"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

ეს ოპტიმისტური პროფესიაა: ჩვენ აღვზრდით სოციალურ მუშაკებს, მომუშავეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ

ლელა ოჩიაური

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ევროკომისიის "ტასისის" პროგრამით, 2005 წლიდან მოქმედებს პროექტი, სახელწოდებით - სოციალური მუშაკის მუშაობის განათლების დაფუძნება საქართველოში და უკვე მეორე წელია, ქართული სინამდვილისთვის სრულიად ახალ პროფესიას ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები ეუფლებიან. 2008 წლიდან ძალაში შევა სამაგისტრო და შემდგომ, სადოქტორო პროგრამებიც, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან, როგორც სოციალური მუშაკები, თუმცა ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიუღიათ, სერთიფიცირების პროგრამაში ერთვებიან.

"მთელი კვირა" ესაუბრა ევროკომისიის პროექტის მენეჯერს დიდი ბრიტანეთიდან ქალბატონ ჯო ლუკასს, რომელიც მორიგი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა.

"მთელი კვირა": სოციალური მუშაკი - საქართველოსთვის ახალი პროფესიაა და მის შესახებ ცოტა რამ ვიცით. იქნებ, დაახასიათოთ ის და როგორია მისი ისტორია თქვენს სამშობლოში.

ჯო ლუკასი: ამ პროფესიას ინგლისში დიდი ხნის ისტორია აქვს და იწყება მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ დაინახა და აღიარა, რომ არსებობდა ძალიან ბევრი ღარიბი ოჯახი და ბავშვები ამ ოჯახებში, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ. ბავშვებს დახმარება სჭირდებოდათ, როგორც გამოკვების, ასევე განათლების და ასევე, დასაქმების მიმართულებით, ქუჩაში რომ არ ყოფილიყვნენ. პარალელურად მოხდა იმის გაცნობიერება, რომ იყო ძალიან ბევრი, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი, ისინი გამოკეტილი იყვნენ სხვადასხვა ინსტიტუციაში და აუცილებელი იყო მათი დანახვა, აღიარება და საზოგადოებაში დაბრუნება.

ამ პროფესიას რამდენიმე სახელწოდება ჰქონდა. საბოლოო - სოციალური მუშაკი - 1940-იანი წლებიდან ეწოდა. გარდა ამისა, მოხდა სოციალური სამუშაოს გარდასახვა იმ სტადიიდან - როდესაც მდიდარი ეხმარებოდა ღარიბს ანუ ძლიერი ეხმარებოდა სუსტს - ახალ სტადიაზე, როდესაც ადგილი აქვს პარტნიორულ ურთიერთობას, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან, როგორც პარტნიორები, იმისთვის, რომ ერთმანეთი გააძლიერონ. თანამედროვე გაგებით, სოციალური სამუშაო უკეთესად შეიძლება დახასიათდეს, როგორც ქსელი, მშენებლობა, როდესაც ადამიანები ერთი ჯგუფის ფარგლებში მეორე ჯგუფისკენ ქმნიან ქსელს და ერთმანეთს ეხმარებიან.

რეალურად ჩვენი სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვეხმარებით, როგორც კლიენტებს, ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება და ასევე ვეხმარებით, დავუშვათ, იურისტებს, ექიმებს, იმისთვის, რომ მოხდეს პრობლემების ერთიანი ძალისხმევით დაძლევა.

მაგალითად, თუ ექიმი ხედავს, რომ ადამიანს აქვს პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ, იგი ამ მიმართულებით მუშაობს; სოციალური მუშაკის ვალდებულებაა სიტუაცია უფრო სრულად შეაფასოს, განიხილოს, თუ როგორი ოჯახური პირობები აქვს ადამიანს, როგორი ლეგალური პრობლემები, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა მის გარშემო, ანუ მან შექმნას სრული სურათი და პრობლემების (რომლებიც ექიმმა დაინახა) აღმოფხვრაში ამ კონტექსტში დაეხმაროს. მიზანშეწონილია უფრო მთლიანი მიდგომა.

მეორე, რაც სოციალურ მუშაკთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს და რასაც ძალიან აფასებენ კლიენტები, ასევე ძალიან აფასებენ პროფესიონალები - არის, რომ მას აქვს უნარი საკუთარი თავი ჩააყენოს კლიენტის მდგომარეობაში და მისი თვალთახედვიდან შეხედოს სიტუაციას. ასე ვთქვათ, მის ტყავში მოხვდეს.

