"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

სახელისუფლო ბალანსის ცვლა პოსტ-ნოემბრის საქართველოში

სოფო ქვლივიძე

იმას, რომ ოპოზიციასთან დათმობებზე წასვლის შესახებ ხელისუფლების განწყობა ხშირად იცვლება, მმართველ პარტიაში სხვადასხვა გუნდების არსებობით ხსნიან. მაგალითად, ზოგიერთი დაჯგუფება დიალოგისა და ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მომხრეა. თუმცა მეორე ნაწილი დიალოგის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ რეალურ დათმობებზე წასვლის წინააღმდეგია. რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა "პირველთან" საუბარში აღნიშნა, რომ "3 გუნდად დაყოფილი ხელისუფლება, თავისი უტიფარი პოლიტიკით, ცეცხლს ეთამაშება."

ხელისუფლებაში სხვადასხვა დაჯგუფებების შესახებ მოსაზრება "ნაციონალებისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" ხელისუფლებაში მოსვლისა და მათი შერწყმის შემდეგ მუდმივად მუსირებს. მართალია, "პოლიტიკური სამკუთხედი" წლების განმავლობაში ერთიან გუნდად ჩამოყალიბებას ცდილობს, მაგრამ პერიოდულად მაინც ვრცელდება ინფორმაციები ხელისუფლების წიაღში არსებულ ჯგუფებს შორის გავლენის გადანაწილებისა და ფარული დაპირისპირების შესახებ. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ასეთი დაჯგუფებების არსებობა უფრო თვალსაჩინო გახადა. პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებას ზოგიერთი სახელისუფლებო გუნდი ეთანხმება, ხოლო ზოგიც - კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მოლაპარაკებების შეწყვეტიდან რამდენიმე დღით ადრე ბურჯანაძის კაბინეტში გიგა ბოკერიას გამოჩენამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლების მიერ შემუშავებული მემორანდუმი სწორედ ბოკერიას გუნდის გავლენით დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში სიტყვა "კონსესუსი" რამდენჯერმეა ნახსენები, ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

"რესპუბლიკელი" პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი ცდილობს ხელმძღვანელ თანამდებობებს ის ადამიანები ჩამოაცილოს, რომლებიც "თავისუფლების ინსტიტუტის" გუნდთან ასოცირდებიან. მას მაგალითად, კახა ლომაიას განათლების მინისტრობიდან გადაყენება მოჰყავს. არადა, ლომაიას ფიგურა ერთ დროს ისეთი ძლიერი იყო, რომ მას პრემიერობასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ.

"საუბარია ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელსა და ცესკოს თავმჯდომარეზე, დაზვერვიდან გაუშვეს "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი ანა ჟვანიაც. აშკარაა, რომ სააკაშვილმა ბოკერიას გარემოცვაზე გული აიყარა. აგრესიული პოლიტიკა და ხალხის გამწარება ბოკერიას გუნდიდან მოდიოდა და ეს წარუმატებელი იყო. სააკაშვილი რომ არაპოპულარულია საზოგადეობაში, ეს ამ გუნდის დამსახურებაა. ახლა ამ ჯგუფს იმის სურვილი აქვს, რომ პოლიტიკაში იტივტივოს. მგონია, რომ ისინი საერთოდ ჩამოსცილდებიან პოლიტიკას. თუმცა ამ ჯგუფს ჯერჯერობით გავლენა აქვს პარლამენტში და სააკაშვილი შიშობს, ისინი ოპოზიციაში არ გადავიდნენ," - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ამ ეპატზე ხელისუფლებაში კომპრომისულად იმ დაჯგუფებას განიხილავენ, რომლებიც ამ პარლამენტში "გაერთიანებული დემოკრატების" სიითა და მხარდაჭერით მოვიდნენ. ბოლო დროს ნინო ბურჯანაძის გავლენის გაძლიერებაზე საუბრობენ. პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის საპარლამენტო საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. ბურჯანაძემ დაადასტურა, რომ სააკაშვილისთვის ძლიერი დასაყრდენია. სავარაუდოდ, საპარლამენტო სიაშიც უფრო მეტს ჩაუსვამენ, ვიდრე ეს 4 წლის წინ იყო. მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბურჯანაძე "ვერ გაძლიერდება იმაზე უფრო, ვიდრე საჭიროა."

საყვარელიძის აზრით, ჟვანიას გუნდის ყოფილი წევრები პოლიტიკურად უფრო ელასტიკურები არიან და ოპოზიციასთან დათმობაზე წასვლას უჭერენ მხარს.

"როგორც აღნიშნავენ, "თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფი ისევ იმ პოზიციაზეა, რომ არაფრის დათმობა არ უნდა მოხდეს. ჟვანიას ყოფილი ჯგუფის წევრები უფრო ელასტიკურები არიან. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი. ამ ორ ვარიანტში ვისკენ გადაიხრება მმართველი ელიტა, ძნელი სათქმელია. მაინც მგონია, რომ "თავისუფლების ინსტიტუტის" პრინციპულობამ მოვლენები 7 ნოემბრამდე და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიყვანა," - აღნიშნავს საყვარელიძე.

ბურჯანაძის გაძლიერებაზე საუბრობს ზაქარეიშვილიც. მისი აზრით, საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილი "მასზე გარკვეულ გათვლას გააკეთებს." რაც შეეხება მაჭავარიანს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მაჭავარიანი ბოკერიას გუნდს ჩამოსცილდა და ბურჯანაძის საშუალებით სააკაშვილთან უფრო მეტად დაახლოებას ცდილობს.

"მაჭავარიანი ძლიერი ფიგურაა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ცოტა დაბნეულია. ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ის ბოკერიას გუნდს დაუახლოვდა, თუმცა, ვინაინად ამ გუნდის გავლენა შესუსტდა, ცდილობს ბურჯანაძის საშუალებით სააკაშვილს მიეკედლოს. მიუხედავად ამისა, მაჭავარიანს თავისი ხალხი ჰყავს და ეცდება, რომ ისინი პარლამენტში გაიყვანოს," - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება ლადო გურგენიძეს, მან ყველაზე პრიორიტეტული - სოციალური სფერო - თავის მეგობარს, სანდრო კვიტაშვილს ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეთაური გავლენიანი ფიგურაა და მინისტრთა კაბინეტიც, ბუნებრივია, მისი სურვილის გათვალისწინებით დაკომპლექტდა, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ გურგენიძეს თავისი პოლიტიკური გუნდი არ ჰყავს და შესაბამისი ამბიციაც არ გააჩნია ჯერჯერობით.

"გუგენიძე ოლიგარქია. ის ხელისუფლებაშია, მაგრამ პოლიტიკა არ აინტერესებს. მას თავისი გუნდი ჰყავს ბანკირების სახით. მოხდა ჩანაცვლება და გურგენიძის სახით ნოღაიდელი-2 მივიღეთ. ისევე როგორც ყოფილ პრემიერს, არც ამჟამინდელს აინტერესებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნა," - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება "ნაციონალური პარტიის" გენმდივანს, დავით კირკიტაძეს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ სტრუქტურას ხელმძღვანელობს, წინასწარი ინფორმაციით, მომავალ საპარლამენტო სიაში ჩასმას არ უპირებენ. მას, ბუნებრივია, ჰყავს თავისი გუნდი ახალგაზრდა "ნაციონალების" სახით, თუმცა ისინი ვერც ადრე ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს და, კულუარული ინფორმაციით, ვერც მომავალში შექმნიან.

რაც შეეხება კიდევ ერთ გამოკვეთილ ფიგურას, თბილისის მერს, გიგი უგულავას, მას "თავისუფლების ინსტიტუტის" გავლენიდან გამოსვლას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ თბილისში არჩევნების წაგების გამო, სააკაშვილი მისი კმაყოფილი ვერ იქნება.

"უგულავამ თბილისი "ჩააფლავა". დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი არ იქნება მისით კმაყოფილი, რადგან თბილისში არჩევნები სამარცხვინოდ წააგო. შესაძლოა, სააკაშვილი ცდილობდეს მის ჩამოქვეითებას, თუმცა უგულავას თავისი გუნდი ჰყავს და ამ წლების განმავლობაში გარკვეული გავლენის მოპოვებაც მოახერხა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "თავისუფლების ინსტიტუტს" ჩამოსცილდება, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ბუნებრივია, რომ უგულავას სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკური თამაშის დამოუკიდებლად გაგრძელების ამბიცია ექნება," - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com