"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

ლიტვა დამოუკიდებლობის 90 წლისთავზე

ალინა ტალინტუტე

16 თებერვალს ლიტვამ დიდი იუბილე - სახელმწიფოებრიობის აღდგენის 90 წლისთავი აღნიშნა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამეს გავუძელით და ბევრი რამეც გავაკეთეთ. გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, განვითარდა ეროვნული კულტურა, და ამავე დროს, გადავიტანეთ მეორე მსოფლიო ომის ტრაგიზმიც. 1940 წელს ლიტვა, როგორც ესტონეთი და ლატვია, ერთი წლით ადრე კი პოლონეთი, გახდა ნაცისტებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო მოლაპარაკების მსხვერპლი. ამ შეთანხმების საფუძველზე ლიტვის სახელმწიფო შეეჯახა სამხედრო აგრესიას და იძულებით მოხდა მისი საბჭოთა კავშირთან შეერთება.

არსებობს მითი, თითქოს ლიტვა საკუთარი ნებით გაწევრიანდა საბჭოთა კავშირის რიგებში. ეს სიმართლე არ არის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლიტვაში პარტიზანული ომი 1953 წლამდე გრძელდებოდა. სწორედ ამის გამო დაიღუპა დაახლოებით 20 ათასი პარტიზანი. წინააღმდეგობის გამოხატვისთვის კი ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა მკაცრი რეპრესიები საბჭოთა ხელისუფლების მიერ. ამის გამო ხვრეტდნენ, ციხეში უშვებდნენ და აციმბირებდნენ ადამიანებს. უნდა ითქვას, რომ ომის შემდეგ ლიტვამ იმდენი ადამიანი დაკარგა, რამდენიც ომის პერიოდში.

დაკარგული სახელმწიფოებრიობა ლიტვამ მხოლოდ 1990 წელს, მაშინ, აღიდგინა, როდესაც მოხდა "დიადი" და "ყოვლისშემძლე" საბჭოთა კავშირის დაშლა. დღეს საბჭოთა კავშირის დაშლას ვიღაც აღიქვამს, როგორც "გასული ასწლეულის დიდ გეოპოლიტიკურ შეცდომას". ამას კი მხოლოდ ის იტყვის, ვისაც საბჭოთა პერიოდში დარტყმა არ განუცდია.

სიმბოლურია, რომ სახელმწიფოებრიობის აღდგენის იუბილეზე ლიტვაში ჩამოვიდნენ ლატვიის, პოლონეთისა და ესტონეთის პირველი პირები. ლატვიის პრეზიდენტმა საკუთარი მილოცვა ლიტვურ ენაზე წარმოთქვა, რამაც მოედანზე შეკრებილი საზოგადოებაც კი განაცვიფრა. სამწუხაროდ, სადღესასწაულო ღონისძიებებს არ ესწრებოდნენ რუსეთის წარმომადგენლები. ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები ლიტვის დამოუკიდებლობას, ალბათ, ჯერ კიდევ საკმაოდ სერიოზულად არ აღიქვამენ.

როგორ გამოიყურება ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის 90 წლისთავზე. რასაკვირველია, ლიტვის მოსახლეობას აქვს საამაყო თავისუფალი დემოკრატიით, ევროკავშირისა და ნატოს წევრობით. ეკონომიკა ყოველწლიურად 7-8%-ით იზრდება, ამასთან, იზრდება მუშახელის საშუალო ანაზღაურებაც. გასულ წელს ამან დაახლოებით 800 ამერიკულ დოლარს მიაღწია.

მეორეს მხრივ, ხალხი არ არის იმით კმაყოფილი, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფო ინსტიტუტები. ბოლო წლებში პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოებაში ნდობა საკმაოდ შემცირდა. დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ჩატარდა გამოკითხვა, საიდანაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 20% წავა პარლამენტის დასაცავად, თუ მას რაიმე საშიშროება შეექმნა.

პოლიტიკური ცხოვრების ხარისხი - ეს არის ის, რაც დღეს ლიტველებს ყველაზე მეტად აშფოთებთ. აქტიურად მიდის დევალვაცია პოლიტიკურ სფეროებში, სადაც ყველა დაკავებულია საკუთარი პატარა საქმეებით და არ შეუძლიათ საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება. რაც პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად გააკეთეს, ეს არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ახლა იდეები და საერთო მიზნები ვაკუუმში არიან.

შესაძლებელია, ამ ვაკუუმის გადალახვისთვის მთავარი აღმოჩნდეს კონსოლიდაცია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. დღეს უკვე ლიტვა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, ამ საკითხებში აქტიურად უჭერს მხარს და ადვოკატის ფუნქციასაც ითავსებს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან რაც უფრო მეტი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი, რაც უფრო წარმატებით მოახდენენ ისინი ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრირებას, რუსეთი უფრო მეტად მიბაძავს მათ. ამიტომ, საქართველოსა და უკრაინის წარმატება - ეს ლიტვის უსაფრთხოების გირაოც იქნება.

დღეს რუსეთის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვეშინოდეს "კარადის სკილეტების", როგორც ე.წ. საბჭოთა წარსულის გმირების. რასაკვირველია, როგორც ლიტვაში, ასევე საქართველოში საბჭოთა პერიოდს არაერთგვაროვნად აფასებენ. იმ პერიოდშიც ხომ იქმნებოდა ოჯახები, იბადებოდნენ ბავშვები, იყო პირველი სიყვარული... ეს არის ჩვენი იდენტურობის ნიშნები, რისი წართმევაც შეუძლებელია. მაგრამ, ამის არევა საბჭოთა კავშირის "მიღწევებში" არ შეიძლება, აბსურდი, რაც ღიად გამოხატა ელდარ შენგელაიამ თავის ფილმში "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი". ბოლო პერიოდში ლიტვაში ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტთა მხოლოდ 12%-ს აქვს საბჭოთა კავშირის მიმართა ნოსტალგია.

ყველაზე ძალიან მსურს, რომ დამოუკიდებლობის 100 წლისთავზე არა მხოლოდ ლიტვა, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის რუსეთიც, წარსულს ემოციურად კი არ უდგებოდნენ, არამედ პროფესიონალურ დონეზე. მსურს ასევე, რომ სადღესასწაულო ღონისძიებებზე მონაწილეობა მიიღონ ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებმაც.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com