|
|
"რეზონანსი "
ინგა გრიგოლიას გადაცემას უხურავენ ? ინგა გრიგოლია: "როცა მედიის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არ ვთვლი, რომ კიდევ ერთი გადაცემა დაიხურება" გიორგი ფუტკარაძე
"მე მაქვს ინფორმაცია, ინგა, რომ ხელისუფლება აპირებს თქვენი გადაცემის დახურვას", - განაცხადა რამდენიმე დღის წინათ პოლიტიკურ თოქშოუ "პრაიმ ტაიმში" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა, დავით გამყრელიძემ, თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ ვისგან მიიღო აღნიშნული ინფორმაცია. რეალურად რა ხდება "პრაიმ-ტაიმის" ირგვლივ და აპირებენ თუ არა აღნიშნული თოქ-შოუს დახურვას. ჩვენ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ინგა გრიგოლიას დავუკავშირდით. ინგა გრიგოლია: გადაცემის დახურვაზე მე დათოსგან მოვისმინე პირველად და ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი გამიგია. თუ გავიგებ, შეგატყობინებთ. "მ. კ": თუ გავითვალისწინებთ წარსულს, არ გეშინიათ, რომ ხელისუფლებამ ეს გადაცემაც დაგიხუროთ. ი. გ: არ ვიცი. მე იმდენად მიჩვეული ვარ გადაცემის დახურვას, მერე ახლის დაწყებას, რომ შიშის მომენტი აღარ მაქვს. თუ რაიმე იგეგმება, არ ვიცი. ჯერ-ჯერობით ძალიან ნორმალურად მონაწილეობენ გადაცემაში და დღემდე პრობლემა არ მქონია, რომ ვინმეს ხელისუფლებიდან მონაწილეობაზე უარი ეთქვას და თუკი რაიმე ცვლილება იქნება, ამით ვიგრძნობთ. თავიდანვე, როდესაც გადაცემა დავიწყე, ვთქვი, თუკი რაიმე ცენზურა და დაბრკოლება იქნება, მე ეგრევე ვიტყვი და ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე დავამთავრებ გადაცემას-მეთქი. ჩემთვის ნაცნობია გადაცემების დახურვის ისტორია. ვიცი, როგორ იწყება და როგორ მთავრდება, ჯერჯერობით მსგავსი რამ არ ხდება და, იმედია, არც იქნება. როცა ამდენი წელია, მედიის თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არ ვთვლი, რომ კიდევ ერთი გადაცემა დაიხურება, თუმცა ასეთი რამ თუ მოხდა, პირველს თქვენ გეტყვით. "მ. კ": წინა გადაცემის მსგავსად ბოიკოტი რომ გამოგიცხადონ, რას იზამთ. ი. გ. თუ ორი გადაცემა იქნება ზედიზედ, რომელშიც ხელისუფლება არ მონაწილეობს ე.ი. რაღაც კარგად ვერ არის. ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა. მე ეთერში ვუთხარი სააკაშვილს, როდესაც დებატები არ არის ქვეყანაში ეს, პირველ რიგში, ცუდია ხელისუფლებისთვის-მეთქი. დებატების არარსებობამ გამოიწვია ის პროცესები, რაც ვითარდება ქვეყანაში. ამდენი ხალხი მიტინგზე გავიდა, რადგან პასუხი არ იყო ეკრანიდან. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ საუბრობენ ეთერში, რჩება განცდა, რომ მათთვის სულ ერთია, რა გაწუხებს. თუ ასეთი რამ მოხდება, ხელისუფლებისთვის იქნება ცუდი. როცა ამდენი ადამიანი ეკრანიდან იგებს პასუხს, შესაძლოა, ეს მათთვის არ აღმოჩნდეს იმ დოზით შეურაცხმყოფელი, როგორც ეს იყო ბოლო წელიწადნახევარში. თუ მათ რამდენიმე გადაცემას ბოიკოტი გამოუცხადეს, ე.ი. იგივე პროცესია, მაგრამ ჯერ მსგავსი არ მომხდარა. დათოსთან პირადი პრობლემების გამო დალაპარაკება ვერ მოვასწარი და არ ვიცი, საიდან აქვს ინფორმაცია. მე მაქვს ერთწლიანი კონტრაქტი და, იმედია, არ შეწყდება სამ ან ექვს თვეში.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |