"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

"კოსოვოში შესაძლოა, საომარი მოქმედებები დაიწყოს": კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი რუსეთისაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ელოდება

სოფო ქვლივიძე

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი აღნიშნავს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობების წახალისებას გამოიწვევს. მისი აზრით, ის შესაძლოა, პრეცედენტად იქცეს სხვა კონფლიქტებისათვის და მსოფლიოში ახალი ცხელი წერტილები წარმოშვას. არის თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება პრეცედენტი სხვა გაყინული კონფლიქტებისათვის და რას უნდა ველოდოთ რუსეთისაგან.

ამ საკითხებთან დაკავშირებით "მთელი კვირა" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ხუციშვილს ესაუბრა.

გიორგი ხუციშვილი: კოსოვოს დამოუკიდებლობა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. პირველ რიგში მისი მომხრე და სულის ჩამდგმელი აშშ იყო, შემდეგ ევროკავშირიც. ნატო, ევროკავშირი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ როგორც კი კოსოვოს დამოუკიდებლობა გამოცხადდება, 24 საათის ფარგლებში ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა. პრაქტიკულად, კოსოვო დამოუკიდებელი ხდება შეთანხმებით მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება სერბეთი, რომელიც თვლის, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ხდება, ასევე, რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც რუსეთს უცხადებენ სოლიდარობას. კონკრეტულად რომელი ქვეყნები წავლენ კოსოვოს აღიარების წინააღმდეგი, ეს გამოჩნდება მაშინ, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გავა ეს საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ აღიარების მოწინააღმდეგე ქვეყნები უმცირესობაში იქნებიან, ისინი ხელს ვერ შეუშლიან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას.

"მ.კ.": რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე.

გ.ხ: რუსეთი ყოველთვის უცხადებდა მხარდაჭერას სერბეთს, მაგრამ ამავე დროს ამბობდა, რომ თუ მოხდება კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაშინ დაისმება კითხვა - რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს აფხაზეთისა ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. შესაბამისად, გვემუქრებოდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. რეალურად, რუსეთის საწინააღმდეგოდაც იმუშავებს ეს პრეცედენტი, ვინაიდან მას რთული ვითარება აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში. ბევრი სამართლებრივი და პრაქტიკული დაბრკოლება არსებობს და რამდენადაც არ უნდა ხმაურობდნენ ამ საკითხზე, საბოლოოდ, რუსეთის მიერ ვერ იქნება აღიარებული აფხაზეთის, დნესტრისპირეთს ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

"მ.კ": თუმცა, ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კოსოვოს აღიარება უარყოფითად იმოქმედებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში...

გ.ხ: შესაძლოა, მოხდეს ამ რეგიონების დაჩქარებული ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში. შესაძლოა, ამოქმედებული იყოს რაღაც პროგრამები, რომლებიც უფრო დააახლოვებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთთან, მაგრამ, ამავე დროს, არამგონია, რომ იურიდიულად გაფორმდეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. იმ ფონზე, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის შერბილების ნიშნებია, გარდა ამისა, არსებობს ერთობლივი ეკონომიკური პროექტების პერსპექტივა, რაც ამის შემდეგ შეწყდება. ასევე, რუსეთმა იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მკვეთრად დაუპირისპირდება ასეთ გადაწყვეტილებას, ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი იქნება ყოველგვარი ურთიერთობა და საქართველოც და რუსეთის ომის პირას აღმოჩნდებიან. მიმაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან იქნება ზეწოლა, პროვოკაციებიც, შესაძლოა, ამ ტერიტორიების ანექსიის სხვა მცდელობებიც, მაგრამ დამოუკიდებლობის იურიდიული გაფორმება ვერ მოხდება.

კოსოვოს პრეცედენტი კარგა ხანია, შექმნილია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეპარატისტული მოქმედებები წახალისებულია მსოფლიოს მასშტაბით. გასაგებია, რომ სერბების მხრიდან ადგილი ჰქონდა კოსოვოს მოსახლეობის გენოციდს, მაგრამ ასეთივე სიტუაცია გვაქვს კვიპროსში და იქ არ მომხდარა დამოუკიდებლობის ცნობა. მართალია, კოსოვო ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა, მაგრამ მისი აღიარება ხდება საერთაშორისო პრინციპების საწინააღმდეგოდ. ის, რომ ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა მასობრივი მხარდაჭერის პირობებში, უკვე ქმნის პრეცედენტს.

აღსანიშნავია, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს თვითმმართველობა, რომ ის ცნობილი იყოს სხვა სახელმწიფოების მიერ. თუმცა, კოსოვოს წლების განმავლობაში გაეროს მისია განაგებს, ხოლო წესრიგს ნატოს ჯარი იცავს. როგორც კი ეს ფაქტორები გამოვა ამ ტერიტორიიდან, მაშინვე დაიწყება ქაოსი. ამის გათვალისწინებით დაგეგმილია ევროკავშირის მისიის რამდენიმე ათასი ადამიანით გაძლიერება. გაძლიერდება ნატოს ჯარიც და ასეთი გზით უნდათ, თავიდან აიცილონ გართულებები, რომლებიც მოსალოდნელია.

სერბეთი არ აპირებს რაიმე აგრესიულ ქმედებას. თუმცა, წინააღმდეგობის გაწევას კოსოვოში მცხოვრები სერბები აპირებენ. მიტროვიცას პროვინცია დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს. იქ ფეთქებადი სიტუაციაა შექმნილი. როგორც კი კოსოვოს დამოუკიდებლობა იქნება აღიარებული, ეს პროვინცია აპირებს, მაშინვე გამოაცხადოს კოსოვოსაგან დამოუკიდებლობა და დაემორჩილოს სერბეთს. კოსოვოს შიგნით უკვე არის განხეთქილება და ამის შედეგად შეიძლება საომარი მოქმედებები განვითარდეს.

"მ.კ": საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება პრეცედენტი ვერ გახდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის. რა არგუმენტები არსებობს ამისათვის.

გ.ხ: არსებობს საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, მაგრამ მხოლოდ კოსოვოსათვის კეთდება გამონაკლისი. მაგრამ, ვინაიდან უკვე არსებობს პრეცედენტი, დადგება საკითხი, რატომ არ უნდა იყოს ის სხვაგანაც გამოყენებული. ამ პროცესს უკვე ვეღარავინ გააჩერებს. კოსოვოს მაგალითი მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერებისათვის იქნება გამოყენებული. მაგრამ, ჩვენმა სახელმწიფომ მკაცრად უნდა განაცხადოს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაცია განსხვავებულია და საქართველო არასოდეს წავა იმაზე, რომ პრეცედენტი ცნოს და ანალოგიური რამ განხორციელდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც.

"მ.კ": რამდენად იმოქმედებს კოსოვოს აღიარება სააკაშვილი-პუტინის შეხვედრაზე. ეს გარკვეული დაძაბულობის ელემენტებს ხომ არ შეიტანს საქართველო-რუსეთს შორის დამთბარ ურთიერთობებში.

გ.ხ: მეშინია იმის, რომ დათმობა და დაახლოება არ მოხდეს საქართველოს მხრიდან სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ხარჯზე. ამის საშიშროება არსებობს. მაგალითად, საუბარია საქართველოს რკინიგზის გასხვისებაზე. მთავარია, რომ ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდეს ისეთი გზით, რომ საქართველო მიბმული აღმოჩნდეს რუსეთზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მაგრამ მხოლოდ იმ შემხთვევაში, თუ საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს არამარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com