"რეზონანსი "
# 43
კვირა, 17 თებერვალი, 2008 წელი

"თუ ხელისუფლება სიტუაციას ადეკვატურად აფასებს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას"

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა და საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ გამართა, რომელზეც ოპოზიციის შემდგომი გეგმები გამოცხადდა. ოპოზიციამ 22 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი აქციები დაგეგმა. მათი მტკიცებით, 22 თებერვლიდან აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და თბილისის ჩათვლით საქართველოს არაერთ ქალაქში "კარვების ქალაქები" გაიშლება. იმაზე, თუ რამდენად რეალურია პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლის ალბათობა, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტას, თქვენი ვარაუდით, მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურულია.

- როგორც ერთი, ისე მეორე მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტა ცუდია, ანუ მოლაპარაკება ორივესთვის რჩება სასურველად. უბრალოდ, ოპოზიციას პრეტენზიები აქვს მოლაპარაკების პროცესის მიმართ, თორემ თავისთავად მოლაპარაკებაზე უარი არც ოპოზიციას უთქვამს, რაც პრინციპში ტოვებს შანსს, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება, ვფიქრობ, მოლაპარაკებები მაგიდასთან განახლდება.

- თუმცა, ოპოზიციამ 22 თებერვალს ფართომასშტაბინი აქციები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაგეგმა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია პოლიტიკური პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლის ალბათობა.

- კონსტიტუციური კალაპოტიდან პოლიტიკური პროცესის ამოვარდნის ალბათობები ძალიან დიდია, როდესაც ამ მასშტაბის პროცესებთან გვაქვს საქმე. მაგრამ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებმა ისეთი სახე მიიღო, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ეს პროცესები კალაპოტიდან ისე ადვილად არ ამოვარდება, როგორც სხვა ქვეყნებში. ანუ, ლიდერების მიერ შემოთავაზებულ ნაბიჯებს ხალხი ძალიან ადვილად იზიარებს, ამიტომ ვიმედოვნებ, სტიქიურ მოვლენებში გადასვლის ალბათობა ნაკლებია.

- თქვენი აზრით, ხელისუფლება მზადაა შეასრულოს მის მიერვე შემუშავებული მემორანდუმის მუხლები.

- მემორანდუმის მიმართ ოპოზიციას პრეტენზია კონკრეტიკაზე ჰქონდა, ოპოზიცია მემორანდუმის ზედმეტ აბრსტაქტულობას უჩიოდა და აღნიშნავდა, რომ მასში არ ჩანს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის ვადები. კონკრეტიკას რაღა უნდა, ბოლოს და ბოლოს ამ ხელისუფლებამ ორ დღეში კონსტიტუაცია ოპერატიულად შეცვალა, თანაც ისე, რაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიაჩნდა. თუ კანონის შეცვლა საჭიროა, უნდა შეცვალოს, თუ პიროვნება უშლის ხელს, პიროვნება შეცვალოს და ა.შ. ეს ხელისუფლება შევარდნაძის ხელისუფლებისგან სწორედ ოპერატიულობით გამოირჩევა და ოპერატიულობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მცირე დროში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას პოპულიზმში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციას საპროტესტო ელექტორატის შენარჩუნება აქციების გაგრძელებით სურს, თქვენ იზიარებთ ასეთ მოსაზრებას.

- ოპოზიციას რომ ელექტორატის შენარჩუნების ინტერესი ჰქონდეს, გასაკვირი არაა, მაგრამ თუ ამას ხედავ და ფიქრობ, რომ საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებულია, მაშინ ნუ მისცემ ასეთი ნაბიჯის გადადგმის საბაბს. ეს არ არის იმის გამართლება, რომ გაჭიანურდეს პროცესები, პირიქით, თუკი ამას ხვდება ხელისუფლება, მაშინ მის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ოპოზიციის განიარაღების საშუალება იქნება და მხოლოდ კომენტარების გაკეთება შედეგს არ მოიტანს, ეს გაღიზიანებას გამოიწვევს.

- თქვენ, პრაქტიკულად შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის იმედი გამოთქვით, რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი.

- იმედი მაქვს, დიალოგის რეჟიმიდან გამოსვლას არც ერთი და არც მეორე მხარე ისურვებს. მოლაპარაკებების განახლებისათვის არ გამოვრიცხავ ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. თუკი ხელისუფლება ადეკვატურად აფასებს სიტუაციას, მაშინ მან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com