"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

სოსო ცისკარიშვილი: შიმშილობა თავგანწირვის შემთხვევაში გაამართლებს

გიორგი ფუტკარაძე

"ორთვიან დაძაბულ აქციებს გაუფასურება უფრო ელის ვიდრე შედეგი," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას. პოლიტოლოგი შიმშილობის აქციას დადებითად აფასებს და ოპოზიციას ურჩევს, რაც შეიძლება მეტი თავგანწირულობა დაანახონ მსოფლიო საზოგადოებას.

რამდენად გაამართლებს შიმშილობის აქცია და წავა თუ არა ხელისუფლება დათმობებზე. - ამ საკითხზე სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრეთ.

სოსო ცისკარიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ყველაზე ჰუმანური ფორმაა, მაინც არ ვარ მოხარული, რომ შიმშილობა გახდა საჭირო. ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, რომ დაუდასტუროს საზოგადოებას, გადასინჯოს ყველა ის მახინჯი მხარე, რაც ახლდა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს და რეალურად აქციოს საპარლამენტო არჩევნები მეორე ტურად საკუთარი ლეგიტიმაციისთვის. სხვა შემთხვევაში იქმნება შეგრძნება, რომ არავითარ ძვრებს ხელისუფლება არ განახორციელებს. თუ ძველი მეთოდებით წავიდა სიტუაცია, მაშინ კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება.

"რეზონანსი": გაამართლებს შიმშლობის აქცია.

ს.ც: ჩვენს პლანეტაზე მიმდინარეობს მრავალი მწვავე პროცესი და, ცხადია, საქართველოს არ ექცევა სათანდო ყურადღება. რაც უფრო ყურადღების მიმქცევი იქნება აქცია, მით უფრო დაინახავს მსოფლიო საზოგადოება...

"რ": ანუ, თუ იქნება ხმაურიანი აქციები, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაამართლებს.

ს.ც: ხმაურიანს არ ვიტყოდი, უფრო თავგანწირული. ერის შიმშილობა ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ერს მარტივად ხმას ვერ ჩააკმედინებ.

"რ": ხელისუფლება რამდენად წავა დათმობებზე.

ს.ც: ესეც მათი გონების საზომად გამოდგება, მათ უნდა გაიხსენო, რასაცა გასცემ შენია და დღევანდელ სიტუაციასთან პარალელი გაავლონ. თუ დათმობენ, ისევ მათ წაადგებათ. სააკაშვილმა საკუთარი ლეგიტიმაციის ყველაზე დიდი შანსი დაკარგა მაშინ, როცა არ მოითხოვა დანიშნულიყო მეორე ტური. ის მოიგებდა და შევიდოდა დემოკრატიის სახელმძღვანელოებში. იმისთვის, რომ აუცილებელი ლეგიტიმურობის სტატუსი მოიპოვოს, 5 იანვარი აღარ უნდა განმეორდეს.

"რ": ოპოზიცია გეგმავდა 10 - დღიან აქციას, მაგრამ აღარ გაგრძელდა, ხომ არ ფიქრობთ, ეს მოხდა იმის გამო, რომ ხალხის ის რაოდენობა არ მივიდა, რასაც ელოდნენ.

ს.ც: ხალხი ბრძენია და საკუთარ თავს ასე მუდმივად გამოსაყენებელ საყრდენად ვერავის უძღვნის. დადგება პროტესტის გამოხატვის აუცილებლობა და ხალხი ათჯერ მეტი მივა. პირველი შეცდომა აქ იყო, რომ აქცია დაინიშნა სამუშაო დღეს, რადგან გადაწყვიტეს, რომ მათი კოლეგების მსგავსად ყველა მზად იყო სამსახურების მისატოვებლად. კარგია, რომ პროტესტის ახალი ფორმა იქნა შეთავაზებული.

"რ": რას ურჩევდით ოპოზიციას გაითვალისწინოს, რომ ამ შიმშილობის აქციამ გაამართლოს.

ს.ც: არ უნდა მოხდეს ზედმეტი აქციებით გატაცება, ისინი უნდა იყვნენ ჩართული ამ აქცებში, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომით უფრო მეტი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება. აქციები აუცილებელია, თუმცა მათი როლის გადაჭარბებით შეფასება არ შეიძლება. 2-3-თვიან დაძაბულ აქციებს გაუფასურება უფრო ელის, ვიდრე შედეგი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com