"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

რა უჯდება სახელმწიფოს ბენდუქიძის "შეცდომები" ? გურგენიძეს ჟვანიას კადრებს უპირისპირებენ

რუსიკო მაჩაიძე

მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძეს ინსტიტუციონალური კონფლიქტი აქვს პარლამენტთან, კანცელარიის თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ბენდუქიძის მოღვაწეობის მხოლოდ ერთი ფაქტის გამო 10-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, სააკაშვილი მას მაინც ვერ ელევა. მართალია, მას ოფიციალურად მხოლოდ ის ფუნქცია დარჩა, რომ კანცელარიაში მომუშავე პირები სამუშაო პირობებით უზრუნველყოს, რეალურად მინისტრების საქმიანობაში უშუალოდ ერევა და ცდილობს, ყველგან თავისი ერთი კადრი მაინც დანიშნოს, რომელთა საშუალებით მისთვის საინტერესო სფეროს გააკონტროლებს.

დღეს ხელისუფლებას უშუალოდ ბენდუქიძის მიერ გაკეთებული საქმეების განხილვა რომ ჰქონდეს განზრახული, ვერაფერს აღმოაჩენდა ისეთს, რომ ამ კაცის მთავრობაში ყოფნა უღირდეს. ცხადია, იგულისხმება სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმეები და არა ის, პირადად მის ინტერესებში რა შედის. თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ერთი გადაწყვეტილების გამო სახელმწიფოს 10-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს, ნორმალურ ქვეყანაში მისი პასუხისმგებლობის თუ არა, საერთოდ მთავრობიდან წასვლის მიზეზი მაინც გახდებოდა.

საქმე ისაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკაშვილის საარჩევნო შტაბი ვერ უმკლავდებოდა იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლების გამო სასამართლოში იჩივლა და დღეს სამივე ინსტანციის სასამართლოს მათი სასარგებლო გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები გათავისუფლებულნი არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროდან უშუალოდ კახა ბენდუქიძის მეგობრის ლილი ბეგიაშვილის მიერ. იგი თავის დროზე მუშაობდა ბენდუქიძესთან, შემდეგ, როდესაც ბენდუქიძეს საკუთარ ინტერესების სოფლის მეურნეობის სამინისტროში გატარება დასჭირდა, ჯერ კიდევ სვიმონიშვილის მოადგილედ დაანიშნინა. სწორედ ამ დროს მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება და ახლა ისევ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ხელისუფლების ჯიბის სასამართლოდ მოიხსენიება, სახელმწიფომ ამ ადამიანებს 10 მილიონი უნდა გადაუხადოს და სამსახურებშიც აღადგინოს. თუმცა, ისინი სააკაშვილის საარჩევნო შტაბში იმის გამო დადიოდნენ, რომ მათ არც ფულს არ აძლევენ და არც სამსახურებში აღადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა მთავრობის წარმომადგენლებთან რამდენჯერმა დააყენა, მაგრამ მისი შეკითხვები ყოველთვის რიტირიკულად რჩებოდა, რადგან პასუხის გამცემი არავინ იყო.

ლილი ბეგიაშვილთან, რომელიც დღესაც მინისტრის მოადგილედ რჩება, დაკავშირება ვერაფრით ვერ შევძელით, მეორე მოადგილე კი აცხადებს, რომ იგი ამ საქმის ვითარებას იცნობს. თუმცა, ამ ადამიანების დაკმაყოფილებაზე უკვე ფინანსთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს.

"ამის შესახებ, ცხადია, ვიცი. ვნახე სასამართლოს გადაწყვეტილებებიც და ამ ადამიანებმა პირადად ჩვენც მოგვმართეს. მაგრამ, საქმე ის არის, რომ კომპენსაციის საკითხს ფინანსთა სამინისტრო წყვეტს", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბაკურ კვეზერელი.

იგივე ვითარებაა ეკონომიკის სამინისტროშიც. ასევე ყველგან, სადაც ბენდუქიძეს სურს თავისი გავლენის გატარება. ის ადამიანები, ვისაც მასთან უმუშავიათ, ან რაიმე ფორმით შეხება ჰქონიათ, იმაზე საუბრობენ, რომ ყველგან ათავისუფლებს, ან ათავისუფლებინებს პროფესიონალებს და მათ ნაცვლად ნიშნავს ახალგაზრდა და გამოუცდელ კადრებს, რომელთა საშუალებითაც თავისი გავლენის გავრცელებას უპრობლემოდ ახერხებს.

მთავრობის დაკომპლექტებისას მისი მთავრობის გუნდიდან გამოყვანა თითქოს იმ ჟესტად უნდა აღქმულიყო, რომ მას მთავრობასთან შეხება აღარ ექნებოდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ბენდუქიძე აქედანაც ცდილობს საკუთარი საქმის კეთებას. ყოველ შემთხვევაში, ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ კანცელარიის უფროსს სახელი თავად შეუცვალა და პარლამენტისადმი გამოგზავნილ დოკუმენტში საკუთარი თავი კანცლერად ჰყავდა მოხსენიებული. მართალია, ამას პარლამენტში ირონიულად შეხვდნენ და ხუმრობდნენ კიდეც, ამ კაცმა არ იცის, ასეთი თანამდებობა რომ არ არსებობსო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის ბენდუქიძეს უკვე მომზადებული ჰქონდა დადგენილება, სადაც კანცელარიის ფუნქციები იზრდებოდა და, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის, თავის პრემიერ-მინისტრიანად, გაკონტროლებას მოიცავდა.

სხვათა შორის, აქ შედიოდა ისიც, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივნები უკვე ბენდუქიძეს უნდა დამორჩილებოდნენ და მისი მითითებები შეესრულებინათ. რომ არა პარლამენტი, ეს, ალბათ, ასეც მოხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილმა ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე დააყენა საკითხი, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივნების სტატუსი პარლამენტს კანონით განესაზღვრა, რათა მისი შეცვლა რაიმე დადგენილებით, კონკრეტულად კი მთავრობის კანცელარიის უფროსის, შესაძლებელი აღარ ყოფილიყო. ნინო ბურჯანაძემ კი განაცხადა, რომ "თუკი მთავრობის საპარლამენტო მდივნებს პარლამენტის დაცვა სჭირდებათ, მზად ვართ, დავიცვათო".

თითქოს ეს საკითხი ერთი შეხედვით არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპარლამენტო მდივანი, ფაქტობრივად, არის შუამავალი მთავრობას და პარლამენტს შორის და ინსტიტუციონალურად ეს პირი იქნება ბენდუქიძის ქვეშევრდომი და მის წინაშე პასუხისმგებელი, ცხადია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება. ვინაიდან, პარლამენტში საკუთარი ინტერესის გატარებას უკვე საპარლამენტო მდივნის საშუალებით შეეცდებოდა.

არადა, წესით, მას პარლამენტთან შეხება აღარ უნდა ჰქონდეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბენდუქიძეს პარლამენტში ისედაც არ სწყალობენ, მისი სურვილი გასაგები ხდება. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პარლამენტი ბენდუქიძის კანონპროექტებს უკან აბრუნებდა, თუმცა, ბენდუქიძეს ეს კანონპროექტები უკვე პრეზიდენტის ხელმოწერით შემოჰქონდა და პარლამენტი იძულებული იყო, მიეღო.

ვიდრე ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრი იყო, მინისტრებს მთავრობის სხდომამდე მასთან უნდა შეეთანხმებინათ, მთავრობის სხდომაზე რა საკითხს გაიტანდნენ. თუკი მისი თანხმობა არ იქნებოდა, ასეთი საკითხის გატანის უფლება არ ჰქონდათ. ცხადია, ამას არანაირი დაწერილი კანონი ან დადგენილება არ ითვალისწინებს. ასე იყო მისი სახელმწიფო მინისტრობის დროს და ასე აპირებს ბენდუქიძე გაგრძელებას კანცელარიის უფროსის თანამდებობაზეც.

ბენდუქიძის მოქმედების მთავარი პრინციპი არის ის, რომ ყველა სამინისტროში მინისტრი თუ არა, მისი პირველი მოადგილე მაინც ასრულებდეს ბენდუქიძის პირად საქმეს. მაგალითად, როგორც ამბობენ, ბენდუქიძე განათლების სფეროში ჩასატარებელი სამშენებლო და სარემონტო საქმიანობით დაინტერესდა და ამისთვის განათლების სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილედ სწორედ თავისი მეგობარი ლექსო ჩიკვაიძე დაინიშნა. თანაც გადაწყვეტილია, რომ იგი სამინისტროში კურირებას გაუწევს ფინანსურ საკითხებს. ჩიკვაიძე აჭარაში იყო განათლების მინისტრი და თავის დროზე აქ სწორედ ბენდუქიძის ლობირებით დაინიშნა.

რა დამსახურების გამო დააწინაურეს ეს ადამიანი, ეს უკვე აჭარლებს უნდა ჰკითხოთ. აჭარიდან მისი წასვლა აჭარის ყველა სკოლაში სიმბოლურად თითო სკამის საჯარო დაწვით აღნიშნეს.

აჭარაში ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი მურმან დუმბაძეც აცხადებს, რომ ლექსო ჩიკვაიძით "უკმაყოფილი იყო ყველა, ვისთანაც მას შეხება ჰქონდა. ეს იქნებოდა სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სახელოვნებო სკოლები თუ სხვა დაწესებულებები".

მისი თქმით, მასთან დაპირისპირება ჰქონია ლევან ვარშალომიძესაც.

"ამ თანამდებობაზე იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მას ლობირებდა ბენდუქიძე და როგორც კი ვარშალომიძემ მოახერხა, ეს ადამიანი თავიდან მოიშორა. არ ვიცი, რაზეც თქვენ მეუბნებით, მართლა დაინიშნა თუ არა. მაგრამ, თუკი დაინიშნა, ცხადია, მანდაც იმისთვის იქნება, რასაც აჭარაში აკეთებდა. იგი აქ ბენდუქიძის კაცი იყო და ყველამ იცოდა, მათ შორის ხელისუფლებამაც, რომ მის ინტერესებს ატარებდა. ალბათ, ბენდუქიძეს მისი სამინისტროში დანიშვნაც იგივე საქმისთვის დასჭირდება", - აცხადებს მურმან დუმბაძე.

ყველაზე საინტერესო ამბები კი დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში ხდება. "მთელი კვირის" ინფორმაციით, ბენდუქიძეს სურს ტყისა და მადნეულის მთლიანად გაკონტროლება და სწორედ მის ამ სურვილს შეეწირა უკვე ყოფილი მინისტრი. ახლა კი უკვე ზაზა გამცემლიძეს სთხოვს, რომ პირველ მოადგილედ დანიშნოს მისი კადრი ვინმე ზვიად ჭილაშვილი. თუმცა, მისთვის გამცემლიძეს კატეგორიული უარი უთქვამს და განუცხადებია, საჯაროდ გავაკეთებ განცხადებას და ისე წავალო.

ზაზა გამცემლიძე დაპირისპირებას ოფიციალურად არ ადასტურებს. "მე ვინც წარვადგინე, მოადგილეებად სწორედ ისინი დაინიშნნენ", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას ზაზა გამცემლიძემ. ცხადია, ეს არ გამორიცხავს დაპირისპირებას და, როგორც ამბობენ, სწორედ იმიტომ, რომ გამცემლიძე ბენდუქიძეს არ დაემორჩილა, ბენდუქიძეს სურს, რომ მადნეულის და ტყის მართვა გარემოს დაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში გადაიტანოს, სადაც მინისტრის მოადგილე, და შეიძლება ითქვას, უკვე ფაქტობრივი მმართველი, მისი ყოფილი მოადგილე ვატო ლეჟავაა. თავის დროზე იგი ცნობილი იყო, როგორც ბენდუქიძის მარჯვენა ხელი და მისი ინტერესების გამტარებელი. ახლაც სწორედ მისი მეშვეობით ცდილობს ტყესა და მადნეულზე კონტროლის საბოლოო მოპოვებას.

აღსანიშნავია, რომ "მთელი კვირის" ინფორმაციით, მას ამის შესახებ კანონ-პროექტი უკვე მომზადებული ჰქონია. თუმცა, ზაზა გამცემლიძე ამ ინიციატივას საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას უწევს. ამიტომაც, ბენდუქიძეს ისღა დარჩენია, გავლენა პრემიერ-მინისტრზე მოახდინოს, რაც, როგორც ამბობენ, არცთუ ცუდად გამოსდის. თუმცა, ცხადია, ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება გარემოს მინისტრის თანხმობა.

ზაზა გამცემლიძე კი აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ხელაღებით არ შეიძლება.

"მე როგორც ვიცი, საუბარია მხოლოდ მადნეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის გადატანაზე. თუმცა, ცხადია, ამ საკითხს კარგი აწონ-დაწონვა სჭირდება", - აცხადებს ზაზა გამცემლიძე.

კანცელარიის და პარლამენტის კულუარებში იმაზე საუბრობენ, რომ გურგენიძეს იგი ჟვანიას კადრებს უპირისპირებს. თითქოს მათ გურგენიძე არ მოსწონთ და მის პრემიერობას ეწინააღმდეგებიან. ძნელი სათქმელია, ამისი თავად გურგენიძეს სჯერა თუ უნდა, რომ დაიჯეროს, მაგრამ ფაქტია, რომ მინისტრებად ჟვანიას კადრები ვერ რჩებიან.

თუნდაც ის ფაქტი, რომ დათო ტყეშელაშვილი ჯანდაცვიდან გადაიყვანეს და აქ გურგენიძის პირადი მეგობარი მოიყვანეს, გარკვეულწილად ამაზე მიუთითებს. თანაც, როგორც ცნობილია, დათო ტყეშელაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს გაყოფას ემხრობოდა, რომ სოციალური სფერო ცალკე ყოფილიყო, ჯანდაცვა კი ცალკე. ეს კი ბენდუქიძე-გურგენიძის ჯგუფისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც თანხის დაქსაქსვა მოხდებოდა და ცხადია, შესაძლოა, მათი პირადი კონტროლიც გაძნელებულიყო.

ამასთან, პარლამენტში დარიგებული მინისტრთა კაბინეტის წევრების ბიოგრაფიებში, სანდრო კვიტაშვილის ბიოგრაფიაში სწერია, რომ იგი 1995-1997 წლებში იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის საქართველოს მისიის მოადგილე და მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ცნობისთვის, მეთოდისტურ ეკლესიას მართლმადიდებლობასთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არა აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ როგორც ამბობენ, ბენდუქიძე ვერ აკონტროლებს ძალოვან უწყებებს და ამიტომაც თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას და ამ თანხის სოციალურ სფეროში გადატანას დიდი სიხარულით შეხვდა.

თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი ის საკითხია, სადაც კანონის შეცვლა ხდება მისი პირადი ინტერესისათვის.

ბოლო დღეებში პარლამენტში საკამათო მის მიერ მომზადებული კანონ-პროექტთა პაკეტი "ფინანსური სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ" გახდა. ამ პროექტიდან იკვეთება მისი ინტერესი საბანკო სფეროში, ასევე რკინიგზაში. პარლამენტი აპროტესტებს საპარლამენტო კონტროლის მოხსნას მთელ რიგ უწყებებზე და, რაც მთავარია, კონტროლის პალატაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, მიუღებელიც კი, არის ამ პაკეტით გათვალისწინებული საგადასახადო რეფორმა, რომლის თანახმადაც დივიდენდებზე საშემოსავლო გადასახადი უნდა განულდეს. ეს კი, მარტივად რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდიან მილიონერები, მათ შორის ბენდუქიძეც და ის პირი, რომლის ხელფასი ას ლარზე ნაკლებია, ამ ხელფასის მეოთხედს საშემოსავლო გადასახადში გადაიხდის.

რაც მთავარია, სწორედ ბენდუქიძის ინიციატივით ირღვევა კონსტიტუცია და ცალკეულ პირებს ენიჭებათ უპირატესობა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მოსახლეობას. მნიშვნელოვანია ერთი ცვლილებაც, რომელიც პარლამენტში უკვვ გააპროტესტეს. თუმცა, ამაოდ. გურგენიძე არც ამის შეცვლას აპირებს. საქმე ისა, რომ კომერციული ბანკის დაფუძნებისას საჭიროა მისი მფლობელის ან მფლობელების რეგისტრაცია. შემდეგ პარტნიორების შეცვლის რეგისტრაცია კი არჩევითი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს, რეალურად ვინ რომელი ბანკის მფლობელია.

რაც შეეხება საგადასახადო რეფორმას საფინანსო ცენტრისთვის, გათვალისწინებულია რეზიდენტი ფიზიკური პირების ნულოვანი დაბეგვრა უცხოური წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

ასევე საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან თავისუფლდება: ლიცენზირებული ბანკებიდან მიღებული პროცენტები; საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული პროცენტები; საჯარო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან მიღებული ნამატი შემოსავალი; საერთაშორისო ფინანსური კამპანიის აქციებიდან მიღებული დივიდენდები; საერთაშორისო ფინანსური კომპანიის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

რაც შეეხება ქვეყნის მთლიანი მოსახლეობისთვის საგადასახო რეფორმას, პაკეტში ნათქვამია, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადების განაკვეთი შემცირდება 25%-დან 15%-მდე. განულდება საშემოსავლო გადასახადი დივიდენდებსა და პროცენტებზე.

გარდა ამისა, პარლამენტში აკრიტიკებენ პროექტით გათვალისწინებულ საგადასახადო რეფორმასაც. რადგან, მათი თქმით, ეს რეფორმა ვრცელდება მხოლოდ ცალკეულ პირებზე და არ გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.

"საერთო ჯამში, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან კარგი შეღავათები წესდება, მაგრამ წესდება მხოლოდ გარკვეული ორგანიზაციებისთვის. ჩვენი კონსტიტუცია კი გარკვეული ორგანიზაციებისთვის, გარკვეული პირებისთვის რაიმე შეღავათის დაწესებას კრძალავს. შეღავათი უნდა იყოს ყველასთვის. აქ კი პირდაპირ სწერია, რომ უნდა მოხდეს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება და იმათ შეუძლიათ, ამ შეღავათით ისარგებლონ. ამასთან, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ორგანიზაციას, რომელსაც თავისი მოგების მაქსიმუმ 10% აქვს საქართველოში მიღებული. გამოდის, რომ საუბარია უცხოურ ორგანიზაციებზე. რატომ არ შეიძლება, რომ ეს სტატუსი მოიპოვოს ქართველმა ინვესტორმა და ამ შეღავათით ისარგებლოს. სამწუხაროდ, აშკარად ითქვა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა განაპირობა იმან, რომ პრემიერ-მინისტრი ესაუბრა რამდენიმე სერიოზულ საფინანსო ორგანიზაციას და ამის გაკეთებას ისინი ითხოვენ. ანუ, ის ეჭვი, რომ კანონი იწერება რომელიღაცა პირისთვის და კანონის უკან შეიძლება ამოვიკითხოთ კონკრეტული გვარი და სახელი, ეს კეთდება ზუსტად ამისთვის", - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

აღსანიშნავია, რომ მის აზრს ლადო პაპავაც იზიარებს და აცხადებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

ფაქტია, რომ როდესაც საუბარია საგადასახადო რეფორმაზე, ტენდენციაა ასეთი: თუკი პირადად ბენდუქიძეს ეხება, მაშინ უნდა იყოს ლიბერალური და, თუკი თვითონ ხელმძღვანელობს, უნდა იყოს ყველაზე მკაცრი.

ამ პაკეტთან დაკავშირებით პირველი მოსმენის შემდეგ კენჭისყრის ჩატარება რამდენჯერმა გადაიდო. საქმე ისაა, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს არ იზიარებს, განსაკუთრებით - საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ ბენდუქიძეს აქვს კონფლიქტი პარლამენტთან, კანცელარიის თანამშრომლებთან, მინისტრებთან და საზოგადოებასთან. ცხადია, ეს არის ნაწილი მისი საქმიანობიდან. კახა ბენდუქიძემ "მთელ კვირასთან" საუბარი არ ისურვა. როგორც კი გაიგო, რომ გაზეთიდან ვურეკავდით, მოიმიზეზა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა. იმედია, სააკაშვილი მაინც შეეცდება, მოისმინოს ამ კითხვებზე პასუხი, საარჩევნოდ მაინც. ცხადია, თუკი თავად მისი და ბენდუქიძის ინტერესები არ ემთხვევა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com