"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

მორიგი ამნისტია მარტში იქნება: ამჯერად ის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულებს შეეხება

ეკა გულუა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მორიგი ამნისტიის შესახებ სპეციალური კანონპროექტი მუშავდება. მისი მიხედვით, ამნისტია ადმინისტრაციულ ჯარიმებს შეეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომელიც 2007 წლის 1 დეკემბრამდე ადმინისტრაციული სახდელით დააჯარიმეს, თუმცა აღსრულება ჯერ არ მომხდარა, ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდება.

კანონპროექტს ამ ეტაპისთვის სრული სახე არა აქვს, თუმცა გამოკვეთილია მიმართულებები, ვის შეეხება ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ ამნისტია.

კანონპროექტი

როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ: "ამ კანონის მიზანია: 1. ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, იმ პირების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სახდელისადან განთავისუფლება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სახდელისაგან განთავისუფლდნენ პირები, თუ მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულებულა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე."

პროექტის მე-3 მუხლის მიხედვით: "ამ კანონით გათვალისწინებული პასუხსიმგებლობისგან განთავისუფლება გულისხმობს პირის განთავისუფლებას როგორც ჯარიმისგან, ასევე საურავისგან; ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განთავისუფლება ვრცელდება ჯარიმისა და საურავის მხოლოდ გადაუხდელი ნაწილზე".

მე-4 მუხლით კი: "ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებული პირი არ ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდადებულად".

მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს ავალდებულებს, არ დაიწყონ ამ კანონით განსზღვრული საქმეების წარმოება, აგრეთვე სასამართლოებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, იქ ნათლად არის განსაზღვრული, ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება რომელ ორგანოებს გააჩნიათ. შესაბამისად, ამის მიხედვით განისაზღვრება, რა ტიპის საქმეებს შეეხება ამნისტია.

ესენია: შინაგან საქმეთა ორგანოები, კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები; შრომის სახელმწიფო ინსპექტორები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები; სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანოები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები; სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება;

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანოები;

ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.

როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე (ამჟამად პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში) ლევან ბეჟაშვილი "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, კანონის მიღების შემდეგ, ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდება: "კანონპროექტის მიხედვით, ვისაც 2007 წლის 1 დეკემბრამდე დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული ჯარიმა და ის ამ ეტაპისთვის აღსრულებული არ არის, გადახდის ვალდებულება მოეხსნებათ. ეს შეეხება ყველა ადმინისტრაციულ დავას. მაგალითად, ავტომფლობელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის, ტყის უკანონო გაჩეხვასთან დაკისრებულ ჯარიმებს და ასე შემდეგ".

ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიული კომიტეტის წევრი ნაზი არონია კი ამბობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯარიმები დათქმულ დროს არ გადაუხდია და მათ დაკისრებული თანხა უორმაგდებათ ან უსამმაგდებათ: "ეს ძალიან სერიოზული ამნისტიაა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩიოდა, რომ ჯარიმების გადახდას ვერ ახერხებდა. თუ ისინი ჯარიმას დროზე ვერ გადაიხდიდნენ, ის იზრდებოდა და სამმაგდებოდა. თუ ძირითადი ჯარიმა 150 ლარი იყო, დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ მას 450 ლარი უნდა გადაეხადა, ამიტომ, მათი გადახდა უჭირდათ. ეს კანონპროექტი მხოლოდ მას ეხება, ვისაც დაკისრებულია ჯარიმა ჯერ არ გადაუხდია. კანონი მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი მივიღებთ. მგონია, რომ ის მარტის ბოლომდე შევა ძალაში".

ოპოზიციის ეჭვები

საპარლამენტო ოპოზიციისთვის ამგვარი კანონპროექტი მისაღებია, თუმცა, მათი თქმით, ამ ეტაპზე მისი მიღება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. როგორც "მემარჯვენე ოპოზიციის" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ხე-ტყის ჩეხვის გამო სოფლებში ოჯახი არ დარჩა, რომელიც დაჯარიმებას გადაურჩა. ხელისუფლებას კი ეს ხალხი არჩევნების წინ გაახსენდა: "ეს ინიციატივა, ალბათ, არჩევნებს უკავშირდება. იყო დრო, სანამ არჩევნები გამოცხადდებოდა საქართველოში, ადამიანებს ლამის სუნთქვის გამო უწერდნენ ჯარიმებს. განსაკუთრებით კი სოფლად და რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეს უმძიმეს ტვირთად დააწვა, რადგან შეშასთან დაკავშირებით უამრავი ოჯახი დააჯარიმეს. რაიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სოფლებში ადამიანი სანთლით საძებნია, რომელსაც ამა თუ იმ პრობლემის გამო ადმინისტრაციული ჯარიმა არ ჰქონოდა დაკისრებული. აქედან განომდინარე, მგონია, რომ ხელისუფლებამ დაინახა დიდი აგრესია ამ გაუთვალისწინებელი ჯარიმების გამო და, შესაბამისად, მის გადახედვაზე დაიწყო მუშაობა. გადაწყვიტეს, რომ ერთბაშად დამთმობები და მიმტევებლები გახდნენ მოსახლეობის მიმართ. შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პატრულსაც კი დავალება მისცეს, საგზაო მოძრაობის დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები არ გამოეწერათ და მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ. ჯერ კანონპროექტი არ მინახავს და ვერ შევაფასებ. უნდა ვიცოდე, ამნისტია რა ტიპის საქმეებს ეხება და რასთან გვაქვს საქმე".

ოპოზიციის ეჭვებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენელი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ამნისტიას არჩევნებთან კავშირი არა აქვს. ლევან ბეჟაშვილის თქმით: "ინიციატივა საპარლამენტო არჩევნებს არანაირად არ უკავშირდება. ადმინისტრაციული ჯარიმები ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ მძიმედ აწევს. ვინაიდან ახლა ვიხილავთ კანონპროექტს ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქების თაობაზე, მიზანშეწონილია, არსებული ჯარიმები მთლიანად გავანულოთ და ახალი კანონის მიღების შემდეგ ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს".

იგივე პოზიციას აფიქსირებს ნაზი არონია. მისი თქმით: "ეს ხელისუფლების კეთილი ნებაა და ვისაც უნდა, შეუძლია, არჩევნებს დაუკავშიროს. რაკი არჩევნებია, ოპოზიცია ბუნებრივად აკავშირებს მსგავს გადაწყვეტილებებს არჩევნებთან. მთავარია, საქმე გაკეთდეს და ვისაც რა უნდა, ის იფიქროს".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com