ასეთი მიდგომა - როდესაც ევპათიურად უსმენ ადამიანებს, ღებულობ მათ სერიოზულად, მათ ადგილზე აყენებ თავს, ამასთან, როდესაც იცი, რა რესურსებია გარშემო - შესაძლებელს ხდის ადამიანის გაძლიერებას და მისი დახმარება უფრო ეფექტურად ხდება.

"მ.კ.": რამდენად შეიძლება, რომ ამ ყველაფერში აქტიური იყოს თვითონ საზოგადოება. რა ხდებოდა ამ მხრივ ბრიტანეთში და რა ვითარებას ხედავთ საქართველოში.

ჯ.ლ.: ისტორიულად თუ შევხედავთ, დიდ ბრიტანეთში საზოგადოება მიდრეკილია, რომ სოციალური პრობლემები მიჩქამლოს და გადამალოს. დაახლოებით მსგავსი დამოკიდებულება შეინიშნება საქართველოშიც. აქაც არის იმის ტენდენცია, რომ იგნორირება გაუკეთონ სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანებს; რომ გარკვეულად უნარშეზღუდული ადამიანები გადამალონ, თვალს მოარიდონ და ამის თაობაზე არ იფიქრონ.

ძირითადი ცვლილება, რაც ორივე საზოგადოებას მოეთხოვება, და რაც უნდა გააკეთოს, ისაა, რომ მან უნდა გააცნობიეროს - ეს პრობლემები ინდივიდუალური არაა; რომ პრობლემები ერთი ადამიანის კი არაა, არამედ ძალიან ხშირად გამოწვეულია საზოგადოებისგან და პასუხისმგებელიც სწორედ საზოგადოებაა, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს გარკვეული წარმოდგენები, არსებობს გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც ამ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებენ.

თუ ვინმეს დაუსვეს ფსიქიატრიული დიაგნოზი, ისტორიული მიდრეკილება და რეალობა ჩემს ქვეყანაშიც და საქართველოშიც ისეთია, რომ ასეთი ადამიანი უნდა მოთავსდეს ფსიქიატრიულში, კარი დაიკეტოს და პრობლემა დარჩეს კარს მიღმა. მაგრამ ორივე საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ დაძლიონ პრობლემები, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრებას და მათ, რაც შესაძლებელია, ყველანაირი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, რომ აქტიური და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ.

20-30 წლის წინ, ბრიტანეთში ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. მრავალი ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიხურა და ადამიანები, მსგავსი პრობლემებით, საზოგადოებას დაუბრუნდნენ, ისინი მართლა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობენ და ეს პროცესი იწყება საქართველოშიც.

ასე, რომ საზოგადოებამ უნდა კითხვის ნიშნით შეხედოს ან დაუსვას შეკითხვები მცდარ დაშვებებს, რომლებიც უნარშეზღუდული ადამიანების, ქუჩაში მყოფი ბავშვების მიმართ გააჩნია და მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, უნდა დაეხმაროს მათ, დაუბრუნდნენ საზოგადოებას და იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით.

მე გამაჩნია ოპტიმიზმი საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიმართ. ჩემი გამოცდილება საქართველოში 1999 წლიდან იწყება. აქ ვიზიტებით დავდივარ და ვმუშაობ მათთან, ვინც სოციალურ სფეროშია ჩართული. ამ ხნის განმავლობაში მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი ძალიან კარგ პროფესიონალებს, ადამიანებს, რომლებიც თავდადებული არიან და რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ამ სფეროში ადგილი ჰქონდეს სერიოზულ წინსვლას და ცვლილებებს.

გასაგებია, რომ ამ პროცესს ეკონომიკური სიტუაცია არ ეხმარება. რა თქმა უნდა, ფულადი სახსრები ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული სერვისების, მომსახურების, ინსტიტუტების გასავითარებლად, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების კრიტიკული დამოკიდებულება და წარმოდგენა ამ სიტუაციაში. ამ მიმართულებით მუშაობა შეიძლება. თუმცა, მაქვს გარკვეული შეშფოთების საფუძველი, გამოწვეული მთავრობის დამოკიდებულებიდან, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მათ სურთ ჯანმრთელობის დაცვა და საერთოდ, სოციალური სფერო დაზღვევაზე დამოკიდებული გახადონ.

"მ.კ.": რატომ არის ეს შემაშფოთებელი.

ჯ.ლ.: საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ მომსახურება, სისტემები, რომლებიც დაზღვევაზეა დამოკიდებული, საკმაოდ უსამართლოდ ნაწილდება. ხელი ბევრ რამეზე მხოლოდ მდიდარ ადამიანებს მიუწვდებათ, მაშინ, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მომსახურების გარეშე რჩება. დაზღვევას ძალიან ცოტა შეუძლია, დაზღვევით ხდება ძალიან მცირე მომსახურების დაფარვა, სხვა დანარჩენი კი ძალიან ძვირია.

მაგალითად, ამერიკაში სახელმწიფო დაზღვევა ძალიან იაფფასიანია და სამსახურები კი, მწირია. გამოდის, რომ ადამიანებს, ვინც ძალიან ღარიბი არაა, არაფერი აქვთ.

სოციალური სამუშაო ძირითად პრინციპად სოციალურ სამართლიანობას იყენებს. სოციალური სამართლიანობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სოციალურ თუ ჯანმრთელობის პროგრამებზე ხელი ყველას თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს, იმისდა მიუხედავად, თუ რა შემოსავლისა და რა ქონების პატრონია ეს ადამიანი. და თუკი მიდგომა ასეთია, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ჰქონდეს საბაზისო დაზღვევა ღარიბებისთვის, დანარჩენი თანხა კი, გადაიხადოს და გაანაწილოს დაზღვევის სფეროში - ე.ი. სადაზღვევო კომპანიებში - რატომ არ შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება და სახელმწიფომ ეს თანხა მთლიანად ჩადოს ჯანდაცვის სისტემაში და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახადოს.!

და თუ გადავხედავთ გარდამავალი საფეხურისა და განვითარებადი ქვეყნების განვითარების მონაცემებს, დავინახავთ, რომ ყველაზე სწრაფი ზრდა ჰქონდათ და ყველაზე უკეთეს შედეგს მიაღწიეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ფული, უპირველეს ყოვლისა, ჩადეს ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ უზრუნველყოფაში.

ნობელის პრემიის ლაურეატის ემა პიერსენის დაკვირვებით, თუ მთავრობა დებს ფულს განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაში, ამ საზოგადოებას შედეგად ჰყავს ჯანმრთელი და განათლებული მოქალაქეები, რომლებიც წარმოადგენენ სერიოზულ რესურსს დანარჩენი ყველაფრის განვითარებისთვის, ანუ ისინი აშენებენ კარგ ფაბრიკებს, ქარხნებს და ა.შ. ეკონომიკა ყვავის, ხოლო ისეთი ქვეყნები, სადაც ეს მომენტი უგულებელყოფილია, ძალიან სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან მთლიანად ეკონომიკის და საერთოდ, სახელმწიფოს განვითარებაში.

"მ.კ.": რას შეიცავს საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც უნივერსიტეტში თქვენი ხელშეწყობით ხორციელდება.

ჯ.ლ.: უკვე არსებობს ორი ჯგუფი, რომელიც საბაკალავრო განათლებას იღებს. ეს ნიშნავს, რომ 2010 წლისთვის, უკვე გვეყოლება დიპლომირებული სოციალური მუშაკები. დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება და აუცილებელია, ვიმუშაოთ მთავრობასთან, რათა შევთანხმდეთ, თუ რა რაოდენობის სოციალური მუშაკებია საჭირო საქართველოში.

გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც უკვე მუშაობენ სოციალურ სფეროში, როგორც სოციალური მუშაკები და ჩვენ ისინი ჩართული გვყავს სერტიფიკატის პროგრამებში, სადაც უნარ-ჩვევებსა და ცოდნას იღრმავებენ. ასე რომ, კომპლექსური მუშაობა მიმდინარეობს. მომავალს ასე ვხედავ - ჩვენ აღვზრდით სოციალურ მუშაკებს, მომუშავეს (როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორში) იმ ადამიანებთან, რომლებსაც მათი დახმარება სჭირდებათ.

საქართველოს მთავრობის მიმდინარე პრიორიტეტი - ბავშვები და ოჯახებია. პრინციპში, მე მათი მესმის. ამჟამად სოციალური მუშაკები მუშაობენ დეისტიტუციონალიზაციის პროგრამაში, ანუ ისინი ეხმარებიან ბავშვებს ოჯახებში დასაბრუნებლად; ეხმარებიან საზოგადოებას და ოჯახებს, იმ პრობლემების უკეთ დაძლევაში, რომლებიც ამ ბავშვებთან მიმართებაში არსებობს.

საერთოდ, სოციალური მუშაკი, პროფესიიდან გამომდინარე, უნდა მუშაობდეს არამარტო ბავშვებთან, არამედ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ზოგადად, საავადმყოფოებში, უნდა მუშაობდეს სკოლებთან და ა.შ. ანუ, უნდა შეეძლოს ფართო სპექტრის კლიენტურასთან თანამშრომლობა, უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს პრობლემების გადალახვაში.

ჩვენი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში უნდა გვყავდეს პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში დასაქმდებიან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გარდა ამისა, აუცილებელია, ჩამოყალიბდეს კარგი თეორიული, აკადემიური ცოდნის ბაზა ანუ საჭიროა კარგი თეორეტიკოსები. იმიტომ, რომ სოციალური სამუშაო, როგორც პროფესია, ფესვგადგმული უნდა იყოს მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში, რომელიც ქვეყანას ახასიათებს. თუ ჩვენ, ერთი მხრივ, შესაძლებლობა გვაქვს ვისწავლოთ უცხო ქვეყნების, ვთქვათ, ბრიტანეთის გამოცდილებაზე და მათი პრაქტიკა საქართველოს რეალობაში გადმოვიტანოთ, აუცილებელია, რომ თეორიული და აკადემიური ცოდნა იმ რეალობას ითვალისწინებდეს, რომელშიც სოციალური სამუშაოს ჩამოყალიბება მიმდინარეობს და თეორიული მხარე ამ სინთეზს მოახდენს.

ასე, რომ უნივერსიტეტში ჩვენ ამჟამად გვაქვს სამაგისტრო პროგრამაც და ვფიქრობთ, მომავალში დოქტორანტურაც გავავითაროთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოს ჰქონდეს ქართული სოციალურო სამუშაოს ცოდნის ბაზა, მიმდინარეობდეს სამეცნიერო კვლევები, შეფასებები და იქმნებოდეს სოციალური სამუშაოს ცოდნის ზოგადად ქართული კომპლექსური საფუძველი.

იმედი მაქვს, რომ 10 წლის შემდეგ ჩვეულებრივად იქნება თაროები, სავსე არა უცხოური ლიტერატურით, სხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ, არამედ ქართველების მიერ დაწერილი წიგნებით საქართველოს შესახებ, რომლებიც დაყრდნობილ იქნება ქართველების გამოკვლევებზე, საქართველოს შესახებ შეძენილ ცოდნაზე და რომლებიც სოციალური მუშაკებისთვის მშვენიერი საფუძველი იქნება, საქართველოში კარგი პრაქტიკის საწარმოებლად.

"მ.კ.": როგორია დღეს სწავლების პრინციპი, ქართული თეორიული ბაზის არარსებობისა და პრაქტიკული ბაზის სიმწირის პირობებში.

ჯ.კ.: დარწმუნებული ვარ, 5 წლის შემდგომ ჩემი პასუხი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, მაგრამ დღეს რეალობა ასეთია. იმისთვის, რომ სტუდენტი სოციალური მუშაკი გახდეს, მან უნდა გაიაროს დისციპლინების ძალიან ფართო სპექტრი. ისინი სწავლობენ სოციალური სამუშაოს თეორიას, სოციალური სამუშაოს უნარ-ჩვევებს და ამჟამად, თეორიული ცოდნის დიდი ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. გასაგებია, რომ ადამიანები და ოჯახები, მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მსგავსნი არიან, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსური სხვაობები და სწორედ ეს ნიუანსური სხვაობები უნდა იქნას შესწავლილი და გათვალისწინებული მომავალში.

ამავე დროს, სტუდენტები სწავლობენ სოციალურ პოლიტიკას და გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ევროპას ძალიან ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ამ საგნის უდიდესი ნაწილი ბრიტანულ და ამერიკულ ცოდნას ეყრდნობა, მაგრამ ესეც შეიცვლება დროთა განმავლობაში.

გარდა ამისა, სტუდენტები სწავლობენ სოციოლოგიას, ფსიქოლოგიას, სამართალს. აი, ამ დისციპლინებში არსებობს ძალიან კარგი ქართული ბაზა და ესაა საქართველოს რეალობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი დისციპლინები. ეს ყველაფერი მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ იყვნენ კარგი სოციალური მუშაკები და ამ მხრივ, ქართული რეალობა შედის მათ ცოდნაში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ხდება კიდეც ბრიტანეთში, რომ სტუდენტები სწავლობენ სოციალური სამუშაოების საერთაშორისო გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივა, ბრიტანელი და სხვა სტუდენტებისთვის, რომ ისინი ჩამოვიდნენ აქ, წაიმუშაონ საქართველოში, ქართველი სტუდენტები კი დიდ ბრიტანეთში წავიდნენ, მოხდეს პრაქტიკისა და თეორიული ცოდნის გაცვლა, რაც მომგებიანი იქნება.

ჩვენ ვთხოვთ სტუდენტებს, რომ განათლების ყველა სტადიაზე - საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო დონეზე ჩაატარონ გამოკვლევები, რადგან აუცილებელია, სტუდენტებს ჰქონდეთ წარმოდგენა, თუ როგორ ტარდება კვლევები ამ სფეროში. მათ უნდა შეეძლოთ კვლევების კრიტიკული, ანალიტიკური თვალით შეფასება, რაც აუცილებლად გამოადგებათ მაშინ, როდესაც სხვების მიერ ჩატარებული კვლევები და შეფასებები დასჭირდებათ. სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევები არის საფუძველი, რაც ქართულ რეალობაზე დაყრდნობილი ცოდნის შექმნას უწყობს ხელს. ცხადია, რომ ზოგიერთი სტუდენტი გამოვა პრაქტიკოსი, ზოგიერთი სტუდენტი იქნება მკვლევარი და მეცნიერი და ეს ყველაფერი კომპლექსურად შექმნის ამ პროფესიას.

ძალიან დიდი ცვლილება, რაც საქართველოს საზოგადოებას მოელის ან მოეთხოვება, ისაა, რომ გაიგოს, გააცნობიეროს, თუ რას აკეთებს სოციალური მუშაკი, რა ევალება მას, რაში მდგომარეობს მისი პასუხისმგებლობა - ეს დონე უნდა ამაღლდეს, თუკი არსებობს.

საბჭოთა კავშირში, ის ადამიანები, ვისაც სოციალური მუშაკები ეწოდებოდათ, ეხმარებოდნენ მოხუცებულებს, ულაგებდნენ, საჭმელს უმზადებდნენ, ერთი სიტყვით, ყოფითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარებოდნენ. გასაგებია, რომ ასეთი მომსახურეობისთვის უმაღლესი განათლება საჭირო არაა. ჩვენ სხვა დონის განათლებაზე, სხვა დონის პროფესიაზე ვლაპარაკობთ.

"მ.კ.": თქვენ ხომ არ გინდათ რამის დამატება.

ჯ.ლ.: დავამატებდი იმას, რომ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ევროგაერთიანებას, იმისთვის, რომ აფინანსებს ჩვენს პროექტს "ტასისის" გავლით. გარდა ამისა, უნდა ხაზი გაესვას საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა აღინიშნოს საქართველოს რეალობასთან მიმართებაში, არის ის ფასდაუდებელი წვლილი, რომელიც ჩვენს მუშაობაში ქალბატონებს, საქართველოს სოციალურ მუშაკათა ასოციაციიდან, შეაქვთ. ესაა პროფესიული განათლების მქონე ქალბატონები, რომლებიც თავდადებული არიან საქართველოში ამ პროფესიის განვითარებისთვის, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული მიმართულებით. მათი წვლილი თბილისის უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლების პროცესში ფასდაუდებელია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ვიწროდ თეორიული განათლება და პროფესია, არამედ, ამ მიმართულებით რეალობასთან, პრაქტიკასთან იყოს შეხამებული.

გარდა ამისა, ძალიან დიდია მათი წვლილი, ვისთანაც ჩვენ სტუდენტებს პრაქტიკის გასავლელად ვაგზავნით. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვებმა მიიღონ პრაქტიკული განათლება და თეორიული შეუხამონ პრაქტიკულს.

მინდა წაგიკითხოთ ძალიან საინტერესო ციტატები წიგნიდან "სოციალური სამუშაოს გამოცდილება", იმ პიროვნებებისგან, ვინც იცის, რა არის სოციალური სფერო და ვინ არის სოციალური მუშაკი. წიგნი ძალიან კარგ წარმოდგენას გვაძლევს ამის შესახებ.

ადამიანი ფსიქიატრიული ინსტიტუციიდან ამბობს: "...მან მომცა საშუალება და მომცა სივრცე, სადაც მე შემეძლო მელაპარაკა ჩემს პრობლემებზე, ჩემი თვალთახედვიდან."

წერა-კითხვის უცოდინარი მშობელი (რომელსაც დახმარება სჭირდებოდა სხვადასხვა აუცილებელი პრობლემის მოგვარებაში): "ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც საშინელ წვიმაშიც კი მოვიდოდა ჩემთან, რომ შეევსო სხვადასხვა ფორმა".

დედა, რომელსაც ასევე პრობლემები ჰქონდა: "ვფიქრობდი, რომ სოციალური მუშაკები ბავშვებს წაიყვანდნენ, მაგრამ სინამდვილეში ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ვის გარეშე ვერ შევძლებდი სირთულეების გადალახვას."

მოხუცებული ადამიანი: "სოციალურმა მუშაკმა თავის თავზე აიღო ჩემი მოვლა და ამას ძალიან კარგად გაართვა თავი. რეალობაში, მე ვიყავი ადამიანი, რომელიც თვითონ მართავდა ყველაფერს". ანუ მას შეეძლო სიტუაციის არჩევა, გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სოციალური მუშაკი იყო ადამიანი, რომელიც მას ეხმარებოდა ამ ყველაფერში და აკეთებდა მისთვის ყველაფერს. იგი იმას იღებდა, რაც თავად უნდოდა და არა იმას, რაც უნდოდა საზოგადოებას, მის შვილს, სხვა დაწესებულებას და ა.შ. მოკლედ, ის დარჩა ადამიანად.

კიდევ ერთი ციტატა: "მყისიერად ვიგრძენი, რომ მე მისმენდნენ და რომ არსებოდა ადამიანი, რომელიც მაგრძნობინებდა თავს, როგორც ნორმალურს." ესაა ადამიანი, რომელსაც თვლიდნენ სულელად, იდიოტად და მისი მოსაზრებები არავის აინტერესებდა.

ეს მუდმივი თემაა. ყველა კლიენტი ამბობს, რომ სოციალური მუშაკები მათ უსმენენ, რომ აძლევენ საშუალებას გააკეთონ და მიიღონ ის, რაც თვითონ უნდათ, რომ მათი მოსაზრებები აინტერესებთ, რომ არანაირ მბრძანებლობას ადგილი არ აქვს.

რეალურ ცხოვრებაში ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვუსმენთ, ვინც მოგვწონს. მაგრამ, როგორც სოციალურმა მუშაკმა, შენ უნდა გადააბიჯო ამ ბარიერს და უნდა მოუსმინო მათაც, ვინც ხშირად საკმაოდ ძნელი მოსასმენნი არიან; ვისთანაც ძალიან ხშირად ძნელია ურთიერთობის დამყარება; ხშირად ესენია სერიოზულ სტრესში მყოფი, სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები, მაგრამ სოციალურმა მუშაკმა ყველა ვარიანტში უნდა შეძლოს მათი მოსმენა, ევპათიური მოსმენა, კარგი დამოკიდებულების ჩვენება და დახმარება, რომ ისინი საზოგადოებას დაუბრუნდნენ.

ესაა ოპტიმისტური პროფესია. ანუ ჩვენ გვჯერა ადამიანის ფასეულობა, მისი ღირებულება და გვჯერა, რომ ყველა ადამიანი ძალიან კარგია, რომ ყველას აქვს პოტენცია იყოს ძალიან კარგი მოქალაქე და საზოგადოების ღირსეული წევრი. გვაქვს იმის მტკიცებულებაც, რომ ჩვენი ოპტიმიზმი საკმაოდ გამართლებულია.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com