|
|
"რეზონანსი "
არ ვაღიარებთ, მაგრამ მხარს დავუჭერთ
რუსი პოლიტოლოგის განცხადებით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა აფხაზეთსა და ცხინვალს თბილისმა პრობლემები არ შეუქმნას რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვეტილი საკითხია. (პრიშტინა სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს ცალმხრივად დამოუკიდებლობას.) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღიარების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების მიუხედავად, საქართველოში მოსკოვისგან ამ საკითხში სიურპრიზებსაც არ გამორიცხავენ. ამ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" რუს პოლიტოლოგს და რუსეთის სათათბიროს დეპუტატს სერგეი მარკოვს ესაუბრა. მარკოვის განცხადებით, როგორ რეაგირებას მოახდენს მოსკოვი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ცნობს თუ არა იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ის საკითხებია, რომელთა შესახებ "ზუსტად არავინ იცის." მარკოვის საუბრიდან აშკარად იკვეთება, რუსეთი იმედოვნებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას ყველა ევროპული ქვეყანა არ აღიარებს და ამ ეტაპზე მოსკოვი იმას დაელოდება, თუ როგორ და რა მასშტაბებს მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს აღიარება. მისივე განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, სოხუმს მოსკოვისაგან სრული მხარდაჭერა ექნება." მისივე მტკიცებით, თუ მოსკოვი აქამდე აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის ასაცილებლად "ოდნავ" ეხმარებოდა, აწი იმდენს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება. მარკოვი საქართველოს მიერ მსო-ში რუსეთის გაწევრიანების პირობად მოსკოვისათვის წაყენებულ მოთხოვნას ფსოუზე და როკის გვირაბზე საბაჟო პუნქტების გახსნის შესახებ, არამართებულად მიიჩნევს და ოფიციალურ თბილისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების დარღვევაში ადანაშაულებს. მისივე განმარტებით, მსო-ს წესდებაში ნათლად წერია, რომ სადაო საკითხებზე მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ეკონომიკური და არა პოლიტიკური საკითხები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო ორგანიზაციის წესდებას არღვევს. იგი ქართულ მხარეს სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებების განახლებას ურჩევს და მიუხედავად იმისა, რომ აფხაზ ლიდერებს დევნილთა გაგრასა და სოხუმში დაბრუნების შესახებ განცხადება არასოდეს გაუკეთებიათ, იგი სწორედ მათზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სოხუმის ხელისუფლება მზადაა დააბრუნოს დევნილები როგორც გაგრასა და სოხუმში, ასევე ახალ ათონსა და აფხაზეთის სხვა რაიონებში. დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მისეული ხედვა-პირობები გაუზიარა. მისი მტკიცებით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტელეარხებზე უნდა შეწყვიტოს ანტირუსული რიტორიკა, თავი დაანებოს საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ტერორიზებას, გამოთქვას მზადყოფნა აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებების დასაწყებად და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან საქართველოს სამხედრო ძალების განლაგებაზე. მარკოვის განმარტებით, ამ პირობების შესრულების შემთხვევაში რუსეთი სიამოვნებით იქნება მზად საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში მოსკოვისგან ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც არ გამორიცხავს. დეპუტატ მარკოვის მოსაზრებები იმითაა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ იგი ხშირად საქართველოსადმი კრემლის პოლიტიკას ახმოვანებს. მის განცხადებებში ნათლად იკვეთება საქართველოსადმი რუსეთის მიერ გასატარებელი პოლიტიკის ტაქტიკაცა და სტრატეგიაც. - ბატონო სერგეი, გასულ კვირას სახელმწიფო სათათბიროში რამდენიმე კომიტეტს კოსოვოს