|
|
"რეზონანსი "
ბრიტანელები აცხადებენ, რომ პატარკაციშვილი მძიმე ავადმყოფი იყო ეკა ბასილაია
სავარაუდოდ, ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი მიზეზით დაიღუპა. ასეთი განცხადება სურეის საგრაფოს პოლიციის კორონერმა (სიკვდილის შემთხვევების გამომძიებელმა) წინასწარ სასამართლო მოსმენაზე განაცხადა. მისი ჩვენების თანახმად, სიკვდილისშემდგომმა კვლევამ ბიზნესმენს კორონარული (გულის მკვებავი) სისხლძარღვების მძიმე დაავადება აღმოუჩინა. "ის ყოველ წუთს შეიძლება დაღუპულიყო," - აღნიშნა კორონერმა პათოლოგოანატომ ეშლი ფეგან-ერლის დასკვნაზე დაყრდნობით. არადა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, პატარკაციშვილს გულის დაავადება არ აწუხებდაო. ამასთანავე, გიორგი თარგამაძე "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ნოემბრის ბოლოს ლონდონში პატარკაციშვილი თავად მოუყვა, რომ რამდენიმე დღის წინ კომპლექსური სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჯანმრთელი იყო. ბოლო დროს პატარკაციშვილის ირგვლით დატრიალებული პოლიტიკური ამბების ფონზე, სკანდალური ჩანაწერის გახმაურებითა თუ "ტელეიმედთან" დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია პატარკაციშვილის გარდაცვალება ხელოვნურად იყოს გამოწვეული. გაისმა განცხადებები პოლიტიკური მკვლელობის შესახებ. თანაც, ყველას კარგად ახსოვს ოქრუაშვილის საჯარო განცხადებაც, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მას და შს მინისტრს პრეზიდენტმა პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა. მოგვიანებით გავრცელდა ფარული ჩანაწერი ერთ-ერთ ჩეჩენ ბოევიკსა და შსს-ს თანამშრომელს შორის, სადაც საუბარი იყო ასევე პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გაჩნდა ეჭვები. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა კი კვალიფიკაცია უკვე მისცა, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა, გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით. პატარკაციშვილს ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ. ოჯახის ამ პოზიციის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტარმა ვანო ჩხარტიშვილმა და ვაჟა ლორთქიფანიძემ აცნობეს, რომლებიც გოგა ხაინდრავასთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გარდაცვლილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით იმყოფებიან. ლორთქიფანიძის განმარტებით, ოჯახი ენდობა ბრიტანულ პოლიციას, ბრიტანელ ექსპერტებს და დაელოდება ექსპერტიზის საბოლოო დასრულებას, რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას. ცხედარი ამჟამად ეპსონის ჰოსპიტალშია. "ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ზუსტი პასუხი, თუ როდის გახდება ცნობილი ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. ვარაუდობენ, რომ ეს ერთი კვირის ფარგლებში მოხდება. შესაბამისად, ამ პასუხის შემდეგ მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენება," - განაცხადა ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის სურეის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გულის იშემიური შეტევის შედეგად გარდაიცვალა. მართალია პირველადი დასკვნით საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმენი "ბუნებრივი" მიზეზით გარდაიცვალა, მაგრამ საზოგადოებაში ეჭვები არსებობს, ხომ არ გამოიწვია სიკვდილი ხელოვნურმა ფაქტორებმა. პოლიციის თქმით, პატარკაციშვილი ბოლო პერიოდში მკერდის არეში ტკივილებს უჩიოდა და სიკვდილის წინ გონება დაკარგა, რაც იშემიური დაავადების სიმპტომებზე მიუთითებს. გარდაცვალების ზემოხსენებული მიზეზი ცხედრის გაკვეთის წინასწარმა შედეგმაც დაადასტურა. უოკინგის სასამართლომ ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზების გამოძიება უკვე დაიწყო. პოლიციის განცხადებით, სასამართლო დაელოდება პატარკაციშვილის ცხედრის ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რომელიც მზად დაახლოებით ათი კვირის შემდეგ იქნება. შესაძლებელია თუ არა წინასწარი გმოკვლევის შემდეგ ადამიანი ჯანმრთელად დაფიქსირდეს, რამდენიმე ხანში კი უეცარი სიკვდილით გარდაიცვალოს. რა პროცენტით არსებობს ასეთი ალბათობა. ამაზე "ბასტას" კარდიოლოგი კახი ბერიძე ესაუბრა. კახი ბერიძე, კარდიოლოგი: "თუკი წინასწარ განწყობებზეა საუბარი, ეს შეიძლება იყო გვირგვინოვანი არტერიების, გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვების, ათეროსკლეროზული გადაგვარება. უხშირეს შემთხვევაში ხდება თრომბირება და იმ უბანს, რომელსაც ეს არტერია კვებავს, სისხლი არ მიეწოდება. შედეგად, გულის კუნთის ის უბანი კვდება. საბოლოოდ ამას ინფარქტამდე მივყავართ. ინფარქტმა კი შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს, ან - არ გამოიწვიოს. "მეორე, 5%-ში არის შესაძლებელი კორონაროსპაზმი, იგივე გვირგვინოვანი არტერიების შეკუმშვა. ანუ, ათეროსკლეროზული ღილაკები შიგნით შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ სპაზმი მოხდეს და გამოიწვიოს რაღაც კონკრეტული უბნის კვდომა. ესეც ინფარქტია. ეს ორი ძირითადი ფაქტორია, რაც წინ უსწრებს ხოლმე ინფარქტს. "ათეროსკლეროზამდე მიყვანის წინაპირობები უამრავია, მაგის ჩამოთვლას აზრი არა აქვს. სპატსიური ბუნების, მეორე ვარიანტი რაც არის და რაც იშვიათია, წინასწარ დიაგნოსტირება ძალიან ძნელია. კორონაროგრაფია, რომლის გადაღებაც ხდება სისხლძარღვების გამოსაკვლევად, ვერ აფიქსირებს. პირველი ტიპი კი გარანტირებულად დიაგნოსტირდება. "მეორე, სპასტიური ბუნების შემთხვევაში, დიაგნოსტირება სიტუაციურად ხდება, თანაც ამას ყოველთვის სიკვდილამდე არ მივყავართ. უფრო ხშირ შემთხვევაში - სიკვდილით არ მთავრდება. შესაძლებელია, გაიშალოს ეს სპაზმი და სისხლის მიმოქცევა აღდგეს. "რაც შეეხება პატარკაციშვილის გარდაცვალებას, არ ვიცი რა ვერსიებია. უეცარი კორონალური სიკვდილიც ნამდვილად არსებობს... ისე, უეცარი სიკვდილის უამრავი ვარიანტია. თანა, არა მარტო ინფარქტით გამოწვეული. "წინასწარი გამოკვლევის ჩატარებისას ალბათობა კლებულობს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რაც შეეხება ხელოვნურად გამოწვევა რამდენად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მედიკამენტოზურად შესაძლებელია. თეორიულად დასაშვებია. "რაც შეეხება გულის იშემიურ შეტევას, ასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს. იშემიური დაავადების ერთ-ერთი გართულებაა ინფარქტი. თანაც, იშემიური დაავადება ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს და მარტო ინფარქტი არ ახასიათებს."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |