"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

სააკაშვილმა წყალი გაგვიყიდა : "მთელ კვირას" ხელში გასაიდუმლოებული დოკუმენტი ჩაუვარდა

ელზა წიკლაური

მიუხედავად ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "ჟინვალჰესის", თბილისისა და მცხეთის წყლით მომარაგების სისტემების, ასევე გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის გასხვისების მიზნით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა, აღნიშნული სტრატეგიული ობიექტები საბოლოო ჯამში მაინც პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისდა.

მართალია, ტენდერი ჩატარდა და მასში ათმა კომპანიამაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა, უკვე 2007 წლის 23-24 ნოემბერს (გადადგომამდე ორი დღით ადრე) პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაბამისი განკარგულება გამოსცა და ობიექტები შვეიცარიულ კომპანიას "ქგდეშზდუჩ უტუკპშ დშქშეუვ"-ს, იგივე "მულტიფლექს ჯორჯიას" მიყიდა.

როგოც ჩანს, შპს "თბილისის წყლის" გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟი კვლავ გრძელდება. კომპანია, რომლის გაყიდვას არა მარტო ოპოზიცია, არამედ საპატრიარქოც კი ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ მაინც გაიყიდა და ის, როგორც ექსპერტები აცხადებენ, საკმაოდ საეჭვო კომპანიას გადაეცა. არადა, რამდენიმე წლის წინ მაშინდელი "თბილწყალკანალის" გასხვისებას მიხეილ სააკაშვილიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მას საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. იმ პერიოდში "თბილწყალკანალის" ყიდვა ფრანგულ კომპანია "ჟენერალ დეზოს" სურდა, თუმცა, ბრძოლის შედეგად ეს გარიგება მაშინ არ შედგა.

"თბილისის წყალი" პრეზიდენტმა გაყიდა

შეგახსენებთ, რომ "თბილისის წყლის", "ჟინვალჰესის", მცხეთის წყლის მომარაგების სისტემებისა და გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის გასხვისების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გასული წლის ზაფხულის ბოლოს გამოცხადდა. შესაბამისი განაცხადის შეტანისთვის ეკონომიკის სამინისტრომ ვადა 2007 წლის 20 სექტემბრამდე დააწესა, რის შემდეგაც მომავალი მფლობელის ვინაობა მალევე უნდა გარკვეულიყო. თუმცა, იმ პერიოდში გამარჯვებულის გამოვლინება ვერ მოხერხდა, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიების მიერ შემოტანალი დოკუმენტაციებში გაწერილი პუნქტები საკმარისად არ ჩათვალა და ტენდერში მონაწილეებს დამატებითი განცხადებების შემოტანა ურჩია.

რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, უფრო ზუსტად კი, პროექტების განხილვის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებულიც გამოავლინა, გაირკვა, რომ სატენდერო პირობები ყველაზე უკეთ საკუთარ პროგრამაში "ქგდეშზდუჩ უტუკპშ დშქშეუვ"-მა, იგივე "მულტიფლექს ჯორჯიამ" ასახა.

თუმცა, დღეს ირკვევა, რომ კომპანიას ზემოთჩამოთვლილი ობიექტები პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების შესაბამისად პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.

2007 წლის 24 ნოემბრის (25 ნოემბერს სააკაშვილი უკვე პრეზიდენტი აღარ იყო) საქართველოს პრეზიდენტის #702 განკარგულებაში, რომელიც შპს "თბილისის წყლის" ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება წერია:

1. "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შპს "თბილისის წყლის" 100%-იანი წილი აქციებით შეზღუდულ კომპანია "ქგდეშზდუჩ უტუკპშ დშქშეუვ" (შემდეგში - მყიდველი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს 85 მილიონ ამერიკული დოლარის ეკვივალენტ ლარად, შემდეგი პირობებით:

ა) საპრივატიზებო თანხის 50% გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ხოლოდ დარჩენილი 50% - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში.

ბ) გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობის ტარიფი განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობით (თანხა მითითებულია ლარობით ერთ სულ მოსახლეზე): 2008 წ - 2,4; 2009 - 2,6; 2010 - 2,95; 2011 - 2,95; 2012 - 2,95; 2013 - 2,95; 2014 - 3,3; 2015 - 3,5; 2016 - 3,7; 2017 - 3,9; 2018 - 4,1.

დ) მოსახლეობისათვის წყლის ტარიფის გადახედვა დასაშვებია ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებების შემთხვევაში;

ე) ორგანიზაციების ტარიფი 2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით რჩება უცვლელი, კერძოდ, 4,41 ერთ მეტრ კუბზე.

ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ წყლის ხარისხი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს "ჯანმოს" (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის) სტანდარტებს, "მაგრამ არ იყოს თბილისში დღეს არსებულზე უარესი".

ასევე საუბარია, რომ ქალაქი ძველი საზღვრების ფარგლებში (31.12.06 მდგომარეობით) 2011 წლამდე უწყვეტად უნდა (24 საათიანი) მომარაგდეს წყლით. ხოლო, ქალაქი ახალი საზღვრების ფარგლებში - 2013-2015 წლებში.

ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, არა უგვიანეს 2012 წლისთვის აღმოფხვრილ უნდა იქნას კანალიზაციის ჩადინება მდ. მტკვარში თბილისის ტერიტორიაზე. ასევე კორპუსების გამრიცხველიანობა უნდა დასრულდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 4 წლისა. მრავალბინიანი სახლების გამრიცხველიანება (აქ ალბათ, პროექტის ავტორი ისევ კორპუსებს გულისხმობდა. რედ) დასრულდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 7 წლისა.

პრეზიდენტი ამავე განკარგულების ერთ-ერთ ქვე-პუნქტში აღნიშნავს, რომ კომპანიამ პირველი 5 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს ჟინვალის წყალსაცავიდან წყლის მიწოდება წყალმომარაგების სათავეებზე არა ნაკლებ 30 მეტრ კუბი წამში მთელი წლის განმავლობაში.

"ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს 25 მილიონი ამერიკული დოლარის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღს დამატებული სამი თვე", - აღნიშნულია განკარგულების.

განკარგულების მეორე პუნქტში სააკაშვილი წერს, რომ "დარგის განვითარებისა და საქმიანობის წარმატებით წარმართვის მიზნით, მყიდველს უფლება აქვს, შემოიყვანოს ოპერატორი, რომელიც განახორციელებს საწარმოთა ეფექტიან მართვას და რომელსაც აქვს ანალოგიური საწარმოების მართვის სათანადო გამოცდილება.

ერთი დღით ადრე კი, თითქმის ანალოგიური განკარგულება სააკაშვილმა "საქწყალკანალის", "მცხეთაწყალკანალისა" და "რუსთავწყალკანალის" შესახებაც გამოსცა. დადგენილება #685 პრეზიდენტმა 2007 წლის 23 ნოემბერს გამოსცა. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ობიექტების 100%-იანი წილი "ქგდეშზდუჩ უტუკპშ დშქშეუვ"-ს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.

აღნიშნულ განკარგულებაში ვკითხულობთ:

"სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ", საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად:

1. შპს "რუსთავწყალკანალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს აქციებით შეზღუდულ კომპანია "ქგდეშზდუჩ უტუკპშ დშქშეუვ" (შემდეგში - მყიდველი) 15 მილიონი აშშ დოლარი ეკვივალენტ ლარად, შემდეგი პირობებით:

საპრივატიზაციო თანხა გადაიხადოს ოთხი თანაბარი ტრანშით, შემდეგი გრაფიკით: საპრივატიზაციო თანხის 25% 22.12.2008 წლამდე.

2. შპს "საქწყალკანალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და შპს "მცხეთაწყალკანალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს მყიდველს 662 ათას აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად, შემდეგი პირობებით:

ა) საპრივატიზაციო თანხის 50% გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ხოლოდ დარჩენილი 50% ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში; ბ) გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობის ტარიფი (მცხეთა) განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობით (თანხა მითითებულია ლარობით ერთ სულ მოსახლეზე): 2008 - 2,4; 2009 - 2,6; 2010 - 2,95; 2011 - 2,95; 2012 - 2,95; 2013 - 2,95; 2014 - 3,3; 2015 - 3,5; 2016 - 3,7; 2017 - 3,9; 2018 - 4,1;

გ) გამრიცხველიანებული მოსახლეობის ტარიფი (მცხეთა) განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობით (თანხა მითითებულია ერთი მეტრ კუბი ლარობით): 2008 - 0,10; 2009 - 0,22; 2010 - 0,25; 2011 - 0,25; 2012 - 0,25; 2013 - 0,25; 2014 - 0,28; 2015 - 0, 297; 2016 - 0,31; 2017 - 0,33; 2018 - 9, 347.

დ) მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გადახედვა დასაშვებია ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებების შემთხვევაში; ე) ორგანიზაციების ტარიფი (მცხეთა) ტარიფი 2008 წლიდან 2018 წლის ჩათვლით რჩება უცვლელი, კერძოდ, 4,41 ერთ მეტრ კუბზე; ვ) წყლის ხარისხი მუდმივად შეესაბამებოდეს "ჯანმოს" სტანდარტებს, მაგრამ არ იყოს დღეს არსებულზე უარესი;

ამავე განკარგულებით, მცხეთის მომხმარებელთა 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. მცხეთის მომხმარებელთა 24-საათიანი წყალმომარაგება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს 2012 წლისთვის. გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია და ახალი საკოლექტორო სისტემის შექმნა კი 5 წლის ვადაში უნდა მოხდეს.

"ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს 25 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღს დამატებული სამი თვე", - აღნიშნულია განკარგულებაში.

როგორც "თბილისის წყლის", ასევე ამ შემთხვევაშიც, დარგის განვითარებისა და საქმიანობის წარმატებით წარმართვის მიზნით, მყიდველს უფლება აქვს, შემოიყვანოს ოპერატორი, რომელიც განახორციელებს საწარმოთა ეფექტიან მართვას და რომელსაც აქვს ანალოგიური საწარმოების მართვის სათანადო გამოცდილება.

"ამ განკარგულების მიზნებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარების შესახებ გეგმა შეიმუშავოს ინვესტორის დახმარებით, რათა ინვესტორს არ დაეკისროს ისტორიული დაბინძურების პასუხისმგებლობა.

სახელმწიფო ქონების გასხვისების ქართული წესი

პრეზიდენტ სააკაშვილის აღნიშნულ განკარგულებებს ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ და მას "სახელმწიფო ქონების კერძო სექტორში გადაქაჩვის ახალ მეთოდს" უწოდებენ. ეჭვის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად კი აღნიშნული კომპანიის შესახებ არარსებულ ინფორმაციას ასახელებენ.

"საერთოდ, ეს არ არის პირველი და როგორც ჩანს, უკანასკნელი შემთხვევა. როგორც წესი, ძალიან ხშირია, როდესაც ჯერ ტენდერებს აცხადებენ, ხოლო შემდგომ ამა თუ იმ ობიექტს პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებენ. საერთოდ, ამ ხელისუფლებას კვალიფიკაციაც კი არ ყოფნის, რომ საკუთარი ქმედებები ლოგიკაში ჩასვას, რადგან ჯერ ერთს აკეთებს და მერე მეორეს. ნოემბერი და თანაც 23 რიცხვი რევოლუციური ხელისუფლებისთვის საყვარელი თარიღია და სახელმწიფო ქონების ასე გასხვისებაც რევოლუციური მონაპოვარია. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ქონების გადანაწილება აღარ მთავრდება და ამას უსაშველო პროცესის სახე ეძლევა.

"რაც შეეხება კომპანია "მულტიფლექს ჯორჯიას", ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია შვეიცარიაშია დარეგისტრირებული, მაგრამ რეგისტრაციის ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, კომპანიის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. მაგრამ, როდესაც ასეთი სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა ასეთი ფორმით ხდება, ბუნებრივია, იქ სერიოზული კითხვები ისმება, თუმცა, მასზე პასუხის გაცემას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არავინ აპირებს. თუმცა, იმედია, დადგება დრო, როდესაც მოუწევთ მათ პასუხის გაცემა", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ამავე განკარგულებაში აღნიშნულ წყლის ტარიფის განსაზღვრას, როგორც ექსპერტები აცხადებენ, პრეზიდენტს ამის უფლება არ აქვს. რაც შეეხება პირდაპირი მიყიდვის წესს, ირკვევა, რომ პრეზიდენტს ამის უფლება აქვს, თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, არა ისეთი ფორმით, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

"პირდაპირი მიყიდვის წესი პრეზიდენტს აქვს, მაგრამ თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნებისმიერი გადაწყვეტილება სერიოზულად არგუმენტირებული უნდა იყოს. ჩვენთან ეს ასე არ ხდება. რაც შეეხება ტარიფის განსაზღვრას, ეს პრეზიდენტის განკარგულებაში შეუძლებელია რომ იყოს, მას შესაბამისი პროცედურები უნდა ახლდეს თან. ტარიფი შესაძლოა, მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმების საკითხი გახდეს და არა იმპერატიული ბრძანების საფუძველი", - დასძინა ხუხაშვილმა.

მომხმარებელთა უფლებების ყოფილი დამცველი დავით ებრალიძეც "თბილისი წყლის" პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებას ეჭვის თვალით უყურებს და განკარგულებაში ტარიფის განსაზღვრას, მართალია, სამართლის ჩარჩოებში მოქცეულს, თუმცა, არალოგიკურს უწოდებს.

"ანალოგიური რამ მოხდა, როდესაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა ტარიფის ქვედა ზღვარი დაუდგინა. ჯერ ენერგეტიკის მინისტრის განკარგულებით რეგულაციის სფეროდან გამოიყვანა, ხოლო ამის შემდეგ ნოღაიდელმა ტარიფიც დაუდგინა. ალბათ, წყალიც რეგულაციის სფეროდან ეყოლებათ გამოყვანილი და ამიტომაც დაუდგინა სააკაშვილმა ამ განკარგულებით კომპანიას ტარიფი. საერთოდ, ეს არის შეფარული უკანონობა, რადგან, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას კომპანია ვერ გახდება კონკურენტუნარიანი და ბუნებრივი მონოპოლია არ გაქრება, ასევე წყლის კომპანიაც ვერანაირად ვერ გახდება არაბუნებრივი მონოპოლია. ერთის მხრივ, ეს განკარგულება აღმასრულებელ ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ დაადგინოს ტარიფი, მეორეს მხრივ, თავისი შინაარსით არის სრულიად უკანონო. ეს არის ხელოვნური გზა, თუ როგორ გამოვიდნენ რეგულირების სფეროდან.

კანონმდებლობა ამბობს, რომ ბუნებრივი მოპონოლიები სადაც არის, ტარიფი უნდა დადგინდეს მარეგულირებელი კომისიის მიერ და ეს უნდა იყოს რეგულირების სფერო. მაგრამ კანონმდებლობა ისე აქვს ამათ მორგებული, რომ შეუძლიათ ბუნებრივი მონოპოლიები რეგულირების სფეროდან გამოიყვანონ, როგორც ეს გაზის იმპორტზე მოხდა. ეს არის უკანონო, რადგან ბუნებრივი მონოპოლიები დადგენილებებისა და განკარგულებების გამოცემით არ ქრება და არ იბადება. თუმცა, ამის გამკითხველი დღეს არავინ არ არის", - განუცხადა "მთელ კვირას" დავით ებრალიძემ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com