას ხალხის შეცვლა უნდა, მაგრამ სხვა რაღა უნდა ვიღონოთ.! საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი ესაა. ამ შემთხვევაში ექნება დიდი მომავალი საქართველოს.

"ბ": არ შიშობთ იმას, რომ პრეზიდენტის დიქტატურა მეფის დიქტატურით შეიცვლება.

რ.ჩ: მაგას ვერ გეტყვით. მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პატრიარქის მოწოდებაა და ყველამ (ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც) უნდა გაითვალისწინოს. რაკი ეს ნათქვამი პატრიარქისგან მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ გზას უნდა დაადგეს. ეს იქნება ქვეყნისთვის დიდი მომავალი. ამ წყობით ცხოვრობენ ისეთი მოწინავე, დემოკრატიული ქვეყნები, როგორიცაა ჰოლანდია, ნორვეგია, ბელგია, შვეცია... ისინი საკმაოდ კარგად ცხოვრობენ როგორც პოლიტიკურად, ასევე სოციალურ-ეკონომიურად.

"ბ": საუკუნეების მანძილზე საქართველოს მეფე განაგებდა, მაგრამ პოლიტიკურად თუ სოციალურ-ეკონომიკურად დალხინებული ცხოვრება (დავითისა და თამარის ეპოქას თუ არ ჩავთვლით) არასოდეს ჰქონია.

რ.ჩ: მე ის ქვეყნები დაგისახელეთ, რომლებიც დღეს მონარქიული წყობით ცხოვრობენ. ამით მიგანიშნეთ, რომ დღეს მსოფლიოში კონსტიტუციუირ მონარქიით არაერთი ქვეყანა ცხოვრობს და თანაც - არაჩვეულებრივად.

"ბ": ალბათ, დამეთანხმებით, ჰოლანდიასთან ან ესპანეთთან საქართველო ვერ მოვა.

რ.ჩ: პატარა ქვეყნებიც არის, მაგალითად - შვეცია, ბელგია... ჩვენს ეპოქაში უკვე ყველაფერი შეიცვალა; შეიცვალა როგორც პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობის, ასევე ომისა თუ ბრძოლის ხერხები. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციური მონარქია ახლებური ხედვით უნდა დამკვიდრდეს. ეს მოხდეს არა სისხლითა და რეპრესიებით, არამედ მშვიდობიანი გზით. გარკვეულწილად, სწორედ, ამისთვის იზრუნებს ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა.

"ბ": როგორც ჩანს, ამიტომაც გაწევრიანდით ამ პარტიაში.

რ.ჩ: ეს პარტია არის ქრისტიანების პარტია. ის უშუალოდ დაკავშირებულია საქართველოს საპატრიარქოსთან. ეს არის მოძრაობა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსს არ ქმნის. ქრისტიანულ-დმეოკრატიული მოძრაობა ხელს შეუწყობს ქართული სიწმინდეების, ტრადიციების, ეროვნული სულისკვეთების დაცვა-შენარჩუნებას, რომლები ამ გლობალიზაციის ეპოქაში გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა. მოგეხსენებათ, რელიგიას ბევრი მტერი ჰყავს: ზოგი დაქირავებული, ზოგიც - შემოგზავნილი. ამიტომაც საჭირო გახდა ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ჩამოყალიბება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com