აღიარების შემთხვევაში რუსეთის მოქმედების სავარაუდო გეგმა უნდა განეხილა. - მცდელობის მიუხედავად საკითხის განხილვა გადაიფიქრეს და მისი განხილვა გადაიდო. საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტს საკითხის შესწავლა დაევალა. საკითხის საჯაროდ განხილვა იმის გამო გადაიდო, რომ კანონმდებლებს არ უნდოდათ ხელისუფლების მოქმედებისათვის ხელ-ფეხი შეეკრათ. რამდენადაც ვიცი, ამგვარი განხილვა მალე დახურულ რეჟიმში გაიმართება. - რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვმა განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარების შემთხვევაში მოსკოვი არაღიარებული რესპუბლიკების მიმართ დამოკიდებულებას გადახედავს. რამდენად სავარაუდოა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. - ეს ის თემაა, რომლის შესახებაც ზუსტად არავინ იცის. განიხილება რეაგირების რამოდენიმე ვარიანტი. რამდენადაც ვიცი, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას ყველა ევროპული ქვეყანა არ აპირებს და კოსოვოს დამოუკიდებლობის ყველას მიერ აღიარება არ მოხდება. ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ალბათ, განხორციელდება დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ერთგვარად ნახევრადაღიარება. თუმცა, სრულად აღიარების ალბათობაც დიდია. ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, როგორ, სრულად თუ ნახევრად და რა ტემპებით და რა პროპორციებით იქნება აღიარებული კოსოვოს დამოუკიდებლობა. ფაქტია, რომ ამერიკელები ამ საქმეში ინიციატივას იჩენენ. რაც შეეხება რუსეთს, პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ არაღიარებული რესპუბლიკების აღიარება-არაღიარების თემაზე რუსეთის პოლიტიკურ ძალებს შორის მიდის ბრძოლა. ერთი ნაწილი მოითხოვს ამ რესპუბლიკების დაუყოვნებლივ აღიარებას, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ ამის გაკეთება საჭირო არ არის, მესამენი ამ რესპუბლიკების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას. ამ მოსაზრებიდან რომელი გაიმარჯვებს, ჯერ გაურკვეველია. ეს საკითხი ღიად რჩება. ჩვენ ვამბობთ, რომ კოსოვოს აღიარებით პრეცედენტი იქმნება. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლობის აღიარებისათვის მეტი საფუძველი აქვს, ვიდრე კოსოვოს. - არ გამორიცხავთ, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. - რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთს საქართველოს მხრიდან რაიმე პრობლემა არ შეექმნას. არ ვიცი, მივა თუ არა საქმე პრაქტიკულ აღიარებამდე, მაგრამ ვიცი, რომ მოსკოვი აფხაზეთს ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება და ყველა მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. - სოხუმი მოსკოვისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რეალურად რუსეთის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სამხედრო სივრცეშია. ფაქტობრივად, სოხუმი და ცხინვალი მოსკოვისგან არსებული ვითარების იურიდიულად გაფორმებას მოითხოვენ. - არ ვიცი როგორ იქნება იურიდიულად, მაგრამ ვიცი, რომ აფხაზეთს რუსეთისაგან თავისი შიდა პრობლემების მოგვარებისთვის მოსკოვისაგან ყოველთვის მხარდაჭერა ექნება. თბილისში ჰგონიათ, რომ ჩვენ აფხაზეთს ვეხმარებით, აფხაზეთში კი იმას გვსაყვედურობენ, რომ მათ საკმარისად არ ვეხმარებით. სოხუმში განსაკუთრებით სამხედრო სფეროში დაუხმარებლობას გვსაყვედურობენ. საქართველოში ფიქრობენ, რომ რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი პრაქტიკულად ღიაა. ეს ასე არაა, საზღვარი კონტროლს ექვემდებარება და რეალურად, მხოლოდ პატარა გასასვლელითაა გახსნილი. მცდარია მოსაზრება, თითქოს რუსეთს აფხაზეთი აქვს ანექსირებული, გარწმუნებთ, რეალურად ასე არაა. - მოსკოვი სოხუმს რუსეთის ხაზინიდან წელს 620 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება, აფხაზეთში ფულადი ერთეული რუსული რუბლია, მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული, აფხაზეთში ვითარებას რუსეთის სამშვიდობოები აკონტროლებენ, რუსი სამხედროები აფხაზურ ჯარს წვრთნიან, რუსული კაპიტალით აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენა აქტიურად მიმდინარეობს, ანექსია მეტი რაა. - კი, ეს ასეა, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე მოსკოვი აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის ასაცილებლად მხოლოდ ოდნავ ეხმარებოდა, ახლა კი იმდენს დავეხმარებით, რამდენიც საჭირო იქნება. მოკლედ, ამ ეტაპზე სოხუმს, დამოუკიდებლობის აღიარების გამოკლებით, მოსკოვისგან სრული მხარდაჭერა ექნება. - თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში შესაძლებელი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესება. - მიმაჩნია, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის წინაპირობები რეალურად არსებობს. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტელეარხებზე ანტირუსულ რიტორიკა შეწყვიტოს, თავი გაანებოს საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის ტერორიზებას, გამოთქვას მზადყოფნა აფხაზეთან და ოსებთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ასევე თავი გაანებოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების განლაგებას. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში რუსეთი სიამოვნებით იქნება მზად საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის. ამ შემთხვევაში, მოსკოვი არ გამორიცხავს ორ ქვეყნას შორის არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებასაც. - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ რუსეთის ტერორიზებაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას ხომ არ გულისხმობთ. - დიახ და არა მარტო ამ ორგანიზაციას. - საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისათვის მოსკოვისაგან ფსოუზე და როკის გვირაბზე საბაჟო პუნქტების გახსნას ითხოვს. - ეს არარეალურია. რუსეთი ფსოუზე და როკის გვირაბზე ქართველი მესაზღვრეებისა და მებაჟეების განლაგებას არასდროს არ დათანხმდება. - ასეთ სიტუაციაში თქვენ მაინც ითხოვთ, რომ საქართველომ რუსეთს ხელი არ შეუშალოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. - რა თქმა უნდა. ეს ხომ პოლიტიკური და არა ეკონომიკური მოთხოვნაა. მსო-ს წესდებაში წერია, რომ სადავო საკითხებზე მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ეკონომიკური მოთხოვნა და არა პოლიტიკური. ამ თვალსაზრისით საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებას უხეშად არღვევს. - მოსკოვი თბილისისაგან აფხაზეთზე თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების დადებას ითხოვს. ეს მაშინ, როცა აფხაზური მხარე უარს აცხადებს დევნილთა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაბრუნებაზე და არც მალავს, რომ გალის რაიონის გარდა, სოხუმი დევნილთა დაბრუნებას არ აპირებს. თქვენი აზრით, თბილისის ეს მოთხოვნა პოლიტიკურია თუ ეკონომიკური. - მხარეთა შორის ნდობის აღსადგენად მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ეს პირველ რიგშია გასაკეთებელი. დევნილთა დაბრუნებაც მნიშვნელოვანი საკითხია. რამდენადაც ვიცი აფხაზეთის ხელმძღვანელობა მზადაა დააბრუნოს ქართველი დევნილები გაგრაში, ახალ ათონში და სოხუმშიც, მაგრამ ამისთვის დამატებით გარანტიებს ითხოვს. სოხუმში შიშობენ, რომ დაბრუნებულ ქართველ დევნილებს ქართული მხარე აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის გაჩაღებისათვის გამოიყენებს. ამ და სხვა სადავო საკითხებზე კონსენსუსის მოსაძებნად ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები უნდა განაახლოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. ჩვენ რამდენიც არ უნდა ვარკვიოთ ეს საკითხი პოლიტიკურია თუ ეკონომიკური, ამ საკითხებზე თბილისი და სოხუმი უნდა შეთანხმდნენ.
კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |